10 რამ, რაც Twitter-სა და ახალ სოციალურ ქსელ Threads-ს ერთმანეთისაგან განასხვავებს
5 ივლისს Facebook-ისა და Instagram-ის მშობელმა კომპანიამ, Meta-მ, ახალი აპლიკაცია გამოუშვა. მას Threads ეწოდება და ფუნქციითა თუ სტილით Twitter-ის ანალოგიურია.
Threads უფასოა და უკვე დაახლოებით 100 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, მათ შორის საქართველოშიც. ახალ აპლიკაციას გაშვებიდან რამდენიმე საათის შემდეგ უკვე ათობით მილიონი მომხმარებელი ჰყავდა.
Threads ფუნქციითა და საკომუნიკაციო სტილით Twitter-ს მართლაც წააგავს — იმდენადაც კი, რომ Twitter-მა, შესაძლოა, Meta-ს ინტელექტუალური საკუთრების მითვისებისათვის უჩივლოს. საგულისხმოა ისიც, რომ Threads-ის გამოშვების შესახებ Twitter-ის ახალი შეზღუდვების ფონზე შევიტყვეთ.
რომელი უკეთ მოიგებს მომხმარებელთა გულს, ცალკე საკითხია, თუმცა, მსგავსების მიუხედავად, კონკურენტი აპლიკაციები ერთმანეთისაგან არაერთი ასპექტით განსხვავდება.
1. Twitter-ზე ცალკე ანგარიშის შექმნაა საჭირო, Threads-ში კი ინსტაგრამის პროფილით გადავდივართ
Twitter-ზე მომხმარებლის სახელიც თავად შეგვიძლია ავირჩიოთ, როცა Threads-ში პირდაპირ Instagram პროფილით შევდივართ. აპლიკაცია საშუალებას გვაძლევს, საკუთარი მონაცემები გადმოვიტანოთ და იმ ხალხის მიმდევრები გავხდეთ, რომლებიც ინსტაგრამზე უკვე გვყავს დამატებული.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ Threads-ის ანგარიშს Instagram ანგარიშის წაშლის გარეშე ვერ წაშლით. შესაძლებელია პროფილის დეაქტივაცია, რა შემთხვევაშიც უბრალოდ თქვენი პროფილი და პოსტები დაიმალება, სანამ ხელახლა აქტივაციას არ გადაწყვეტთ.
პლატფორმაზე ამ ფუნქციის დამატებას ფიქრობენ, თუმცა ჯერჯერობით დაუზუსტებელია, როდის უნდა ველოდოთ ამას.
2. Threads მხოლოდ აპლიკაციის სახითაა ხელმისაწვდომი
განსხვავებით Twitter-ისგან, Threads-ს ვებვერსია არა აქვს, ანუ იგი მხოლოდ მობილური აპლიკაციის სახით არსებობს. ანდროიდზე მის გადმოწერას ამ ბმულიდან შეძლებთ, iOS-ზე კი — აქედან.
3. Threads-ს მხოლოდ უფასო ვერსია აქვს
Twitter ფასიანი ვერსიის სახითაც არის ხელმისაწვდომი, რომელიც უკეთეს გამოცდილებას გვპირდება. მეორე მხრივ, Threads ამ ეტაპზე სრულიად უფასოა. ამ პლატფორმაზე ჯერჯერობით არც რეკლამებია განთავსებული.
4. Tweet-ები, retweet-ები, thread-ები და repost-ები
Threads აპლიკაცია Twitter-ს ვიზუალურადაც ისევე ჰგავს, როგორც ფუნქციურად. მიუხედავად ამისა, პოსტებსა და შეპასუხებებს განსხვავებული სახელები აქვს: retweet-ები repost-ებითაა ჩანაცვლებული, tweet-ებს კი thread-ები ჰქვია.
5. სიტყვების რაოდენობისა და ვიდეოების ხანგრძლივობის ლიმიტი
Threads-ზე მაქსიმუმ 500-სიმბოლოიანი პოსტების დაწერა შეგიძლიათ, როცა ეს ლიმიტი Twitter-ზე 280 სიმბოლოა. შესაძლებელია 5 წუთამდე ვიდეოების დადებაც, როცა ტვიტერზე ეს ხანგრძლივობა მხოლოდ 2 წუთსა და 20 წამს უდრის.
6. მულტიმედია შიგთავსი და მისი რაოდენობა
ვებსაიტთა ბმულების, ვიდეოებისა და სურათების დადება ორივე პლატფორმაზე შეგიძლიათ. შესაძლებელია GIF-ების დაპოსტვაც, თუმცა გიფი Threads-ის შემთხვევაში ჯერ მობილურში უნდა გქონდეთ შენახული.
საგულისხმოა, რომ Twitter-თან შედარებით Threads მეტი მულტიმედია შიგთავსის დადების საშუალებას იძლევა. თითო ტვიტზე ეს ლიმიტი ოთხი ელემენტია, Threads-ის თითო პოსტზე კი — ათი.
ფოტოებისა და ვიდეოების ხილვა Threads-ში გვერდიგვერდ გადაფურცვლითაა შესაძლებელი. მსგავსი ფუნქცია Twitter-ს არ აქვს და თითოეული ელემენტი ცალ-ცალკე უნდა გავხსნათ.
7. შიგთავსის განაწილება
Twitter-ზე ორი სახის ზოლი არსებობს. ერთია "For you", რომელშიც შემოთავაზებულ პოსტებსა და იმ ანგარიშების ტვიტებს ვხედავთ, რომელთა მიმდევრებიც ვართ. მეორეა "Following", რომელშიც მხოლოდ იმ ანგარიშების პოსტებია, რომელთა მიმდევრებიც თავად ვართ.
Threads-ის შემთხვევაში ესენი გამოცალკევებული არაა. ამ აპლიკაციაში ერთი ზოლია, რომელშიც სხვადასხვანაირი შიგთავსი იყრის თავს. არის იმ ანგარიშების პოსტები, რომელთა მიმდევრებიც ვართ, და ვხვდებით უბრალოდ ტრენდულ thread-ებსაც.
8. Threads-ზე პირად შეტყობინებებს ვერ გაგზავნით
Twitter აპლიკაციის შიგნით შეგიძლიათ, მომხმარებლებს პირადი შეტყობინებები მისწეროთ და სურათები, GIF-ები, ასევე ხმოვანი შეტყობინებებიც გაუგზავნოთ. მეორე მხრივ, Threads-ს შეტყობინებების გაგზავნის ფუნქცია არა აქვს. თუკი ვინმესთვის პოსტის გაზიარება გსურთ, ამისათვის მომხმარებლის კომენტარებში მონიშვნა მოგიწევთ.
9. Threads-ს ვერიფიკაციის ფუნქცია არა აქვს
ახალ პლატფორმას არც ფასიანი ვერსია აქვს და არც ვერიფიკაციის, ანუ საკუთარი ვინაობის დადასტურების, საშუალებას გვაძლევს. Threads პროფილზე ვერიფიკაციის ლურჯი მარკები ინსტაგრამიდანაა გადმოყოლილი, როცა Twitter-ზე მისი მოპოვება თანხის გადახდითაა შესაძლებელი.
10. Threads-ზე ერთიდან მეორე ანგარიშზე გადართვა შეუძლებელია
პრობლემა, რომელიც NEXT.On.ge-ის თანამშრომლებს შეგვექმნა — რამდენიმე Instagram ანგარიშის ქონის შემთხვევაში მათზე მონაცვლეობა Switch accounts ღილაკით მარტივადაა შესაძლებელი, თუმცა Threads-ზე მსგავსი ფუნქცია არ არსებობს.
ამისათვის სასურველ Instagram ანგარიშზე გვიწევს გადასვლა და Threads-ის შესაბამის ანგარიშზეც მხოლოდ ამის შემდეგ შევალთ. საჭიროა ჯერ Threads-ის ერთი ანგარიშიდან გამოსვლაც...
ცნობისთვის, ეს NEXT.On.ge-ის Threads ანგარიშია. თუკი პლატფორმას უკვე შემოუერთდი, შეგიძლია, ამ პოსტზე აპლიკაციებს შორის არსებულ განსხვავებებზე შენი გამოცდილება გაგვიზიარო.
კომენტარები