ამფიბიების ამ სახეობის მამრები საკუთარ შთამომავლებს ჭამენ — რატომ
შთამომავლობაზე ზრუნვა ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები ცხოველების დამახასიათებელი თვისებაა, თუმცა არსებობენ სახეობებიც, რომლებიც საკუთარ ნაშიერებს ჭამენ.
შთამომავლობის კანიბალიზმი გვხვდება ცხოველთა სამეფოს მრავალ სახეობაში, მათ შორის თევზებში, მღრღნელებში, პრიმატებსა და ფრინველებში. ის განსაკუთრებით გავრცელებულია სახეობებში, რომლებშიც მამრების მხრიდან მზრუნველობის მაღალი დონე ფიქსირდება. ასეთ სახეობებში მამრები პასუხისმგებელნი არიან ბუდეების ან კვერცხების დაცვაზე, რათა გაზარდონ ნაშიერების გადარჩენის ალბათობა.
თუმცა როდესაც შთამომავლობაზე ზრუნვისას დახარჯული ენერგიის ღირებულება აღემატება მათი გადარჩენის შემთხვევაში მიღებულ სარგებელს, ნაშიერების შეჭმა, შესაძლოა, მშობლისთვის უფრო ეფექტიანი აღმოჩნდეს, მისცეს რა მათ საშუალება, რესურსები რეპროდუქციის მომავალ მცდელობებს მოახმარონ.
მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ სახეობას წარმოადგენს ალეგანის კრიპტოტოტი (Cryptobranchus alleganiensis). ალეგანის კრიპტოტოტი მთლიანად წყლის ამფიბიებია, რომლებიც ცხოვრობენ ამერიკის აღმოსავლეთ და ცენტრალურ შტატებში. ისინი 25 წლამდე ცოცხლობენ და მსოფლიოში ამფიბიების ერთ-ერთ ყველაზე დიდი სახეობად მიიჩნევიან.
თუმცა, მათი პოპულაციები მკვეთრად მცირდება და ალეგანის კრიპტოტოტის ზოგიერთი ქვესახეობა გადაშენების პირასაც იმყოფება. ამ შემცირების მიზეზად ითვლება ჰაბიტატის ხარისხის დაქვეითება, მათ შორის წყლის ქიმიური შემადგენლობის ცვლილებები და ტყის საფარის დაკარგვა.
ამ ამფიბიების პოპულაციის შემცირებისა და მათ მიერ შთამომავლობის კანიბალიზმის შემთხვევების გამოსაკვლევად, მეცნიერებმა 8 წლის განმავლობაში 10 ადგილზე მოაწყვეს 182 ხელოვნური ბუდე. ბუდეებზე დაკვირვებით, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ კანიბალიზმის შემთხვევები უკავშირდებოდა არა მამრების სხეულის ცუდ მდგომარეობას, არამედ ბუდეების პრობლემებს. მაგალითად, რაც უფრო დეგრადირებულ ადგილას მდებარეობდა ბუდე, მით ნაკლები იყო ტყის საფარი და იზრდებოდა კანიბალიზმის შანსი. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ წყლის ქიმიურმა შემადგენლობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს კვერცხების გამოჩეკის შანსებზე ან თუნდაც მშობლების ჯანმრთელობაზე.
შედეგები აჩვენებს, რომ ბუდეების მხოლოდ 14% განადგურდა კანიბალიზმის გამო იმ ადგილებში, სადაც საკმარისი ტყის საფარი იყო, მაშინ როცა ბუდეების 44% განადგურდა იმავე მიზეზით საკმარისი ტყის საფარის არმქონე ადგილებში. მკვლევართა გუნდის აზრით, მდინარისპირა ტყის დაბალი საფარი შეიძლება პირდაპირ კორელაციაში იყოს ამ სახეობის პოპულაციის რაოდენობის შემცირებასა და დაბერებასთან.
მკვლევრების თქმით, პოპულაციის შემცირების თავიდან ასარიდებლად და სტრატეგიების შემუშავებისთვის, გამოთქმული ვარაუდების დაზუსტება აუცილებელია.
კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ The American Naturalist-ში.
კომენტარები