კადიროვის შვილი ერთადერთი ქალია, ვინც ჩეჩნეთის ქალთა უფლებების საბჭოში დაინიშნა
ჩეჩნეთში ქალთა უფლებების ახლადშექმნილ საბჭოში მხოლოდ ერთი ქალი დაინიშნა — აიშატ კადიროვა, ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის ქალიშვილი.
24 წლის კადიროვა, რესპუბლიკის კულტურის მინისტრიც იყო. 2 ოქტომბერს, კადიროვმა განაცხადა, რომ მისი შვილი სოციალურ საკითხებში" ვიცე-პრემიერად იყო წარდგენილი.
კადიროვა ჩეჩნეთის ხელმძღვანელის უფროსი შვილია. 2020 წელს ის კულტურის მინისტრის მოადგილე გახდა, 2021 წელს ამავე უწყების მინისტრი. ამ დროს 22 წლის იყო. ივლისში კი კულტურის მინისტრად მისი ქმარი, ვისხან მაწუევი დაინიშნა.
კადიროვას სანქცირებულია აშშ-ს, ევროკავშირისა და იაპონიის მიერ.
ქალთა უფლებების საბჭოს, ჩეჩნეთის ამჟამინდელი ვიცე-პრემიერი სოციალურ საკითხებში, ადამ ალხანოვი, ხელმძღვანელობს. ის კადიროვის მეორე შვილზე, ხადიჟატზეა დაქორწინებული.
რადიო თავისუფლების ცნობით, ქალთა უფლებების საბჭოში ასევე შედიან შრომის, დასაქმებისა და სოციალური განვითარების მინისტრი, უსმან ბაშიროვი; მისი მოადგილე, ტამერლან იბაკოვი; განათლების მინისტრი, ხოჟ-ბაუდი დააევი; ეროვნული პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობების, პრესისა და ინფორმაციის მინისტრი, ახმედ დუდაევი; ჯანდაცვის მინისტრი, სულეიმან ლორსანოვი; ფიზიკური აღზრდის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის მინისტრი, ისა იბრაგიმოვი.
რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS, მაისში წერდა, რომ რუსეთის მთავრობამ ქალთა უფლებების გასაუმჯობესებლად 2023-2030 წლებში, სტრატეგია დაამტკიცა. გეგმა ეხებოდა ქალთა ჯანმრთელობას, სოციალურ საკითხებს, ქალთა როლის ზრდას საზოგადოებაში, ქალთა მონაწილეობის გაფართოებას რუსეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში და ქალთა "სოციალურ-პოლიტიკური პოზიციების" განმტკიცებას.
სისტემატური დარღვევები
ჩეჩნეთში ქალთა უფლებები ხშირად და სასტიკად ირღვევა. ხელისუფლება ფარავს მსგავს დარღვევებს ან თავადვე აქტიურად მონაწილეობს მასში.
უფლებადამცველი ორგანიზაციები საუბრობენ ოჯახში ძალადობის, მკვლელობის, დედათა უფლებების დარღვევის, დევნის, "საპატიო მკვლელობებისა" და სასქესო ორგანოების იძულებითი დასახიჩრების ხშირ შემთხვევებზე.
რუსეთში მომუშავე უფლებადამცველთა ჯგუფმა, Stichting Justice Initiative 2018 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში "საპატიო მკვლელობის" შესახებ გამოაქვეყნა კვლევა, სადაც აღინიშნა, რომ ეს თემა ტაბუდადებულად დარჩა და ფართოდ განიხილებოდა, როგორც "კერძო ოჯახური საკითხი". 2012-2017 წლებში ჩეჩნეთში "საპატიო მკვლელობების" 9 ცნობილი შემთხვევა მოხდა.
რუსეთში დაფუძნებული, Crew Against Torture-ის კვლევის მიხედვით, 2009-2020 წლებში, 73 დაზარალებულის წინააღმდეგ 58 მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა.
ხშირია შემთხვევები, როცა ქალები ტოვებენ თავიანთ სახლებს და დახმარებას უფლებადამცველი ორგანიზაციებისგან ითხოვენ. ბევრი მათგანი ადგილობრივი და ჩეჩნური სამართალდამცავი ორგანოების დახმარებით გაიტაცეს და უკან, ჩეჩნეთში დააბრუნეს.
აგვისტოს ბოლოს, სედა სულეიმანოვა, ჩეჩნეთიდან გაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ეშინოდა, რომ საკუთარი ოჯახი მოკლავდა. რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის პეტერბურგიდან გაიტაცეს და გროზნოში გადაიყვანეს, იქ კი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
ჩეჩენი ადამიანის უფლებათა კომისარი, მანსურ სოლტაევი ესაუბრა სულეიმანოვას და ამტკიცებდა, რომ ის კარგად იყო. სამოქალაქო აქტივისტებმა კი განაცხადეს, რომ მას ჩეჩნეთში სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა.
ივლისში ელზა მუსაევა ანალოგიურად, სტერლიტამაკიდან, დასავლეთ რუსეთიდან, გაიტაცეს. ის ჩეჩნეთიდან უფლებადამცველების დახმარებით გაიქცა. ჩეჩნეთში გადაყვანის შემდეგ მუსაევამ ვიდეო გადაიღო, რომელშიც უფლებადამცველებს მისი ძებნის შეწყვეტას სთხოვდა.
ქალები ასევე ხშირად შვილებზე მეურვეობისა და წვდომის პრობლემას აწყდებიან. ჩეჩნეთში მიღებულია, რომ განქორწინების შემთხვევაში ბავშვი მამასთან, მამის ოჯახში რჩება.
პროექტ Motherless Caucasus-ის ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩრდილო კავკასიელი ქალების 80%-მა იცის, რომ განქორწინების შემდეგ შვილებზე მამის ოჯახის მეურვეობის ტრადიციაა. რესპონდენტთა 17%, პირადად იდგა შვილების წაყვანის რისკის წინაშე.
2014 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში ჩატარებულმა გამოკითხვამ ქალთა უფლებების დარღვევის შესახებ აჩვენა, რომ კითხვაზე — "პირადად იცნობთ თუ არა ქალებს, რომლებსაც ქმარი რეგულარულად სცემს?" — ჩეჩნეთში ქალების 92,8%-მა დადებითი პასუხი გასცა. ასევე კვლევაში ნათქვამია, რომ ოჯახურ ძალადობაზე მომჩივანი ქალების საქმეების 87%-ში სამართალდამცავმა ძალებმა უარი თქვეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები