აუქციონზე უიშვიათესი კრისტალური ოქრო იყიდება, რომელიც ოქროს მარაგის მხოლოდ 1%-ს შეადგენს
ფოტო: Heritage Auctions/HA.com
ოქრო უკვე ათასწლეულებია, რაც ადამიანების ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. იგი ბუნებაში სხვადასხვა ფორმით გვხვდება და მათ შორის ერთ-ერთი უიშვიათესი და უცნაური კრისტალური ოქროა. იგი დედამიწის სიღრმეში, ქერქის ნაპრალებში წარმოიქმნება და თავდაპირველ ფორმას ინარჩუნებს.
ამ იშვიათობის გამო კრისტალური ოქრო გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე ჩვეულებრივი. ოქროს ეს ფორმა ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება. ასეთი კრისტალური ოქრო ცოტა ხნის წინ Heritage’s Nature & Science Signature Auction-ს დაემატა.
ოქროს კრისტალებად ჩამოყალიბებისთვის ტემპერატურის, წნევისა და ქიმიური შემადგენლობის სწორი კომბინაციაა საჭირო. ამ პროცესის შედეგად მიღებული ფორმები შეიძლება კუბური, ოქტაედრული ან დენდრიტული იყოს, მაგრამ ასეთი ფორმები იშვიათად ნარჩუნდება.
ოქროს პოვნამდე ის მრავალ რთულ ქიმიურ პროცესს გადის, რა დროსაც ზედაპირი გლუვი ხდება და ეროზიის შედეგად უფრო მეტად ტიპური ოქროს ნატეხის ფორმას იღებს. კრისტალური ოქრო ასეთი იშვიათი და მიმზიდველი სწორედ იმიტომ არის, რომ იგი თავდაპირველ ფორმას ინარჩუნებს.
კრისტალური ოქრო დედამიწის სიღრმეში, ქანებს შორის არსებულ ნაპრალებში წარმოიქმნება და ქანების გადაადგილების შედეგად ზედაპირზე ამოდის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კრისტალური ოქრო დედამიწაზე არსებული ოქროს სრული მარაგის მხოლოდ 1%-ს შეადგენს.
"ამ საუცხოო კრისტალური ოქროს ნატეხის ყველაზე თვალსაჩინო მახასიათებელი მისი ზომაა. ამ მასიური ეგზემპლარის მასა 1,7 კილოგრამია. ეს ნიმუში დასავლეთ ავსტრალიაში მოიპოვეს და მას უმშვენიერესი ფორმა აქვს", — ნათქვამია Heritage-ის აუქციონის აღწერაში.
მსოფლიოში ყველაზე დიდი კრისტალურ ოქროდ Ironstone's Crown Jewel ითვლება. მისი მასა 16,4 კილოგრამია და ის 1992 წელს აღმოაჩინეს.

კომენტარები