სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.

აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკადიდან რამდენიმე თვეში მთიან ყარაბაღში საკვები და სამედიცინო მარაგი იწურება. მარაგების შემცირების პარალელურად რეგიონი ცხრათვიანი ბლოკადის ყველაზე კრიტიკულ ფაზაში შედის.

69 წლის ლარისა მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტში ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გადავიდა. მის სოფელზე, ჰადრუტის რეგიონში განლაგებულ თოღზე კონტროლი აზერბაიჯანმა აიღო.

"მრავალ ტანჯვას შევესწარი", — ეუბნება ლარისა OC Media-ს, —"ჩემი 18 წლის ბიჭი ყარაბაღის პირველ ომში დაიღუპა, ჩემი ძმა დაკარგულია. სრულიად მარტო ვარ. მეზობლებმა ტელევიზორი მაჩუქეს, მაგრამ გაფუჭდა და სამყაროსთან კავშირის გარეშე დავრჩი".

ახლა, როცა აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზას აკონტროლებს, საიდანაც მარაგების დიდი ნაწილი შემოდიოდა რეგიონში, ლარისას მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.

"დილის შვიდ საათამდე ვიდექი პურის რიგში ვიყავი; ხალხი ერთმანეთს ხელს ჰკრავდა, ჩხუბობდნენ, ურტყამდნენ", — ამბობს ლარისა, — "იმდენად აუტანელია, რომ მირჩევნია, შიმშილით მოვკვდე, ვიდრე იქ მთელი ღამე ვიდგე".

ასაკის მატებასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად, პურის რიგში დგომა ფიზიკურადაც უჭირს. მისი თქმით, პური ერთადერთია, რაც რეგიონში დარჩა.

"ჩემს სოფელში წასვლა მინდა. ნებისმიერ ადამიანთან ერთად ვიცხოვრებ, აზერბაიჯანელთან, სომეხთან და რუსთანაც", — ამბობს ლარისა თოღის გახსენებისას, — "სულ ერთია, ვინ გააკონტროლებს სოფელს, სახლში მინდა ვიყო. ამ ნესტიან სარდაფში ცხოვრება აღარ შემიძლია".

რიგში გატარებული დღეები

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონს ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიც აქვს, საწვავის ნაკლებობამ და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუდმივმა შეზღუდვამ დასახლებები ერთმანეთისაგან გათიშა და პროდუქტების გადატანა შეუძლებელი გახადა. შედეგად, მაღაზიები და სუპერმარკეტები სტეფანაკერტში უკვე თვეებია, დაკეტილია.

როცა დახლებზე პური ბრუნდება, მაშინვე ჩნდება ასობით ადამიანისაგან შემდგარი რიგი, სადაც მოქალაქეები მთელი დღე დგანან, რათა პროდუქტი შეიძინონ.

"პურის რიგიდან დღეს დილის 4-ზე დავბრუნდი", — ამბობს ანა სარქისიანი, ორი შვილის მარტოხელა დედა, — "მთელი ღამე იქ ვიდექი პატარა ბავშვით ხელში".

ანას არც წამლების ფული აქვს თავისთვის და ორი შვილისათვის.

ანა სარგსიანი ორი წლის შვილთან, ერიკთან ერთად

ფოტო: Marut Vanyan / OC Media

სურსათის, საწვავის და მედიკამენტების დეფიციტთან ერთად, გვალვის გამო რეგიონს წყლის დეფიციტიც შეექმნა. გარდა იმისა, რომ მოსახლეობა საყოფაცხოვრებო საქმეებისთვის საჭირო წყლის გარეშე დარჩა, ამ ფაქტორმა ელექტროენერგიის არსებული დეფიციტი კიდევ უფრო გაამწვავა.

სომხეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება იანვრის დასაწყისიდან შეჩერებულია — მას შემდეგ, რაც მსხვილი ელექტროკაბელები დაზიანდა. მთიანი ყარაბაღის უმსხვილეს წყლის რეზერვუარში არსებული მარაგები უპრეცედენტოდ დაბალია. თუ არაფერი შეიცვალა, ზამთარში მდგომარეობა მხოლოდ გამწვავდება.

ფოტო: Marut Vanyan / OC Media

მთიანი ყარაბაღის მოსახლეობამ, რომელიც დაახლოებით 120 000-ს შეადგენს, ბოლოს ჰუმანიტარული დახმარება რუსეთის სამშვიდობო ძალების გავლით 15 ივნისს მიიღო. მას შემდეგ რეგიონში საკვები და წამალი არ შესულა. აზერბაიჯანის სასაზღვრო ძალებმა გზა გადაუკეტეს როგორც სამშვიდობო ძალებს, ასევე — წითელ ჯვარს.

სომხეთის მთავრობის მცდელობა, ლაჩინის დერეფნის გავლით მიეწოდებინა დახმარება მოსახლეობისთვის, წარუმატებლად დასრულდა. სატვირთო მანქანები დერეფნის შესასვლელთან ერთ თვეზე მეტ ხანს იდგნენ.

ბოლო მარაგებიც იწურება

რუსი სამშვიდობოები და წითელი ჯვარი რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელი ერთადერთი ძალები არიან. ივნისის შუა რიცხვებიდან მათ რეგიონში ოპერირება აეკრძალათ. ამას წინ მორიგი დაპირისპირება უძღოდა.

მოგვიანებით წითელმა ჯვარმა შეძლო, პაციენტები სომხეთში გადაუდებელი სამედიცინო პროცედურების ჩასატარებლად გადაეყვანა, თუმცა ადგილობრივებისათვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება კვლავაც შეუძლებელ მისიად რჩება.

დაკეტილი სუპერმარკეტი

ფოტო: Marut Vanyan/OC Media

ეთერი მუსაელიანმა, მთიან ყარაბაღში წითელი ჯვრის წარმომადგენელმა, OC Media-ს განუცხადა, რომ ამჟამად შეუძლებელია მთიან ყარაბაღში საკვების ან მედიკამენტების შეტანა.

მუსაელიანმა დასძინა, რომ წითელმა ჯვარმა დეკემბრიდან მოყოლებული ჰუმანიტარული დახმარების თითქმის 10 000 პაკეტი დაარიგა, მაგრამ ორგანიზაციამ ბოლო წამალი რეგიონში 7 ივლისს შეიტანა.

27 აგვისტოს სტეფანაკერტის ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ხორბლისა და ფქვილის სახელმწიფო მარაგი მალე ამოიწურებოდა და ხორბლის მწარმოებელ მოსახლეობას მოუწოდა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მიემართათ.

"მოგიწოდებთ ყველას, გულგრილობის ნაცვლად, გამოავლინოთ ერთიანობა და თანაგრძნობა და ხორბლის მარაგები სახელმწიფოს მიყიდოთ, რათა დედაქალაქში მცხოვრებ თანამემამულეებს დავეხმაროთ", — წერდა სამინისტრო.

ერთი კვირის შემდეგ მთიანი ყარაბაღის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურმა გამოაცხადა, რომ რეგიონის მაცხოვრებლებს პური მხოლოდ ვაუჩერით გადაეცემოდათ. აუცილებელი იქნებოდა ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სპეციალური იდენტიფიკატორის წარდგენა. ერთ ადამიანზე პურის შესაბამისი რაციონი 200 გრამით განისაზღვრა.

მთიანი ყარაბაღის ადამიანის უფლებათა დამცველის 25 აგვისტოს ანგარიშში წერია, რომ მოსახლეობა "შიმშილისა და გამოფიტვის უდავო საფრთხის წინაშე დგას". მთავრობის ნაბიჯებით შესაძლებელი გახდა, რომ პურზე მოთხოვნა 50-60%-ით დაკმაყოფილებულიყო.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პრობლემა განსაკუთრებით გაამწვავა აზერბაიჯანის ჯარების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და მათზე მომუშავე მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებამ. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ არსებული კრიზისის მთავარი გამომწვევი მიზეზი მაინც სომხეთიდან იმპორტის შეჩერებაა. ლაჩინის დერეფნის ბლოკირებამდე მთიანი ყარაბაღი ფქვილის 65%-ზე მეტს სომხეთიდან იღებდა.

უფლებადამცველი ასევე აღნიშნავს, რომ პურის ქარხნები ელექტროენერგიისა და საწვავის დეფიციტის გამო ვეღარ აგრძელებენ ფუნქციონირებას, საცხობები კი მოთხოვნის შესაბამისი პროდუქტის წარმოებას ვერ გასწვდებიან.

შედეგებს მოსახლეობა უფრო და უფრო მწვავედ გრძნობს.

15 აგვისტოს მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სტეფანაკერტში 40 წლის მამაკაცი შიმშილით გარდაიცვალა. რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო საავადმყოფოების მონაცემებით, ბლოკადის დაწყების შემდეგ ნაყოფის ნაადრევად დაკარგვის შემთხვევები გაორმაგდა, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები კი არასწორი კვებისა და მედიკამენტების დეფიციტის შედეგად ყველაზე დიდი რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.

ცარიელი კარადები სტეფანაკერტის საავადმყოფოში

ფოტო: Marut Vanyan / OC Media

მიუხედავად დასავლეთისა და საერთაშორისო სასამართლოს მოწოდებისა, აზერბაიჯანის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ უგულებელყვეს შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო 7 აგვისტოს განცხადებაში გაეროს სპეციალურ მომხსენებლებსა და ექსპერტებს ბრალს დებდა "სომხეთის მანიპულაციების დაჯერებასა და მიკერძოებული პოზიციის გავრცელებაში".

Washington Post-ის სტატიაში ნათქვამია, რომ სომხები მთიან ყარაბაღში გადარჩენას მხოლოდ საკუთარ მცირე ბაღებში მოყვანილი პროდუქტების დახმარებით ახერხებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად შიმშილის საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება.

ბაქო სულ უფრო მტკიცედ მოუწოდებს მთიან ყარაბაღს, ჰუმანიტარული დახმარება აზერბაიჯანიდან, აღდამის გზის გავლით მიიღოს. 30 აგვისტოს აზერბაიჯანმა სცადა, 40 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი შეეტანა რეგიონში, პარალელურად კი ფრანგულ და სომხურ დახმარების კოლონებს ბლოკავდა.

აზერბაიჯანის წინადადებაზე როგორც სომხეთის, ასევე მთიანი ყარაბაღის ოფიციალურმა პირებმა უარი განაცხადეს. მათი თქმით, ეს სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის კავშირის სრულად გაწყვეტაზე მეტყველებს.

იმავე დღეს, როცა აზერბაიჯანის დახმარების კოლონა რეგიონს მიადგა, მთიანი ყარაბაღის პარლამენტის სპიკერმა დავით იშხანიანმა განაცხადა, რომ სტეფანაკერტმა გადაწყვიტა, "ეს გზა არ გაეხსნა".

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ლაჩინის დერეფანი მხოლოდ იმ პირობით გაიხსნება, თუ მოძრაობა აღდამის გზის გავლითაც აღდგება.