არსებობს 7 მორალური წესი, რომლებსაც ყველა კულტურა მისდევს — კვლევა

ფოტო: Maria Vonotna/Shutterstock.com
კვლევის თანახმად, არსებობს 7 უნივერსალური ეთიკური დოგმა, რომლებიც ყველა კულტურაში გვხვდება. თუ ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებს დავუჯერებთ, ისინი ევოლუციურია და მათი წარმოშობის მიზანი ინდივიდებს შორის თანამშრომლობის გაზრდა იყო. კვლევის ავტორთა აზრით, ყველა კულტურაში გვხვდება წესები, რომლებიც კოლექტიურ სარგებელს ზრდის.
ნაშრომის მიხედვით, ეს 7 წესია: "სისხლით ნათესავების დახმარება, სოციუმის სხვა წევრების დახმარება, სიკეთეზე სიკეთით პასუხი, სიმამაცე, ავტორიტეტისადმი მორჩილება, რესურსების სხვებისთვის განაწილება და უკვე არსებული ქონების გაფრთხილება".
მაგალითად, სიმამაცე და რესურსების თანაბრად განაწილება კონფლიქტების მოგვარებას უწყობს ხელს. სხვებზე ზრუნვა და სიკეთეზე სიკეთით პასუხი სოციალურ კავშირებს აძლიერებს ისევე, როგორც ერთგულებასა და ერთიანობის განცდას. ეს ყველაფერი სახეობის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორებია.
საინტერესოა, რომ უნივერსალური ეთიკური კოდექსის არსებობაზე საუკუნეების განმავლობაში ბჭობდნენ. მაგალითად, 1751 წელს ფილოსოფოსმა დევიდ ჰიუმმა დაწერა, რომ "ჭეშმარიტება, სამართალი, მხნეობა, თავშეკავება, მუდმივობა, ღირსება და ერთგულება დასაბამიდან უნივერსალურადაა დაფასებული".
სხვა მოაზროვნეები, მაგალითად ჯონ ლოკი, მიიჩნევდნენ, რომ, თუ საკმარისად შორეულ ქვეყნებს მოინახულებდი, აუცილებლად იპოვიდი კულტურას, რომელიც ამ წესებს უარყოფს.
ამ თეორიის შესამოწმებლად მკვლევრებმა მსოფლიოს 60 კულტურის ეთნოგრაფიული ჩანაწერები შეისწავლეს. ნაშრომი მათ ასე შეაჯამეს: "ჰიუმი მართალი იყო, ხოლო ლოკი — ცდებოდა". მათ ერთი კულტურაც კი ვერ იპოვეს, რომელშიც ზემოჩამოთვლილი თვისებები უარყოფითად მიიჩნევა.
"მორალურ უნივერსალისტებსა და მორალურ რელატივისტებს შორის დებატები საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ახლა უკვე პასუხები გვაქვს", — განაცხადა კვლევის ავტორმა ოლივერ სკოტ კარიმ — "ყველა თანხმდება, რომ თანამშრომლობა ეთიკურად გამართლებულია".
კვლევა გამოცემაში Current Anthropology გამოქვეყნდა.
კომენტარები