ნახეთ: დრონმა "ქვესკნელის კარიბჭე", მსოფლიოში ყველაზე დიდი მარად მზრალი ნიადაგი, გადაიღო
"ეს უიშვიათესი რამაა. ეს არის ბუნების უნიკალური ობიექტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ ნახევარი მილიონი წლის მანძილზე, მარად მზრალ ნიადაგში შემონახული დედამიწის ისტორია."
დრონის მიერ გადაღებული ახალი კადრები ცხადყოფს, რომ ციმბირში მდებარე მასიური კრატერი, რომელსაც ადგილობრივებმა "ქვესკნელის კარიბჭე" უწოდეს, ზრდას აგრძელებს.
Ruptly.tv-ს ცნობით, კადრები, რომლებიც 12 ივლისს გავრცელდა, გვიჩვენებს ბატაგაის კრატერს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ მარად მზრალ ნიადაგად ითვლება.
მოიცავს რა, დაახლოებით, 0,8 კვადრატულ კილომეტრს, ღრმა "ნაიარევი", რომელიც აღმოსავლეთ ციმბირის ტყეებზე გადის, სავარაუდოდ, 1940-იან წლებში ტყეების განადგურებამ წარმოშვა. ამან გამოიწვია ეროზია, რამაც გააძლიერა მუდმივად მზრალი ნიადაგის დნობა და შექმნა "მეგა-ვარდნა", ანუ მასიური კრატერი მიწაში. გამომდინარე იქიდან, რომ ამ რეგიონში მარად მზრალი ნიადაგის 80% ყინულია, დნობისას გამოთავისუფლებული დიდი რაოდენობის ნალექი მთის ფერდობზე იშლება და გვიჩვენებს გიგანტურ "ჭრილობას", რომელიც კვეთს რუსეთის სახას რესპუბლიკის ლანდშაფტს.
კრატერის გაფართოებას არა მხოლოდ დრონის გამოსახულებები, არამედ წლების განმავლობაში გადაღებული სატელიტური სურათებიც ადასტურებს. მიწის უკან დახევამ გამოავლინა ათიათასობით წლის განმავლობაში გაყინული ნაშთები, რომლებიც 126 000 წლის წინ დასრულებული შუა პლეისტოცენით თარიღდება.
დნობის წყალობით, ერთ-ერთ კვლევაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს 8 000 წლის წინ გაყინული ბიზონის ხორცი, რამაც მკვლევრებს შეუქმნა ახალი წარმოდგენა იმ ცხოველებსა და მცენარეებზე, რომლებიც ოდესღაც რეგიონში ბინადრობდნენ.
მეცნიერები არ არიან დარწმუნებულები ზუსტად რამდენად სწრაფად ფართოვდება კრატერი. თუმცა ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ის გარკვეულ წერტილებში 20-დან და 30 მეტრამდე გაიზარდა.
"ეს უიშვიათესი რამაა", — განუცხადა Ruptly.tv-ს ალექსეი ლუპაჩოვმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნიადაგმცოდნეობის ფიზიკოქიმიური და ბიოლოგიური პრობლემების ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა. "ეს არის ბუნების უნიკალური ობიექტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ ნახევარი მილიონი წლის მანძილზე, მარად მზრალ ნიადაგში შემონახული დედამიწის ისტორია."
კომენტარები