შესაძლოა, Twitter-მა Meta-ს ინტელექტუალური საკუთრების მითვისების გამო უჩივლოს
5 ივლისს Meta-მ ტვიტერის ანალოგიური ახალი აპლიკაცია გამოუშვა, სახელად Threads. Semafor-ის უწყებით, Twitter კომპანია Meta-ს წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებით იმუქრება. იგი მეტას ბრალს სდებს, რომ Twitter-ის ყოფილი თანამშრომლები აიყვანა და საქმის საიდუმლოებები, ასევე ინტელექტუალური საკუთრება უკანონოდ მიითვისა.
ასევე იხილეთ: Instagram-მა ახალი სოციალური ქსელი, სახელად Threads, გამოუშვა — იგი Twitter-ის ანალოგიურია
ალექს სპირო, ილონ მასკის პირადი ადვოკატი, Meta-ს წერილით მიმართავს. იგი ირწმუნება, რომ კომპანიამ Twitter-ის არაერთი ყოფილი თანამშრომელი აიყვანა გასულ წელს და კონკრეტულად Threads-ზე ამუშავა.
სპიროს მტკიცებით, Meta-ს განზრახვა ის იყო, რომ Twitter-ის საქმიანი საიდუმლოებები და სხვა ინტელექტუალური საკუთრება გამოეყენებინა, ამით კი პლატფორმის კონკურენტი აპლიკაციის შექმნა დაეჩქარებინა.
ადვოკატის განცხადებით, ეს ყველაფერი შტატის და ფედერალურ კანონებს არღვევს; ირღვევა დასაქმებულთა ვალდებულებებიც ყოფილი დამსაქმებლის მიმართ.
Meta ბრალდებებს უარყოფს:
"Threads-ის ინჟინერთა გუნდში Twitter-ის ყოფილი თანამშრომელი არავინაა — ეს უბრალოდ არაა სიმართლე", — წერს ენდი სტოუნი, Meta-ს კომუნიკაციების დირექტორი.
ცნობისთვის, Threads-ის მომხმარებლებს აპლიკაციაში შესასვლელად თავიანთი Instagram ანგარიშები სჭირდებათ. პროცესი ძალიან მარტივია, შედეგად კი Meta-ს ახალმა აპლიკაციამ უკვე ათობით მილიონი მომხმარებელი შეიძინა — Threads-ის გაშვებიდან სულ რაღაც 12 საათში აპლიკაციაში უკვე 30 მილიონი ადამიანი შევიდა.
კომენტარები