განახლებული შეტაკებების შემდეგ სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
1 სექტემბერს საზღვარზე სასიკვდილო შეტაკებების შემდეგ სომხეთი და აზერბაიჯანი ხელს ისევ ერთმანეთისკენ იშვერენ. სომხეთის თქმით, დაიღუპა სამი სომეხი ჯარისკაცი და ორი დაიჭრა, აზერბაიჯანული მხარე კი იტყობინება, რომ სამი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიჭრა.
შეტაკებები პარასკევს დილით, სომხეთის გეღარქუნიკის პროვინციასა და კალბაჯარის ოლქის საზღვართან, აზერბაიჯანში, სომხურ სოფლებთან, სოტკსა და ნორაბაკთან მოხდა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანი შეტაკების დროს ნაღმმტყორცნებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაში დაადანაშაულა. ოფიციალური პირების თქმით, აზერბაიჯანმა შეტაკებამდე ერთი დღით ადრე დეზინფორმაციული კამპანიაც წამოიწყო.
31 აგვისტოს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე განცხადება გაავრცელა, სადაც სომხური ძალები საზღვრის აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთებზე აზერბაიჯანის პოსტებისათვის ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა, რაც სომხურმა მხარემ უარყო. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სომხეთი სოფელ სოტკის საზღვარზე იარაღის მობილიზებაში დაადანაშაულა, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა კადრები, სადაც, მათი თქმით, ჩანს, როგორ იკავებენ აზერბაიჯანული ძალები საბრძოლო პოზიციებს.
ბაქო შეტაკებებში ერევანს ადანაშაულებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთი სპეციალურად ამწვავებს საზღვარზე სიტუაციას, რათა მოსახლეობის ყურადღება საშინაო პრობლემებიდან სხვაგან გადაიტანოს და "საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს".
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან თავდასხმები და საბრძოლო რიტორიკა აზერბაიჯანის პოლიტიკის გაგრძელებაა და ქვეყანა საკუთარ ინტერესებს "ძალისა და მუქარების გამოყენებით" ატარებს.
სამინისტრომ დასძინა ისიც, რომ აზერბაიჯანს ლაჩინის დერეფნის ბლოკადის შედეგად შექმნილი კრიზისის მიჩქმალვა სურს.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებების გარდა, შაბათ-კვირას კიდევ ერთი დაძაბულობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიამ კვირას განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ჩრდილოეთ ქალაქ ჩანკათაღთან (ჯენიათაგი) დაარღვიეს. მათი თქმით, სამიზნე წყლის სატვირთო მანქანა იყო, რის შედეგადაც სომხეთის ერთი მოქალაქე დაშავდა.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები საგრძნობლად გახშირებულია. ამ წლის დასაწყისში, ბრიუსელში ორი ქვეყნის ლიდერებს შორის საერთაშორისო შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების წინ, ამავე ტერიტორიაზე ჩხუბი ატყდა.
2020 წლის მეორე მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ ყველაზე დიდი სამხედრო ინციდენტი გასული წლის სექტემბერში მოხდა, როცა აზერბაიჯანის ძალებმა სომხეთის სიუნიკის, გეღარქუნიკისა და ვაიოც ძორის პროვინციების შიგნით მდებარე ტერიტორიებზე აიღეს კონტროლი.
კომენტარები