პარლამენტის თავმჯდომარე OC Media-ს "მიკერძოებულ გაშუქებაზე" ბრალდებებით პასუხობს
მას შემდეგ, რაც OC Media-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მისი ნააზრევის გამოქვეყნებაზე უარის გამო მედიის დონორებს დაუკავშირდა, პაპუაშვილმა პირდაპირ OC Media მიმართა და პარტიის თავმჯდომარის მსგავსად, საკუთარი ქმედებები დაიცვა.
13 სექტემბერს, OC Media-სთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც სრულად არის გამოქვეყნებული სტატიის ბოლოს, შალვა პაპუაშვილმა ორგანიზაცია დაადანაშაულა "მიკერძოებულ ჟურნალისტიკასა" და სუსტი ჟურნალისტური სტანდარტების ქონაში.
- გაიგეთ მეტი: შალვა პაპუაშვილმა OC Media-ს დონორებზე ზეწოლა სცადა მას შემდეგ, რაც მოსაზრება არ გამოუქვეყნეს.
მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ გააძლიერა პაპუაშვილის ჩარევა, მედიის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, მედიაომბუდსმენმა განაცხადა, რომ თვითონაც ყოფილან ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ზეწოლის ობიეტი.
მედიაომბუდსმენის დირექტორი, ნათია კაპანაძე ამტკიცებდა, რომ ადრე, საქართველოს ეროვნული კომინიკაციების კომისიის [GNCC] ხელმძღვანელი, კახა ბექაური დაუკავშირდა მათ დონორებს, რათა წაეხალისებინა ისინი, რომ შეეწყვიტათ ფინანსური მხარდაჭერა.
ნათია კაპანაძემ არ დაასახელა არცერთი დონორი ორგანიზაცია და OC Media-ს უთხრა, რომ შემთხვევა 2021 წელს მოხდა.
"მე პირადად მქონია შემთხვევა, როცა კომინიკაციების კომისიის ხელმძღვანელმა — და მე ვიცი ამის შესახებ — პირადად მისწერა ჩემ დონორს და სთხოვა, შეეჩერებინა [ჩვენი] დაფინანსება, რადგან ჩვენ [...] წლების განმავლობაში ვიყავით კრიტიკულები კომუნიკაციების კომისიის საქმიანობაზე", — უთხრა კაპანაძემ ფორმულას.
2021 წლიდან მედიაომბუდსმენი ფუნქციონირებს, როგორც სადამკვირვებლო ჯგუფი, რომელიც ამონიტორინგებს და ეხმაურება საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, GNCC-ის გადაწყვეტილებებს. გარდა ამისა, მედიაომბუდსმენი სამართლებრივად წარადგენს 24 ჟურნალისტს, რომლებსაც პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა და სამართალდამცველებმა მარტში უცხოელი აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში შეუშალეს ხელი.
მედიაომბუდსმენის შექმნამდე, ნათია კაპანაძე გაათავისუფლეს აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან — როგორც სხვები და ისე თავადაც აცხადებს, რომ ეს პირდაპირ იყო დაკავშირებული ხელისუფლების ზეწოლის გაძლიერებასთან აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე: პაპუაშვილი მოქმედებდა "მკაცრი ცენზურის" წინააღმდეგ
მმართველი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეაქო პაპუაშვილის ქმედებები, მას შემდეგ, რაც მას კითხვები დაუსვეს პაპუაშვილის გადაწყვეტილებაზე, გაეკრიტიკებინა OC Media-ს სარედაქციო გადაწყვეტილებები ორგანიზაციის დონორებთან.
კობახიძემ, რომელიც კონსტიტუციონალისტია, გაიმეორა პაპუაშვილის მტკიცება, თითქოს მმართველი პარტიის პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცადა "ცენზურა", როცა OC Media-მ უარი თქვა მისი მოსაზრების გამოქვეყნებაზე.
"შალვა პაპუაშვილი ძალიან კარგად მოიქცა. როდესაც არსებობს ცენზურა კონკრეტულ მედია-გამოცემებში — და ძალიან მკაცრი, აბსოლუტურად წარმოუდგენელი ფორმებით — დონორებს, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ამის შესახებ".
კობახიძე თავადაც ყოფილა გაკრიტიკებული ქართულ მედიასთან პრობლემური ურთიერთობის გამო, განსაკუთრებით 2019 წელს, ოპოზიციასთან დაკავშირებულ ტელეარხ პირველთან ჩაწერილი მწვავე ინტერვიუს გამო. 2019 წლიდან მოყოლებული, მმართველი პარტია სულ უფრო ხშირად ამბობდა უარს დამოუკიდებელ და ოპოზიციურ მედია არხებთან ურთიერთობაზე.
თებერვლიდან მოყოლებული, ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა არაერთხელ დაადანაშაულეს დასავლელი დონორები საქართველოში "ექსტრემიზმის" და "პოლარიზაციის" დაფინანსებაში — რაც მიუთითებს ქართული ოცნების ხელისუფლების კრიტიკაზე ლიბერალური ჯგუფების მიმართ. ამავდროულად, როგორც ქართულმა სადამკვირვებლო ჯგუფმა, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, მთავრობას შენარჩუნებული აქვს ლმობიერი პოლიტიკა ნამდვილი ექსტრემისტებისა და "ულტრამემარჯვენე ძალადობრივი ჯგუფების" მიმართ.
12 სექტემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, დაგმო პაპუაშვილის წერილი OC Media-ს დონორებისთვის როგორც, "კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება პრობლემა შეუქმნას თავისუფალ მედიას".
"მოვუწოდებთ მმართველ პარტიას შეწყვიტოს თავისუფალი, მიუკერძოებელი მედიის დევნა და ხელი შეუწყოს თავისუფალი მედიის მუშაობასა და უსაფრთხოებას".
მომდევნო დღეს, პაპუაშვილი ასევე გააკრიტიკეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, სალომე სამადაშვილმა [ლელო], ანა ბუკუჩურმა [საქართველოსთვის] და პაატა მანჯგალაძემ [სტრატეგია აღმაშენებელი]. ბუკუჩურმა ეს შეაფასა პარტიის შეცდომად, რომელიც ემყარებოდა ვარაუდს, რომ მათ შეეძლოთ ჩარეულიყვნენ საერთაშორისო მედიებში ისე, როგორც ამას აკეთებენ ადგილობრივ მედიასთან.
"წარმოიდგინეთ, რა საშინელ მდგომარეობაში უნდა იყოს ამ ქვეყნის მმართველი პარტია, რომ იხდიდეს თანხას სტატიების დასაწერად [მათთვის] და ვერ პოულობდეს საერთაშორისო რეპუტაციის მქონე გამოცემას, რომელიც მზად იქნება გამოაქვეყნოს პაპუაშვილის ტყუილები", — თქვა სამადაშვილმა.
ოფიციალური პასუხი "ფაქტობრივად უცნობ" მედიას
მას შემდეგ, რაც ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის OC Media-ს დონორებთან კომინიკაციის შესახებ ფართოდ გაშუქდა ადგილობრივ მედიაში, პაპუაშვილის ოფისი დაუკავშირდა OC Media-ს და მოითხოვა, რომ მისი პასუხი გამოექვეყნებინათ. დაუმუშავებელი ტექსტი სრულად არის წარმოდგენილი ბოლოში.
თავის წერილში პაპუაშვილმა უარყო ბრალდება იმის შესახებ, რომ ცდილობდა OC Media-ზე გავლენის მოხდენას ან მათ დასჯას, მათ დონორ ორგანიზაციებთან დაკავშირების გზით. გამოცემა დაახასიათა, როგორც "ონლაინ პლატფორმა, რომელმაც [დაიკავა] განუზომლად პატარა სივრცე ქართულ მედიაში" და "ფაქტობრივად უცნობია" საზოგადოებისთვის.
მას შემდეგ, რაც უარი თქვა OC Media-სთან ინტერვიუზე, პაპუაშვილი გადავიდა საქართველოს მთავრობის შექებაზე მათი გამოცდილებისთვის მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მისმა პარტიამ "ქვეყანაში მომუშავე ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს მოუტანა უპრეცედენტო თავისუფლება და პლურალიზმი".
ბოლო წლებში, რაც მოიცავს პაპუაშვილის პარლამენტის სპიკერად ყოფნის პერიოდსაც, საქართველო მნიშვნელოვნად დაეცა Reporters Without Borders-ის მედიის თავისუფლების რეიტინგში — 2021 წლის მე-60-დან, 2023 წელს 77-ე ადგილზე გადავიდა.
გაუარესების ტენდენცია დაადასტურა საერთაშორისო მედიის ადვოკატირების ჯგუფმაც, რომელმაც 2021 წლის ანგარიშში საქართველო "ღიადან" "ნაკლებად შეზღუდულზე" გადაიყვანა.
მსგავსი გზავნილები საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებასთან დაკავშირებით განმეორდა სხვა ჯგუფების ანგარიშებსა და განცხადებებშიც, მათ შორის იყო ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი [CPJ], Reporters without Borders, Amnesty International და Freedom House.
ქვემოთ, OC Media მკითხველს სთავაზობს პარლამენტის სპიკერის, პაპუაშვილის წერილს, რომელიც არ არის რედაქტირებული:
"წერილი რედაქტორს:
12 სექტემბერს, თქვენს სარედაქციო სტატიაში დამადანაშაულეთ "აშკარა მცდელობაში გავლენა მომეხდინა ან დამესაჯა გამოცემა მოსაზრების გამოქვეყნებაზე უარის თქმის გამო". არაფერი შეიძლება იყოს უფრო შორს სიმართლისგან და მინდა განვმარტო, რატომ არის თქვენი განცხადებები პრობლემური თქვენივე პრინციპებისა და ღირებულებების თვალსაზრისით.
მედიის თავისუფლება საქართველოსა და მმართველი პარტია ქართული ოცნებისთვის შეუფასებელი ღირებულებაა. მედია გარემომ, რომლის შექმნასაც ჩვენ, როგორც პარტია ბოლო ათწლეულის განმავლობაში ვცდილობდით, უპრეცედენტო თავისუფლება და პლურალიზმი მოუტანა ქვეყანაში მომუშავე ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს. სწორედ ამ და სხვა მიზეზების გამო, თქვენი გამოცემა თბილისშია და არა სხვაგან და სარგებლობს მედიის თავისუფლების ყველა ბენეფიტით. თქვენ ასევე ძალიან კარგად იცით საქართველოს მედია ლანდშაფტის მრავალფეროვნება და სიცოცხლისუნარიანობა, რაც განასხვავებს მას გასული ათწლეულების მკაცრად კონტროლირებადი მედია გარემოსგან.
მრავალფეროვნებისა და აზრის თავისუფლებისადმი ერთგულებამ გამიჩინა თავდაპირველად იდეა, რომ რამდენიმე კვირის წინ შემომეთავაზებინა თქვენთვის სტატია გამოსაქვეყნებლად. მსგავს სტატიებს უგზავნიან სხვა გამოცემებსაც და ისინი მათ აქვეყნებენ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენს გამოცემას განუზომლად პატარა ადგილი უჭირავს ქართულ მედიაში და ფაქტობრივად უცნობია საზოგადოებისთვის, მე გადავწყვიტე ჩავრთულიყავი თქვეთანაც, მიუხედავად თქვენი უხეში და თითქმის ავტომატური კრიტიკული რეაქციისა საქართველოს მთავრობის ნებისმიერ გადაწყვეტილებასა და პოლიტიკაზე, რაც აშკარაა ყველასთვის, ვინც თქვენს პუბლიკაციებს კითხულობს. ვფიქრობდი, რომ ასეთი კარგი ჟესტი იქნებოდა ნაბიჯი შემდგომი თანამშრომლობისთვის.
თუმცა, თქვენმა უარმა დაადასტურა თქვენი არატოლერანტულობა ალტერნატიული აზრის მიმართ. მაშინაც, როცა აღიარებთ, რომ ნახეთ მხოლოდ სათაური და ტექსტის ნაწილი, თქვენ სწრაფადვე დაასკვენით, რომ თემა არ იყო "შესაფერისი", რადგან ის არ იყო “ფაქტობრივად გამყარებული” და არ იყო "იდეის გულწრფელი გამოხატულება", რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს ბოლო წინადადება. თქვენ ასევე აცხადებთ, რომ "წარმოდგენილი არგუმენტი პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა„ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებებს", რითაც იტოვებთ საბოლოო მსაჯულის უფლებამოსილებას იმის შესახებ, წარმოადგენს სიმართლეს და ნამდვილ რეალობას. ეს ძალიან შორს არის პროფესინალური ჟურნალისტიკისგან, განსაკუთრებით მაშინ, როცა OC Media-ს ცდილობს, თავი დაიმკვიდროს, ერთიანობის, სამართლიანობის, ინკლუზიურობის მცველად, ვციტირებ თქვენი ვებგვერდზე მითითებული სახელმძღვანელო ღირებულებებიდან.
უფრო მეტიც, თქვენ არასწორად ახსენით ჩემი კომუნიკაცია თქვენს დონორებთან, რომლის მიზანიც იყო არა "გავლენის მოხდენა ან დასჯა მოსაზრების გამოქვეყნებაზე უარის თქმის გამო," არამედ დონორების ინფორმირება თქვენი საეჭვო ჟურნალისტური მიდგომების შესახებ. რეალურად წერილში ეწერა: "მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემთ OC Media-ს ჟურნალისტურ დამოუკიდებლობას, მიგვაჩნია, რომ პუბლიკაციის გამოქვეყნებაზე უარის თქმა, რასაც არ მოჰყოლია სრულყოფილი ახსნა, ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის, პლურალიზმისა და მრავალფეროვნების პრინციპებს. მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა პატივს სცემს და გარანტირებული აქვს მედიის თავისუფლება საქართველოში, გულდასაწყვეტია, რომ მედია გამოცემა, რომელსაც აფინანსებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებების ხელშეწყობისთვის, უარს ამბობს ისეთი სტატიის გამოქვეყნებაზე, რომელსაც თავად არ ეთანხმებიან".
ამგვარად, თქვენ ტიპურ მიკერძოებულ რეპორტაჟში, ეს ძალიან შესაფერისი წერილი დონორებისთვის გახდა "აშკარა თავდასხმა ორგანიზაციის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე და ზოგადად, პრესის თავისუფლებაზე". საერთოდ, როგორ არის შესაძლებელი ასეთი დასკვნის გაკეთება, თუ თქვენი პოზიცია არ არის ის, რომ ავტომატურად დაგმოთ და შეურაცხყოთ ყველაფერი, რასაც საქართველოს ხელისუფლება იტყვის ან გააკეთებს?
სარედაქციო დამოუკიდებლობა არ უნდა აგვერიოს ცენზურაში ისე, რომ განსხვავებული აზრი თქვენს სარედაქციო გვერდებზე თუნდაც ერთხელ მაინც არ გამოჩნდეს. თქვენ დაწერეთ, რომ "რედაქცია ხელმძღვანელობდა იმ სურვილით, რომ საუკეთესოდ მომსახურებოდნენ და ინფორმაცია მიეწოდებინათ მკითხველებისთვის". როგორ შეძლებთ საუკეთესოდ მოემსახუროთ თქვენს მკითხველს ალტერნატიული აზრის აღკვეთით?
თქვენი სტატიის დანარჩენი ნაწილი არის ხელისუფლების მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებების ჩვეულებრივი ლიტანია, საქართველოს რადიკალური ოპოზიციური პარტიების გზავნილების გამეორება, მაშინ, როცა იმედოვნებთ, საკუთარი თავი მიუკერძოებელ მედიად წარმოაჩინოთ. სამწუხაროდ, ეს არასწორი პრაქტიკა არ არის ექსკლუზივი თქვენი გამოცემისთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, უნივერსალური და ძალიან სამწუხარო ტენდენციაა.
გარწმუნებთ, რომ თქვენი სარედაქციო დამოუკიდებლობა და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული და დაცული იქნება ქართული სახელმწიფოს მიერ. მე მხოლოდ უკეთესი ჟურნალისტური სტანდარტებისკენ სწრაფვას გისურვებთ."
OC Media-ს განახლება: ვაღიარებთ, რომ სამწუხარო მისკომუნიკაციისას, ჩვენმა ოფისმა უნებლიედ გამოთქვა მზაობა, რომ ბატონი პაპუაშვილის პასუხი ჩვენს მასალაზე შეიძლება გამოქვეყნებულიყო ცალკე სტატიის სახით და არა ახალი ამბების გაშუქების ფარგლებში. ეს არ იყო ჩვენი განზრახვა, მაგრამ ვართ პასუხისმგებელი ამ გაუგებრობაზე და ბოდიშს ვუხდით ჩვენს მკითხველს. თავმჯდომარის პასუხი სრულად არის დაბეჭდილი და არ არის რედაქტირებული.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ
კომენტარები