მეცნიერებს ადამიანის ტვინის მოდელის შექმნა სურთ, რომელზეც მედიკამენტებს გამოცდიან
ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, ტვინი ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე რთული ორგანოა. მისთვის დამახასიათებელია ისეთი ფუნქციები, როგორიცაა ინტელექტი, ემოციები, სხეულის კონტროლი და ქცევის განსაზღვრა.
და აი ახლა, მკვლევრებმა შეისწავლეს ის, თუ როგორ გვესმის და აღვიქვამთ სამყაროს ტვინით.
Cortical Labs-ისა და მელბურნის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ როდესაც ნეირონებს ცვალებადი გარემოს შესახებ ეძლევათ ინფორმაცია, მათი ქცევა იცვლება.
მეცნიერების აზრით, ეს ქცევითი ცვლილებები ნეირონებს ზღვარზე აყენებს, იწვევს რა ტვინის აქტივობის ე.წ. "ზვავს". ეს თანხვედრაშია თეორიასთან, რომელიც ცნობილია, როგორც ტვინის კრიტიკული ჰიპოთეზა.
მკვლევრებმა ტვინის ამ აქტივობის გასაგებად საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ ადამიანის ტვინის უჯრედები ადამიანის სხეულის გარეთ გაზარდეს. ამის შემდეგ, უჯრედები ავარჯიშეს და ისინი ვიდეო თამაშის (პონგი) სათამაშოდ "გაწვრთნეს".
შედეგად, ტვინის უჯრედები დაორგანიზდა და მოქმედებენ, როგორც კომპიუტერი. მათ "DishBrain" უწოდეს. სისტემა ადამიანის 800 000 ნერვულ უჯრედს მოიცავს და ახლა მათ პონგის თამაში შეუძლიათ.
მეცნიერები ცდილობდნენ გაეგოთ, შეძლებდნენ თუ არა ტვინის უჯრედები დავალებების შესრულებასა და ამ ყველაფრისგან ახლის სწავლას — ისევე როგორც ამას კომპიუტერი აკეთებს. ეს მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ტვინი და რამდენად შეგვიძლია მისი გამოყენება სხვადასხვა მიზნებისთვის.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კვლევამ დღემდე ყველაზე ძლიერი მტკიცებულება აჩვენა, იმ საკამათო თეორიის მხარდასაჭერად, რომელიც ტვინის მიერ ინფორმაციის გადამუშავებას ეხება.
ტვინის კრიტიკული ჰიპოთეზის მიხედვით, ტვინი საუკეთესოდ დაბალანსებულ ან ორგანიზებულ მდგომარეობაში მუშაობს. მაგალითად, ეპილეფსიის დროს ტვინი ზედმეტად აქტიურია, ხოლო ძალიან პასიურია კომის შემთხვევაში.
ბალანსი საშუალებას აძლევს ყველაზე მცირე სიგნალებსაც კი გამოიწვიოს ტვინის მნიშვნელოვანი აქტივობა, რაც საშუალებას აძლევს ადამიანს შეასრულოს რთული ამოცანები. ეს დაბალანსებული გარემოება ცნობილია როგორც "კრიტიკული ნერვული" მდგომარეობა.
"ასეთი მდგომარეობის დროს ტვინს ამოცანების შესრულება ბევრად უფრო მარტივად შეუძლია. შედეგები გასაოცარია", — თქვა ბრეტ კაგანმა, ბიოტექნოლოგიური სტარტაპ Cortical Labs-ის მთავარმა სამეცნიერო ოფიცერმა.
მკვლევრების თქმით, მსგავს კვლევებს მომავალში ეპილეფსიისა და დემენციის სამკურნალოდ გამოიყენებენ.
მკვლევრები გეგმავენ შექმნან ცოცხალი ტვინის მოდელი, რათა გამოიკვლიონ, თუ როგორ ფუნქციონირებს ტვინი და შეამოწმონ, როგორ იმოქმედებს მასზე წამლები.
ეს ასევე მნიშვნელოვანია ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის შესამუშავებლად, რომელსაც ნერვული დაზიანების შედეგად დაკარგული ფუნქციების აღდგენა შეეძლება.
კვლევა Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები