ცოტა ხნის წინ ქალმა არკანზასის შტატის პარკში, რომელიც ძვირფასი ქვებითა და თავისი გეოლოგიური ისტორიითაა ცნობილი, საკუთარი ნიშნობის ბეჭდისთვის ალმასი იპოვა.

31 წლის მიშერ ფოქსი ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, ცხოვრობს. მან არკანზასის ალმასების კრატერის პარკში ბარდის ზომის, 2.3 კარატიანი ბრილიანტი აღმოაჩინა. გასულ თვეში ის ამ ადგილას სპეციალურად ჩამოვიდა, რათა საკუთარი ნიშნობის ბეჭდისთვის ძვირფასი ქვა ეპოვა.

"ფულით პრობლემების გადაჭრაში არის რაღაც სიმბოლური, თუმცა ქორწინებაში ზოგჯერ ის გეცლება. ამ დროს უნდა შეგეძლოს და მზად იყო, რომ პრობლემებს შრომით გაუმკლავდე", — განაცხადა ფოქსმა — "მე მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში წასასვლელად მზად ვიყავი. გამოვიკვლიე და აღმოჩნდა, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც მიზანს მივაღწევდი, აქვე, ჩვენს ეზოში, არკანზასში იყო".

სამი კვირის განმავლობაში ძებნა უშედეგო იყო. ძიების ბოლო დღეს ფოქსმა მიწაში რაღაც მოელვარე დაინახა, რომელიც თავდაპირველად ობობას ქსელი ეგონა. როდესაც ფეხით შეეხო, მიხვდა, რომ ეს რაღაც მყარი იყო.

"ნამდვილი ალმასი ხელში არასდროს მჭერია. შესაბამისად, ზუსტად არ ვიცოდი მართლა ვიპოვე თუ არა ის. მიუხედავად ამისა, ეს ქვა ყველაზე "ალმასური ალმასია" მათ შორის, რაც აქამდე მინახავს", — დაამატა ქალმა.

ამ პარკში 2025 წელს 366 ალმასი იპოვეს, ფოქსის მონაპოვარი კი მათ შორის სიდიდით მესამეა. მთლიანობაში, გასული საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული რეგიონში 75 000-ზე მეტი ბრილიანტი აღმოაჩინეს.

ფოტო: Crater of Diamonds State Park

რაც შეეხება ახლახან ნაპოვნი ალმასის ფასს, მისი ზუსტი ღირებულება უცნობია. ზოგადად, ძვირფას ქვებს არა მხოლოდ ზომის, არამედ ჭრილის, სისუფთავის, ფერისა და საბაზრო მდგომარეობის მიხედვით აფასებენ. 2022 წლის მაისში ერთკარატიანი ალმასის საშუალო ფასი 6 819 დოლარს აღწევდა. 2024 წლის დეკემბერში კი 4 997 დოლარამდე დაეცა. ძვირფასი ქვების ფასს უამრავი ფაქტორი განსაზღვრავს.

სუფთა ალმასები ერთი ელემენტისგან, ნახშირბადისგან, შედგება. მისი ატომები კრისტალის ხისტ სტრუქტურაში, "ალმასის კუბურ ბადეშია" განლაგებული. მსგავსი ქვის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა უზარმაზარი წნევა (5 გიგაპასკალი კვადრატულ ინჩზე) და ტემპერატურა (1000°C-ზე მაღალი).

ეს პირობები ჩვეულებრივ დედამიწის მანტიაში გვხვდება — სქელ მდნარ ქანებში, რომლებიც ზედაპირის სიღრმეშია. დღეს ალმასების გამოყვანა ლაბორატორიაშიც შეიძლება. ეს ერთგვარი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ძვირფასი ქვის ტრადიციული მოპოვების გარემოსდაცვითი და ეთიკური შედეგებითაა შეშფოთებული.

ალმასების კრატერის პარკი ერთადერთი საბადოა მსოფლიოში, რომელიც საზოგადოებისთვის არის ხელმისაწვდომი. ეს ადგილი ძვირფასი ქვის მოსაძებნად შესანიშნავია, რადგან გეოლოგიურმა ცვლილებებმა ის მილიონობით წლის განმავლობაში ამ მიზნისთვის ხელსაყრელად აქცია.

წაიკითხეთ: როგორ იღებს ალმასები განსხვავებულ შეფერილობას?

დაახლოებით 300-250 მილიონი წლის წინ სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტები ერთმანეთს შეეჯახა, რამაც ოკეანის უძველესი ნალექები შეკუმშა და ოუაჩიტის მთები წარმოქმნა. დროთა განმავლობაში ქარმა, წვიმამ და მდინარეებმა ეს მთები გაარღვია. ცარცულ პერიოდში (144-66 მილიონი წლის წინ) სამხრეთით დარჩენილი ქედების ნაწილი ზღვებმა დაფარა, პარკი კი თბილ სანაპირო ზონაში აღმოჩნდა.

დაახლოებით 100 მილიონი წლის წინ დედამიწის მანტიაში არსებულმა არასტაბილურობამ მდნარი ქანი, აირი და მინერალებით მდიდარი ფრაგმენტები ვულკანური მილის საშუალებით ზედაპირზე ამოიტანა. ზუსტად ამ პროცესების შედეგად გაჩნდა ალმასები დედამიწის ზედაპირზე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.