ChatGPT-ს შემქმნელ კომპანიას პირადი მონაცემების უნებართვო გამოყენებისთვის უჩივიან
ჩატბოტ ChatGPT-ს შემქმნელ OpenAI-ს სასამართლოში უჩივიან. კომპანიას ბრალად კონფიდენციალურობისა და საავტორო უფლებების დარღვევა ედება. ცნობილია, რომ მან ენის მოდელების საწვრთნელად უამრავი მონაცემი გამოიყენა უნებართვოდ.
კალიფორნიაში წარდგენილი კოლექტიური სარჩლით ირწმუნებიან, რომ OpenAI მონაცემებს იპარავდა და სისტემატურად 300 მილიარდ სიტყვას, მათ შორის პირად ინფორმაციას, იღებდა სხვადასხვა ონლაინრესურსიდან.
კომპანიაში ზუსტად არ იციან, ზუსტად რაზეა გაწვრთნილი მათი სისტემები, თუმცა ეს მონაცემთა ბაზები ყველაფერს მოიცავს — ვიკიპედიის სტატიებიდან და ცნობილი ნოველებიდან დაწყებული, სოციალურ ქსელებში განთავსებული პოსტებითა და ეროტიკული ჩანაწერებით დასრულებული. შიგთავსის შემქმნელებისათვის კომპანიას არანაირი ნებართვა არ უთხოვია.
სარჩელში ხაზგასმულია, რომ ყველაფერი, რაც კი ადამიანებს ონლაინ განუთავსებიათ, შესაძლოა, OpenAI-ს საწვრთნელ მონაცემთა ბაზებში მოხვედრილიყო. შესაბამისად, ნებისმიერი შიგთავსი, რომელთაც OpenAI-ს ენის მოდელები აგენერირებს (მათ მოგების მისაღებად იყენებენ), მომხმარებელთა ციფრულ "ნაშრომთა" ფრაგმენტებს შეიძლება შეიცავდეს.
ჯერჯერობით რთულია განვსაზღვროთ, როგორ დასრულდება სასამართლო დავა, რადგან ინტერნეტი და მისი ინფრასტრუქტურა საკმაოდ კომპლექსურია — ის, რაც ერთი შეხედვით უფასო და ღია ქსელია, ხშირად არც ერთია ხოლმე და არც მეორე. პლატფორმებს მომხმარებლებთან თავიანთი პირობები და შეთანხმებები აქვს. შესაბამისად, მაშინაც კი, როცა შიგთავსს თავად ქმნით, ტექნიკურად იგი მაინც პლატფორმას ეკუთვნის.
"როდესაც სოციალური მედიის ან ნებისმიერ საიტზე შიგთავსს ათავსებთ, ჩვეულებრივ, ძალიან ზოგად ნებართვას აძლევთ საიტს, რომ თქვენი შიგთავსი ნებისმიერი მიზნით გამოიყენოს", — აცხადებს კეტრინ გარდნერი, ინტელექტუალური საკუთრების დამცველი.
მისი თქმით, მორიგი მომხმარებლისათვის კომპენსაციის მიღება მარტივი არ იქნება.
კონფიდენციალურობასა და ნებართვასთან დაკავშირებით სარჩელი უსაფუძვლო ნამდვილად არაა. ამასობაში ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ, თუ რას გადაწყვეტს სასამართლო.
კომენტარები