მეცნიერები მიწისძვრების პროგნოზირებას ცდილობენ და ამ მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ
Science-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მეცნიერებმა მიწისძვრების პროგნოზირების მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს.
მსოფლიოში 100-მდე დიდი მიწისძვრის GPS-ის მონაცემების გაანალიზებით, მკვლევრებმა ე.წ. წინამორბედი ფაზა გამოავლინეს. ეს ფაზა მიწისძვრამდე 2 საათით ადრე დგება.
ყოველწლიურად ჩვენს პლანეტაზე დაახლოებით 100 000-მდე მიწისძვრა აღირიცხება, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა იმდენად სუსტია, რომ მათ მხოლოდ სპეციალური ინსტრუმენტები (სეისმოგრაფი) აფიქსირებენ. სპეციალური ინსტრუმენტების გარეშე მიწისძვრის დაახლოებით ათი პროცენტის გრძნობაა შესაძლებელი. რაც შეეხება ზიანს, ყოველწლიურად დედამიწაზე საშუალოდ 100 სახიფათო მიწისძვრა შეიძლება დაფიქსირდეს.
მიწა რომელზეც დავდივართ, რომელზეც ჩვენი სახლები და სხვდასხვა შენობებია, მუდმივად მოძრაობს — ფილების ტექტონიკის მიხედვით, დედამიწის ლითოსფერო, რომელიც ნაკლებად ბლანტ ასთენოსფეროზეა განლაგებული, შედგება ცალკეული დიდი ბლოკებისაგან ანუ ფილაქნებისაგან, რომლებიც მოძრაობაში არიან.
ასევე: რატომ ხდება მიწისძვრები და რა უნდა ვიცოდეთ მათზე
2 საათით ადრე მიწისძვრამდე
"შეიძლება დადასტურდეს, რომ მიწისძვრის წარმოქმნა ხშირად მოიცავს საათობით პრეკურსორულ ფაზას. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ ამ ფაზის შესასწავლად და მიწისძვრების წინასწარ გამოსავლენად", — თქვა კვლევის ავტორმა, როლანდ ბურგმანმა.
მიწისძვრების პროგნოზირება ძალიან რთულია და დიდი გამოწვევაა. ეს დამოკიდებულია გეოფიზიკურ წინამორბედ სიგნალებზე.
წინა კვლევებმა მიუთითა, რომ დიდ მიწისძვრებამდე ნელი სეისმური წინა ფაზა არსებობს. ეს არის ნელი, თითქმის შეუმჩნეველი მოძრაობები რღვევის სიბრტყის გასწვრივ, რომელიც არ იწვევს მიწის შესამჩნევ რყევას.
თუმცა, მათი კავშირი სეისმურ რღვევებთან, რაც სწრაფ და მკვეთრ მოძრაობას იწვევს, ბოლომდე მაინც გაურკვეველი რჩება. გარდა ამისა, სეისმური გადახრები ხშირად მიწისძვრის გარეშეც ხდება.
ამ თავსატეხზე პასუხის მისაღებად, კვენტინ ბლეტერიმ და ჟან-მატიუ ნოკეტმა საფრანგეთიდან, კომპლექსური კვლევა ჩაატარეს. მსოფლიოში 3000-ზე მეტი გეოდეზიური სადგურის მაღალი სიჩქარის GPS-ის გამოყენებით მათ გაზომეს ხარვეზები და ნელი სეისმური გადახრები. ანალიზმა გამოავლინა სიგნალი, რომელიც დიდ მიწისძვრებამდე არსებობდა.
თუმცა, მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, არის თუ არა ეს ფაზები დაკავშირებული მხოლოდ დიდ მიწისძვრებთან, ან შესაძლებელია თუ არა მათი ზუსტად გაზომვა ცალკეული მოვლენებისთვის, რათა ადამიანების გაფრთხილება მოხდეს.
მიუხედავად ამისა, კვლევა მნიშვნელოვანია და შესაბამისად, წინ გადადგმული ნაბიჯია.
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, შეიძლება მნიშვნელოვანი მიწისძვრების მიმართ უფრო მომზადებულები გავხდეთ. ამ მომენტისთვის კი მიწისძვრებისგან დასაცავად საჭირო ინფრასტრუქტურა და შესაბამისი შენობებია შესამუშავებელი.
კომენტარები