დნმ-ის ანალიზით დასტურდება, რომ კავკასიელების გენეტიკა 5 ათასი წლის განმავლობაში უცვლელი დარჩა
ფოტო: Harald Ringbauer
ქართველი, გერმანელი, სომეხი და ნორვეგიელი მეცნიერების გუნდმა სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე მდებარე 50 არქეოლოგიური ძეგლიდან 230 ნამარხის უძველესი დნმ შეისწავლეს.
ამ კვლევას ჰარვარდისა და მაქს პლანკის ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი ცენტრი ხელმძღვანელობდა. არქეოლოგების საერთაშორისო გუნდმა სამხრეთ კავკასიის მოსახლეობის გენეტიკურ ურთიერთკავშირები შეისწავლა და თავის ქალის ნიმუშების ანალიზით ამ რეგიონში გენეტიკური უწყვეტობა დაადასტურა.
ნაშრომი ადრეული ბრინჯაოს ხანიდან (დაახლოებით ძვ. წ. 3 500 წელი) ხალხთა დიდი გადასახლების შემდგომ ხანამდე (დაახლოებით ახ. წ. 700 წელი) პერიოდს მოიცავს. შედეგები გვიჩვენებს, რომ სამხრეთ კავკასიის მოსახლეობას ძირითადად მუდმივი გენეტიკური პროფილი ჰქონდა. ანუ აქ მცხოვრებმა ადამიანებმა თავიანთი თავდაპირველი გენეტიკური ნიშან-თვისებები მეტწილად შეინარჩუნეს, იმის მიუხედავად, რომ გარშემო სხვა პოპულაციები აქტიურად გადაადგილდებოდნენ.
"ღრმად ფესვგადგმული გენოფონდის შენარჩუნება მატერიალური კულტურის არაერთი ცვლილების ფონზე განსაკუთრებული შემთხვევაა. ეს ფაქტი სამხრეთ კავკასიას ევრაზიის სხვა ნაწილებისგან გამორჩეულს ხდის", — ამბობს გენეტიკოსი ჰარალდ რინგბაუერი ლაიფციგის ევოლუციური ანთროპოლოგიის მაქს პლანკის ინსტიტუტიდან.
მართალია, კვლევამ საერთო ჯამში გენეტიკური უწყვეტობა დაადასტურა, მაგრამ მეზობელი რეგიონებიდან მიგრაციის კვალი მაინც გამოჩნდა. კერძოდ, ბრინჯაოს ხანის შემდგომ პერიოდებში ამ ტერიტორიაზე ანატოლიიდან და ევრაზიის სტეპების მომთაბარე ტომებიდან წამოსული ხალხის გენეტიკური კვალიც იპოვეს.
ეს ფაქტი სხვადასხვა თემებს შორის ურთიერთობებსა და სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე მესაქონლეობის კულტურის გავრცელებაზე მიუთითებს. ამ პერიოდში რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, მაგრამ გენეტიკური აღრევის ნიშნები ან ხანმოკლე იყო ან მხოლოდ ცალკეული ინდივიდებით შემოიფარგლებოდა.
კვლევის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩენა ადრეული შუა საუკუნეების პერიოდის იბერიის სამეფოს ეხება. აქ მცხოვრებ ინდივიდებს ხელოვნურად დეფორმირებული თავის ქალები ჰქონდათ. დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ეს ქცევა ცენტრალური ევრაზიის სტეპის მოსახლეობასთან იყო დაკავშირებული.
"ჩვენ მრავალი დეფორმირებული თავის ქალის მქონე ინდივიდი აღმოვაჩინეთ, რომლებიც გენეტიკურად ცენტრალური აზიელები იყვნენ და ავარებსა და ჰუნებთან პირდაპირი გენეალოგიური კავშირებიც კი ჰქონდათ. საინტერესოა, რომ ანალიზების მიხედვით ამ ინდივიდების უმეტესობა არა მიგრანტი, არამედ ადგილობრივი იყო", — ამბობს კვლევის ავტორი და გენეტიკოსი ეირინი სკურტანიოტი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი და კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი ლიანა ბითაძე ამ აღმოჩენის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მისი თქმით, ადრე არქეოლოგები ამ საკითხს მხოლოდ მორფომეტრიული ანალიზების მეშვეობით სწავლობდნენ. ახლა კი ძველი დნმ-ის ანალიზით უფრო ზუსტი პასუხების მიღების საშუალება გვაქვს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ უძველესი ხანიდან მოყოლებული აღმოსავლეთ საქართველოს ურბანული ცენტრები და ადრეული ქრისტიანული ადგილები ადამიანებისთვის ერთგვარ კულტურულ ცენტრად იქცა. ეს აღმოჩენა კავკასიის მრავალსაუკუნოვან კულტურულ და გენეტიკურ როლს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
"ისტორიულ წყაროებში ანტიკური პერიოდის კავკასიონის მთები მიგრაციისთვის როგორც ბარიერად, ასევე დერეფნად არის მოხსენიებული. ჩვენი კვლევა გვიჩვენებს, რომ ამ ტერიტორიაზე ქალაქების გაჩენასა და განვითარებასთან ერთად, ხალხმა უფრო აქტიური გადაადგილება დაიწყო", — ამბობს კვლევის თანაავტორი სიაოვენ ძია მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტიდან.
ეს კვლევა არქეოლოგიური თვალსაზრისით ნაკლებად შესწავლილი რეგიონების პოპულაციური ისტორიის შესწავლაში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს.
კვლევა ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.


კომენტარები