"პრეზიდენტის მხარდასაჭერად" მოხალისეთა არმიის წევრები მთიანი ყარაბაღის პარლამენტში მივიდნენ
სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მოხალისეთა სამხედრო დაჯგუფება გასულ კვირას მთიანი ყარაბაღის პარლამენტში შევიდა. არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტ არაიკ ჰარუთიუნიანთვის მხარდაჭერის გამოსაცხადებლად.
კვირას, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 16 აგვისტოს კაცები სამხედრო ჩაცმულობით რეგიონის პარლამენტში შევიდნენ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მოხალისეთა არმიის წევრებს ჰქონდათ ერთი კითხვა: "ვინ ითხოვს ჰარუთიუნიანის გადადგომას?"
საპარლამენტო ოპოზიციის ორივე პარტიამ უარყო, რომ პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ.
მარსელ პეტროსიანმა ფრაქცია ერთიანი სამშობლოდან ორშაბათს რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ "გადადგომის მოთხოვნა არ ყოფილა". მანვე აღნიშნა, რომ ასეთი ჭორები "შორსმიმავალი მიზნებით" მიზანმიმართულად ვრცელდება.
ჰარუთიუნიანის გადადგომა კვირას მოითხოვა რუს-სომეხმა მილიარდერმა, რუბენ ვარდანიანმა, რომელიც 2022 წლის ბოლოს და 2023 წლის დასაწყისში, ოთხი თვით იკავებდა სახელმწიფო მინისტრის პოსტს.
ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, ვარდანიანმა განაცხადა, რომ ჰარუთიუნიანი ამას [გადადგომას] "კვირის დასაწყისში" დაჰპირდა და ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მსგავს დაპირებას აძლევდა.
"იმ შეხვედრაზე დამსწრე რვა ადამიანიდან ზოგიერთმა არ დაიჯერა თქვენი სიტყვა. მეორე ნაწილმა თქვა: "იქნებ ამჯერად სიმართლეს ამბობს", — აღნიშნა მან.
მან ასევე დაადანაშაულა ჰარუთიუნიანი სახელმწიფო ინსტიტუტების "განადგურებაში" და აკრიტიკებდა იმის გამო, რომ სამთავრობო სამხედრო დაჯგუფების პარლამენტში შესვლა დაუშვა.
მოხალისეთა არმია პარლამენტმა 2020 წლის ოქტომბერში, მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დროს შექმნა. სამოქალაქო მოხალისეებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი თავდაცვის სამინისტროს კონტროლს ექვემდებარება და თავდაცვის ძალებთან ერთად მთიანი ყარაბაღის დაცვა ევალება. ომის შემდეგ ისინი იშვიათად ჩანდნენ.
დაჯგუფების ხელმძღვანელმა, კარენ მათევოსიანმა ორშაბათს ფეისბუქის პირდაპირ ეთერში ჰარუთიუნიანს მხარდაჭერა გამოუცხადა. მანვე განაცხადა, რომ მოხალისეთა არმია შეიქმნა, რათა მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობა "განადგურებისგან" გადაერჩინათ და რეგიონის საშინაო პოლიტიკაში არ ჩარეულან.
მთიანი ყარაბაღის პარლამენტის ხელმძღვანელმა, დავით იშხანიანმა ერთიანობისა და "თავშეკავებისკენ" მოწოდებით განცხადება გაავრცელა. აღნიშნა ისიც, რომ ზოგიერთი სხვა საჯარო მოწოდება ერთიანობის შესახებ "სახელმწიფოებრიობის საფუძვლების დანგრევას ისახავს მიზნად" და მათ "მიუღებელი" უწოდა.
ჰარუთიუნიანი მოლოდინის რეჟიმშია
კვირას პრეზიდენტის ოფისმა და მმართველმა პარტიამ თავისუფალი სამშობლო უარყვეს, რომ ჰარუთიუნიანი გადადგომას გეგმავდა. არადა, 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა გადადგომის შესაძლებლობაზე რამდენჯერმე ისაუბრა.
რუსეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 9 ნოემბრის შეთანხმების მიღწევის შემდეგ, რომელითაც ომი დასრულდა, ჰარუთიუნიანმა პირობა დადო, რომ პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, როგორც კი სიტუაცია დალაგდებოდა, გადადგებოდა. ომის შემდგომ პერიოდში მისი ავტორიტეტი არაერთხელ დადგა გამოწვევის წინაშე.
2021 წლის გაზაფხულზე პროტესტი დაიწყო სომხეთის ხელისუფლებასთან მისი მჭიდრო ურთიერთობის გამო — მას შემდეგ რაც სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ შესაძლებელი იყო მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად ეღიარებინა. ამის გამო ჰარუთუნიანი ფაშინიანის მთავრობისგან დისტანცირდა.
მთიან ყარაბაღში ოპოზიციური პარტიები ვადამდელ არჩევნებზე საუბრისგან თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ აზერბაიჯანმა ეს შეიძლება განიხილოს, როგორც სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობა.
ჰარუთიუნიანის მიერ სახელმწიფო მინისტრად რუბენ ვარდანიანის დანიშვნას მოჰყვა ვარაუდები, რომ ავტორიტეტისა და სიმდიდრის გამო ვარდანიანს შეეძლო მისი გამოწვევა ან შეცვლა. საპრეზიდენტო მმართველობის პირობებში სახელმწიფო მინისტრი ყველაზე მაღალი თანამდებობაა მთავრობაში და ვარდანიანის დანიშვნისას მანდატი უფრო გაფართოვდა — ის აკონტროლებდა სახელმწიფო ინსტიტუტების უმეტესობას.
კრიტიკოსები თავიდანვე ამბობდნენ, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი კავშირი რეგიონთან ან შიდა საქმეებში კარგად ვერ ერკვეოდა. გარდა ამისა, ვარდანიანის დანიშვნამ გამოიწვია კითხვები სომხეთში რუსეთთან და კრემლთან შესაძლო კავშირების გამო, რადგან ქონება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იქ დააგროვა. აზერბაიჯანის ოფიციალურმა პირებმაც არაერთხელ გააპროტესტეს მისი დანიშვნა და აცხადებდნენ, რომ უშუალოდ რუსეთისთვის მუშაობდა.
თანამდებობაზე ყოფნისას ვარდანიანს და ჰარუთიუნიანს რამდენიმე საჯარო უთანხმოება ჰქონდათ და დანიშვნიდან სულ რაღაც ოთხი თვის შემდეგ, პრეზიდენტმა ის გაათავისუფლა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები