რუსეთში საჯარო მოხელეებს სამუშაო მიზნებისთვის Apple-ის პროდუქციის გამოყენება ეკრძალებათ
რუსეთში შიშობენ, რომ Apple-ის პროდუქციის გავლით საჯარო მოხელეებს აშშ უთვალთვალებს
რუსეთში საჯარო მოხელეებისთვის Apple-ის მოწყობილობების აკრძალვა დაიწყეს. საუბარია სამუშაო მიზნით Apple-ის ნებისმიერი სახის პროდუქტის გამოყენებაზე. აღნიშნულ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, დღეიდან ქვეყნის ვაჭრობის სამინისტრო iPhone-ების გამოყენებას ყველა სამუშაო მიზნისთვის კრძალავს. ხოლო სხვა უწყებები, როგორიცაა მაგალითად, რუსეთის ტელეკომუნიკაციისა და მასმედიის სამინისტრო, მსგავს რეგულაციაზე უკვე მუშაობენ ან მას მალე აამოქმედებენ.
ინფორმაციის თანახმად, აკრძალვა ვრცელდება Apple-ის ბრენდის ნებისმიერ პროდუქტზე, თუმცა ზოგ შემთხვევაში, საჯარო მოხელეებს შეუძლიათ ამ პროდუქციით სარგებლობა. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, თუ ისინი სამუშაოსთან დაკავშირებულ კომუნიკაციას ამ მოწყობილობების გავლით არ დაამყარებენ.
Apple-ს ამ საკითხზე განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა ვიცით ბრენდის დამოკიდებულება რუსეთის პოლიტიკის მიმართ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კომპანიამ ქვეყანას Apple Pay-ზე წვდომა შეუზღუდა და მოგვიანებით ქვეყანაში პროდუქციის გაყიდვა შეაჩერა.
ათასობით საჯარო მოხელისთვის Apple-ის მოწყობილობების აკრძალვა მას შემდეგ ამოქმედდა, რაც რუსეთის ფედერალური თავდაცვის უწყებამ (FSB) ივნისის დასაწყისში განაცხადა, რომ აშშ-ის სააგენტოებთან "ჯაშუშური ოპერაცია" გამოავლინა, რომელშიც Apple-ის მოწყობილობები იყო ჩართული. FSB-ის განცხადებით, ათასობით iPhone იყო "ინფიცირებული" მონიტორინგის პროგრამით, რომელიც თვალს ადევნებდა ქვეყნის დიპლომატურ მისიებს NATO-ს წევრ ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ FSB-ს განცხადების გამამყარებელი არცერთი დამადასტურებელი სამხილი არ წარუდგენია, თუმცა ამტკიცებდნენ, რომ Apple აშშ-ის უშიშროების სააგენტოებთან მჭიდრო კავშირშია და მათ "ფართო სპექტრის საკონტროლო ინსტრუმენტებით" ამარაგებს.
ტექნოლოგიურმა გიგანტმა ეს ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ "არასდროს უმუშავია რომელიმე მთავრობასთან, იმისათვის რომ სათვალთვალო პროგრამა ჩაეშენებინა Apple-ის რომელიმე პროდუქტში და ამას მომავალშიც არასდროს გააკეთებს".
საკითხს უფრო შორიდან რომ შევხედოთ, ეს ნაბიჯი ასახავს რუსეთის მთავრობის სურვილს, შეამციროს დამოკიდებულება უცხოეთში წარმოებულ ტექნოლოგიაზე. როგორც The Times აღნიშნავს, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასულ წელს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ავალდებულებს "კრიტიკულ საინფორმაციო ინფრასტრუქტურაში" ჩართულ დაწესებულებებს 2025 წლისთვის გადავიდნენ შიდა განვითარებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე.
კომენტარები