NASA-ს მავალმა მარსზე მტვრის ქარბორბალა გადაიღო — ნახეთ გასაოცარი კადრები
NASA-ს მიერ მარსზე გაშვებულმა მავალმა Perseverance წითელ პლანეტაზე მტრის ქარბორბალა დააფიქსირა. ეს ფენომენი ხშირია დედამიწის ისეთ რეგიონებშიც, სადაც უდაბნოებია.
აპარატმა ამ ფენომენის ამსახველი ვიდეო 30 აგვისტოს, ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე მდებარე ეზეროს კრატერის დასავლეთ კიდესთან გადაიღო. კადრებში ვხედავთ, როგორ გადაადგილდება პლანეტის ზედაპირის შედარებით შემაღლებულ არეალში ქარბორბალა.
მისიაზე მომუშავე მეცნიერებმა ზემოხსენებულ წარმონაქმნსა მარსმავალს შორის არსებული დისტანციაც გამოითვალეს. აღმოჩნდა, რომ ის Perseverance-ისგან დაახლოებით 4 კილომეტრის მოშორებით, 19 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა.
რაც შეეხება ქარბორბალას მახასიათებლებს, ის თითქმის 60 მეტრი სიგანის იყო. სპეციალისტებმა მისი სიმაღლეც დაადგინეს, მიუხედავად იმისა, რომ ზედა მხარე კადრებში არ მოხვედრილა. ჩანდა მხოლოდ ქვედა 118 მეტრი.
"მტვრის ქარბორბალას ზედა ნაწილს ვერ ვხედავთ, მაგრამ მისი ჩრდილი სიმაღლის შესახებ საკმარის ინფორმაციას გვაწვდის.
უმეტესობა ვერტიკალური სვეტებია. თუ ქარბორბალას ამგვარ კონფიგურაციას შევუსაბამებთ, მისი ჩრდილი მიგვახვედრებს, რომ ის დაახლოებით 2 კილომეტრი სიმაღლისაა", — აცხადებენ მეცნიერები.
აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს აპარატმა მტვრის ქარბორბალას სულ 21 სურათი გადაუღო, რისთვისაც სანავიგაციო კამერები გამოიყენა. სპეციალისტებმა ეს ფოტოები გააერთიანეს და ფენომენი მოძრაობაში გვაჩვენეს, თუმცა ამისთვის კადრები 20-ჯერ უფრო ააჩქარეს.
Perseverance 45-კილომეტრიან ეზეროს კრატერში 2021 წლის თებერვალში დაეშვა. იქ ადრე ტბა და მდინარის დელტა იყო, ამიტომ მავალი სიცოცხლის კვალის მოძებნას ცდილობს. ის ქვებისა და გრუნტის ნიმუშებსაც აგროვებს, რომლებსაც სხვა ხომალდების დახმარებით დედამიწაზე გამოვგზავნით.
მისიის განმავლობაში Perseverance-სს წითელ პლანეტაზე მტვრის მრავალი ქარბორბალა აქვს დაფიქსირებული. 2021 წლის სექტემბერში მან ასეთი მოვლენისას ხმებიც კი ჩაიწერა, რაც პირველი მსგავსი შემთხვევა იყო. ეს დაკვირვებები მარსის ატმოსფეროში მიმდინარე პროცესების უკეთ გაანალიზებაში გვეხმარება.
კომენტარები