Instagram-მა ახალი სოციალური ქსელი, სახელად Threads, გამოუშვა — იგი Twitter-ის ანალოგიურია
გაშვებიდან რამდენიმე საათის შემდეგ აპლიკაციას უკვე მილიონობით მომხმარებელი ჰყავს.
5 ივლისს Facebook-ისა და Instagram-ის მშობელმა კომპანიამ, Meta-მ, ახალი აპლიკაცია გამოუშვა. მას Threads ეწოდება და Twitter-ის ანალოგიურია.
მარკ ცუკერბერგს, კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, თუ დავუჯერებთ, გაშვებიდან პირველი ოთხი საათის განმავლობაში Threads-ზე ხუთ მილიონამდე მომხმარებელი შევიდა.
აპლიკაცია უფასოა და უკვე დაახლოებით 100 სახელმწიფოში გაეშვა ანდროიდისა და iOS-ისათვის. შესაბამისი რეგულაციების გამო იგი ევროპის კავშირში არ იქნება ხელმისაწვდომი.
Thread აპლიკაციაში შესასვლელად Instagram ანგარიშია საჭირო. შესვლის შემდეგ შესაძლებელია, იმავე ანგარიშების მიმდევრები გავხდეთ, რომლებისაც უკვე ვართ Instagram-ზე — თუ, რა თქმა უნდა, ახალ აპლიკაციას ისინიც შემოუერთდნენ.
Threads აპლიკაცია Twitter-ს ვიზუალურადაც ჰგავს, თუმცა ფუნქციებს სხვა სახელები აქვს: retweet-ები repost-ებითაა ჩანაცვლებული, tweet-ებს კი thread-ები ჰქვია.
აღსანიშნავია, რომ Threads-ზე მაქსიმუმ 500-სიმბოლოიანი პოსტების დაწერა შეგიძლიათ, როცა ეს ლიმიტი Twitter-ზე 280 სიმბოლო იყო. შეგეძლებათ 5 წუთამდე ვიდეოების დადებაც, პოსტების სხვა პლატფორმებზე გაზიარება კი ბმულების საშუალებით მოხერხდება.
ისევე, როგორც ინსტაგრამზე, შეგეძლებათ, სხვა მომხმარებლებს მიმდევრობა გაუუქმოთ, ისინი დაბლოკოთ, მათთან ინტერაქცია შეზღუდოთ ანდა დარღვევების შესახებ განაცხადოთ. შესაძლებელი იქნება ისიც, რომ კონკრეტული სიტყვების შემცველი პასუხები გაიფილტროს.
საგულისხმოა, რომ Meta-ს მხრიდან ეს ნაბიჯი Twitter-ის ახალ შეზღუდვებს მოჰყვა — ახლახან ილონ მასკმა პლატფორმაზე მომხმარებელთათვის ტვიტების ხილვის დღიური ლიმიტი დააწესა.
იხილეთ: Twitter-ზე პოსტებს შეუზღუდავი რაოდენობით ვეღარ ვიხილავთ — პლატფორმაზე ახალი ლიმიტები წესდება
დიდი ალბათობით, ახალ აპლიკაციაზე რეკლამები ჯერ არ იქნება. ამჟამად მთავარ ზოლზე იმ მომხმარებელთა კონტენტია, რომელთა მიმდევრებიც თავად ვართ. გვხვდება ალგორითმის მიერ რეკომენდებული შიგთავსიც.
Thread-ის გამოყენება NEXT.On.ge-ში უკვე დავიწყეთ. შეგიძლია, ამ ბმულზე შენც შემოგვიერთდე.
კომენტარები