როდის დაიწყეს ქვის იარაღების გამოყენება — კვლევა
ფოტო: E.M Finestone
შესაძლოა, ქვის იარაღების შემქმნელმა და გამოყენებულმა პირველმა ადამიანებმა მასალა შორეული ადგილებიდან მოიპოვეს. ეს რესურსების მართვის გასაკვირად დახვეწილ სტრატეგიას ავლენს. ადრე ითვლებოდა, რომ ასეთი ქცევების კოგნიტიური უნარი 2 მილიონი წლის წინ გაჩნდა, თუმცა კენიაში პრეისტორიული ძეგლის მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ჩვენმა წინაპრებმა განვითარების ამ ეტაპს მილიონი წლით ადრე მიაღწიეს.
მკვლევრებმა ნიაიანგას არქეოლოგიურ ადგილას აღმოჩენილ 401 არტეფაქტზე გეოქიმიური ანალიზი ჩაატარეს. კვლევამ აჩვენა, რომ იარაღები 13 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქვებისგან იყო დამზადებული. ეს უძველესი ხელსაწყოები პრიმიტიულ "ინდუსტრიას" მიეკუთვნება, რომელსაც ოლდოვანის ხელსაწყოთა კომპლექტი ეწოდება. სწორედ ეს ითვლება ადამიანის მიერ იარაღების დამზადების უძველეს მეთოდად.
"არტეფაქტები არ დავუკავშირეთ საბოლოო, კონკრეტულ წყაროებს, ამიტომ ზუსტი მანძილი არ გვაქვს გამოთვლილი. მეორე მხრივ, მასალა მაქსიმუმ 13 კილომეტრის მანძილიდან უნდა იყოს მოპოვებული", — განუცხადა კვლევის ავტორმა, დოქტორმა ემა ფაინსტოუნმა IFLScience-ს.
მკვლევრების თქმით, ქვები ადგილზე იმიტომ მიიტანეს, რომ ნაიანგაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ქანები იარაღების დასამზადებლად საკმარისი არ იქნებოდა.
"ნიაიანგაში ხელსაწყოების მწარმოებლები რესურსებს ისეთ ადგილას ამუშავებდნენ, სადაც ადგილობრივი ქვები შედარებით რბილი და დაბალი ხარისხის იყო, ვიდრე ის, რასაც ოლდოველი ხელსაწყოების მწარმოებლები ჩვეულებრივ იყენებდნენ. ამიტომ, ხელსაწყოების კიდეები ნაკლებად ბასრი იქნებოდა და უფრო ადვილად დაბლაგვდებოდა", — ამბობს ფაინსტოუნი.
სწორედ ეს უნდა გამხდარიყო მიზეზი, რის გამოც უძველესმა ადამიანებმა მასალა 13 კილომეტრით დაშორებული მანძილიდან მოიტანეს.
ფოტო: T.W. Plummer
ზუსტი მანძილის მიუხედავად, ფაინსტოუნი ამბობს, რომ უფრო აქტუალური კითხვა ხელსაწყოების ასაკს ეხება.
"ნიაიანგას მინიმალური ასაკი 2.6 მილიონი წელია, მაგრამ ის, სავარაუდოდ, ამაზე ძველიც უნდა იყოს — საუბარია 3 მილიონ წელზე", — ამბობს ის.
2023 წელს გამოქვეყნებულ სხვა ნაშრომში ფაინსტოუნმა და მისმა კოლეგებმა წარადგინეს მტკიცებულება, რომ ნაიანგა შეიძლება უფრო ძველ ქრონოლოგიურ შუალედს მიეკუთვნებოდეს. რას ნიშნავს ეს? შესაძლოა, ქვის მასალის შორ მანძილზე გადატანის უნარი ჰომოს გვარის წარმოშობასაც კი უსწრებდეს.
ასევე საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ნიაიანგაში აღმოჩენილია ნამარხები, რომლებიც მიეკუთვნება პრეისტორიული ადამიანის გვარს, სახელად პარანთროპუსს. ეს სახეობა ჩვენი შტოს გაჩენამდე არსებობდა.
"ის ფაქტი, რომ ნიაიანგაში პარანთროპუსის ნამარხი გვაქვს აღმოჩენილი და არა ჰომოს გვარის წარმომადგენლის, ბევრ რამეზე მიუთითებს. პარანთროპუსი შესაძლოა ნიანგას ხელსაწყოების შემქმნელი ყოფილიყო", — ამბობს ფაინსტოუნი.
კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები