Twitter-ზე პოსტებს შეუზღუდავი რაოდენობით ვეღარ ვიხილავთ — პლატფორმაზე ახალი ლიმიტები წესდება
Twitter-ზე ახალი შეზღუდვა წესდება: მომხმარებლები დღეში მხოლოდ 600 ტვიტის ხილვას შეძლებენ. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის, განცხადებით, ეს პლატფორმიდან მონაცემების მოპოვებისა და "სისტემის მანიპულაციის" აღმოფხვრას ემსახურება.
მასკის თქმით, ის ანგარიშები, რომლებიც ვერიფიცირებული არაა, დღეში 600 პოსტის ხილვას შეძლებენ; ეს ლიმიტი ახალი ანგარიშებისთვის 300 ტვიტი იქნება. ვერიფიცირებულ ანგარიშებს, ანუ იმ მომხმარებლებს, რომლებიც Twitter Blue-ს შეიძენენ, პლატფორმა დღეში 6 ათასი პოსტის ხილვის საშუალებას მისცემს.
ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ Twitter Blue-სათვის არ გადავიხდით, პლატფორმით სარგებლობას სულ ცოტა ხნით შევძლებთ. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა შემდგომში ისიც განაცხადა, რომ ცოტა ხანში ვერიფიცირებული ანგარიშებისთვის ეს ლიმიტი 8 ათასი გახდება, დანარჩენებისთვის კი — 800.
მასკის თქმით, ეს "დროებითი" შეზღუდვები პლატფორმიდან დიდი რაოდენობით მონაცემებისა და "სისტემის მანიპულაციის" საპასუხოდ დაწესდა. ცნობისთვის, ცოტა ხნით ადრე ამავე მიზნით სისტემაში შეუსვლელად ტვიტების ხილვა შეიზღუდა. პლატფორმის აღმასრულებელი დირექტორის მტკიცებით, თავიანთი მოდელების საწვრთნელად თითქმის ყველა AI კომპანია Twitter-იდან კრეფს მონაცემებს.
ახალ ანგარიშებს რაც შეეხება, მასკს ახლის მნიშვნელობა არ დაუკონკრეტებია. დაუზუსტებელია ისიც, თუ რამდენი ხნით იქნება დაწესებული შეზღუდვები.
შესაძლოა, ეს ყველაფერი შემოსავლის გაზრდას ემსახურებოდეს, თუმცა, საკითხავია, რამდენად მოხერხდება Twitter Blue-ის მეშვეობით იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც კომპანიამ მასკის სათავეში მოსვლის შედეგად იწვნია.
კომენტარები