მთიანი ყარაბაღი აღდამის გავლით რუსული ჰუმანიტარული დახმარების მიღებას დათანხმდა — რა ხდება
მთიანი ყარაბაღის მთავრობამ შაბათს განაცხადა, რომ აზერბაიჯანის კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით რუსეთის წითელი ჯვრისგან ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებენ. განცხადება ახალი პრეზიდენტის არჩევიდან რამდენიმე საათის შემდეგ გაკეთდა.
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი კვირების განმავლობაში უბიძგებდა მთიან ყარაბაღს, დახმარება აღდამ-სტეფანაკერტის გზის გავლით მიეღო და აგვისტოს ბოლოს კოლონაც გაგზავნა, სტეფანაკერტის მთავრობა იმეორებდა, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას მხოლოდ ლაჩინის დერეფნის გავლით მიიღებდა.
- გაიგეთ მეტი: აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღისკენ მიმავალი ფრანგული ჰუმანიტარული კოლონა არ გაატარა და საკუთარი გაგზავნა
რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ეროვნული უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი სამველ შაჰრამანიანი პრეზიდენტად აირჩიეს, მთიანი ყარაბაღის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტომ განაცხადა, რომ "მწვავე ჰუმანიტარული პრობლემების" გამო აღდამ-სტეფანაკერტის გზის გავლით მიწოდებულ დახმარებას მიიღებდნენ.
შაჰრამანიანმა არაიიკ ჰარუთუნიანი შეცვალა, რომელიც 31 აგვისტოს გადადგა და განაცხადა, რომ მისი დარჩენა ამ როლში შეიძლება აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში დამაბრკოლებელი ყოფილიყო.
განცხადების მიხედვით, რუსეთის მთავრობამ ჰუმანიტარული დახმარების გაწევაზე ინიციატივა წამოაყენა, მთიანი ყარაბაღის მთავრობამ კი მიიღო, რადგან აზერბაიჯანის მიერ ბლოკადით გამოწვეული ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტაა საჭირო.
იქვე აღნიშნულია, რომ ამავე დროს მიღწეულია შეთანხმება, რუს სამშვიდობოებსა და წითელ ჯვარს მიეცეს საშუალება, განაახლონ ჰუმანიტარული დახმარების ტრანსპორტირება ლაჩინის დერეფნის გავლით, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.
მოგვიანებით, იმავე ღამით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თანაშემწემ, ჰიკმათ ჰაჯიევმა მედიას განუცხადა, რომ რუსეთის წითელი ჯვრის დახმარების გაგზვნა აღდამის გზის გავლით აზერბაიჯანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებასთან კოორდინაციით მოხდება.
"ეს არის ცალკე შეთანხმება და არ უნდა აგვერიოს ICRC-ის წინადადებაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის აღდამ-ხანკენდის [სტეპანაკერტის] და ლაჩინი-ხანკენდის გზების ერთდროულად გახსნის შესახებ", — თქვა ჰაჯიევმა.
მანვე დასძინა, რომ სტეფანაკერტის მთავრობამ "უარი თქვა" აღდამისა და ლაჩინის გზების ერთდროულად გახსნაზე და იმაზე, რომ თუ ლაჩინის გზა გაიხსნებოდა, აუცილებლად აზერბაიჯანის "საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი" იქნებოდა დაცული.
ორშაბათს საღამოს სომხურმა და აზერბაიჯანულმა მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსული წითელი ჯვრის სატვირთო მანქანა ისევ აღდამის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბარდაში იმყოფებოდა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, რუსეთის წითელი ჯვარი ელოდებოდა ჟენევაში მდებარე წითელი ჯვრის შტაბ-ბინის თანხმობას მთიან ყარაბაღში აღდამის გავლით შესასვლელად, რადგან მას მხოლოდ ლაჩინის გზის გავლაზე ჰქონდა თანხმობა.
სომეხმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ტიგრან აბრაჰამიანმა ორშაბათს სომხურ მედიას განუცხადა, რომ დახმარების მიწოდება შეფერხდა, რადგან აზერბაიჯანმა გზების გახსნასთან დაკავშირებით ახალი პირობები შემოიღო.
"[აზერბაიჯანი] სთავაზობს მხოლოდ აღდამის გზის გახსნას და რუსული სატვირთოს გარდა აზერბაიჯანული [წითელი ნახევარმთვარის] სატვირთო მანქანების შესვლას არცახის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ბუნებრივია, ეს არ იყო მისაღები არცახის [მთიანი ყარაბაღის] ხელისუფლებისთვის", — განაცხადა აბრაჰამიანმა.
აზერბაიჯანული წითელი ნახევარმთვარის მანქანები ასკერანში კონტაქტის ხაზზე დგანან.
ლაჩინის დერეფანი, ერთადერთი გზა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს, 2022 წლის დეკემბრიდან გადაკეტილია, ივნისიდან კი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეწყდა.
აზერბაიჯანმა ლაჩინის გზის გავლით რეგიონისთვის დახმარების მიწოდების მრავალი მცდელობა დაბლოკა, შეაჩერა სომხური დახმარების მიწოდება ივლისში და ორი ფრანგული ჰუმანიტარული კოლონა აგვისტოში.
სამოქალაქო ხელშეშლა
18 ივლისს, მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებლები აღდამ-ასკერანის გზაზე ბარიერის დასადგმელად შეიკრიბნენ, რითაც წინააღმდეგობა გამოხატეს აზერბაიჯანის წინადადებაზე, რეგიონს ჰუმანიტარული დახმარება ბაქოდან მიეღო. 29 აგვისტოს ისინი ასკერანის შესასვლელთან მდებარე პუნქტში დაბრუნდნენ, მას შემდეგ რაც აზერბაიჯანმა ბაქოდან ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი გაგზავნა.
კვირას სომხურმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მთიანი ყარაბაღის სომხები აღდამის გზის დაბრკოლებას აგრძელებდნენ.
ერთ-ერთმა მონაწილემ Civilnet-ს განუცხადა, რომ მიზანი იყო აზერბაიჯანის ტერიტორიიდან მთიან ყარაბაღში ნებისმიერი ტვირთის შესვლის აღკვეთა.
"აზერბაიჯანი ეცდება აჩვენოს, რომ არცა არ არის ბლოკადაში და გვაიძულებს, რომ არცახის მთელი საკვები მარაგი აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით შემოვიდეს".
მათ ასევე განაცხადეს, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები მივიდნენ და აქციის მონაწილეებს უთხრეს, თუ აღდამის გზა გაიხსნებოდა, მაშინვე გაიხსნებოდა ლაჩინის დერეფანიც. ხოლო თუ ამ გზით საქონელს ვერ მიიღებდნენ, შესაძლებელი იყო აზერბაიჯანის მხრიდან კონფლიქტის ესკალაცია საზღვარზე და სრულმასშტაბიანი ომის დაწყება.
ორშაბათს ნაშუადღევს, გერმანიის საელჩომ ერევანში განაცხადა, რომ წითელ ჯვარს გადასცემს 2 მილიონ ევროს (2,1 მილიონი აშშ დოლარი) "რეგიონში სიცოცხლის გადასარჩენად".
"მნიშვნელოვანია, რომ დახმარება ახლა მივიდეს, რის გამოც ჩვენ ვცდილობთ, გავხსნათ ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობა", — ნათქვამია ტვიტერის პოსტში.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები