Tbilisi Open Air 2023 ნაკლები ტალახით, მეტი ფერით და სრული თავისუფლებით
მე-14 წელია Tbilisi Open Air ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილია. ტრადიციაა, რომელიც ორგანიზატორებმა, მსმენელებმა და შემსრულებლებმა ერთად შევქმენით. დღესასწაულია, რომელიც ღია ცის ქვეშ, ცვრიან ან ტალახიან ბალახზე მოკალათებას, ხმამაღალი მუსიკით ტკბობას, საჭმლის და სასმლის გრძელ რიგებში დგომას, დაღლამდე ცეკვას გულისხმობს და ფერადი, ბედნიერი ადამიანების ერთობით იქმნება.
2000-იანებში არც Altervision Group-ს და არც ჩვენ წარმოგვედგინა, რომ საყვარელი შემსრულებლების მოსასმენად სხვა ქვეყანაში წასვლა არ იქნებოდა საჭირო და შევძლებდით თბილისში ლეგენდად ქცეული შემსრულებლებისთვის გვენახა.
წლების განმავლობაში ფესტივალმა ბევრი ცვლილება გამოიარა, მათ შორის, ლოკაციაც არაერთხელ შეიცვალა. ხან დინამოზე ვიმღერეთ, ხან თბილისის ზღვაზე, ბოლოს კი ლისის საოცრებათა ქვეყანაში დავსახლდით. აქ რამდენიმე სცენა, თემატური კუთხეები, გასართობი და შემეცნებითი სივრცეები და გამოფენებიც კი მოგვიწყვეს.
რა ვნახეთ წელს ფესტივალზე? ნაკლები საცობი, გაცილებით ნაკლები ტალახი, მზიანი ამინდი და უფრო მეტი გასართობი. რაც შეეხება უშუალოდ კონცერტს, მიკერძოებული ვიქნები და სხვებთან ერთად, ჩემს ემოციებსაც გაგიზიარებთ. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ქართველი შემსრულებლების მოწოდებები სცენიდან და მხარდაჭერა კინოცენტრის თანამშრომლებს.
ვერც იმას ვივიწყებ, როგორ იქცა ჯგუფი არა სცენაზე ჯგუფ ყველად და ჩვენთან ერთად მონატრებული სამშობლო იმღერა. სასიამოვნო სანახავი იყო ლგბტ დროშა, რომელიც პრაიდის თვეში სცენის წინ ამაყად ფრიალებდა.
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
ჰედლაინერებს შორის Tom Odell-ის გამოსვლით ყველაზე ნაკლებად კმაყოფილი ვარ. თუ გარეშემომყოფების რეაქციებით ვიმსჯელებ, არამხოლოდ მე. თავიდან ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს მსმენელთან კონტაქტს ვერ ახერხებდა, თუმცა, იყო რამდენიმე სიმღერა, როცა აქტიურად სცადა ჩვენი ჩართვა. განსაკუთრებული მოლოდინით ყველა Another Love-ს ველოდით და ტრადიციულად, ერთად ვიმღერეთ.
მეორე დღეს კარგი სანახაობა შემოგვთავაზეს Rejjie Snow-მ და Kaleo-მ. ორივემ შეძლო და ფესტივალის სტუმრები გვამღერა და გვაცეკვა. ინტერნეტი გვეუბნება, რომ Kaleo-ს შემოქმედებაზე გავლენა ბლუზ როკმა, ინდი ფოლკმა და ალტერნატიული როკმა იქონია, თუმცა ჩვენთვის 24 ივნისის შესრულება ქანთრისა და როკის ნაზავს უფრო ჰგავდა. საფესტივალო ტერიტორიაზე მიმოყრილი თივა კი სცენიდან მომავალ ხმებთან იდეალურ ტანდემს ქმნიდა.
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
You will never know რა გაგაოცებს ყველაზე მეტად, წელს ეს Imany-მ მოახერხა. ფრანგი შემსრულებელი ფესტივალის მესამე დღეს Voodoo Cello პროექტით წარსდგა, რომელი თავისუფლების დასაცავად ბრძოლას მიუძღვნა. ალბომში რამდენიმე ქავერია, მათ შორის, Hozier-ის Take Me to Church, Elton John-ის I'm Still Standing და Imagine Dragon-ის Believer.
მომღერალმა გაგვიმხილა, რომ თბილისში 20 წლის წინ იყო, როგორც მოდელი, რომელიც მომღერლობაზე ოცნებობდა და ახლა შეძლო, ეს აეხდინა. მადლობა გადაგვიხადა, რომ მისი ოცნების ნაწილი ვართ და მოგვიწოდა, ჩვენი ოცნების შესასრულებლად ყველაფერი გავაკეთოთ.
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
რა გვახარებს ქართველ მსმენელს ყველაზე მეტად? როცა სტუმრები ცდილობენ ქართულად მოგვესალმონ. სცენიდან მოსმენილი "გამარდჟობა" და "მადლობა" განსაკუთრებით სასიამოვნოდ ჟღერს. ამიტომ, როცა ტომ ოდელმა გვითხრა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ვართ, რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდა და დავუჯერეთ.
იმანიმ კი გაგვიმხილა, რომ მთელი დღე ცდილობდა I LOVE YOU-ს ქართულად გამოთქმას, მაგრამ არ გამოუვიდა. სამაგიეროდ, შეძლო და "სასთსაულია" თქვა. შემსრულებელი "მადლობა სოუ ვერი მაჩით" დაგვემშვიდობა, ხმაურიანი მოწოდების შემდეგ სცენაზე დაბრუნდა და კიდევ რამდენიმე მუსიკით გაგვანებივრა.
ფესტივალის მთავარი სცენა Moderat-მა დახურა. თავიდან ცოტა უცნაური შეგრძნება იყო ელექტრონული მუსიკის Main Stage-ზე მოსმენა და არა ღამის სივრცეში, თუმცა შესრულება იმდენად კარგი იყო, რომ მალევე მეც და სხვებმაც დაკარგეს შეგრძნება, სად იყვნენ და უბრალოდ მუსიკას აჰყვნენ. არ შემიძლია, არ მოგიყვეთ ოპერატორზე, რომელიც სცენის წინ შტატივით იდგა და შემსრულებლებს უღებდა. სამსახურებრივ მოვალეობას ნამდვილად მონდომებით ასრულებდა და ყოველ წუთს ამოწმებდა კადრს, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, მთელი გამოსვლის განმავლობაში ეცეკვა და ტაშით დაეჯილდოებინა ჯგუფი, რომელიც აშკარად ძალიან მოსწონდა.
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
Moderat-ის დასრულების შემდეგ მივხვდით, რომ საოცრებათა ქვეყანაში ცოტა დრო დაგვრჩა და ვცადეთ მაქსიმალურად გამოგვეყენებინა. მთავარი სცენა მალევე დაცარიელდა და სტუმრებმა ბარებთან და კაფეებთან გადაინაცვლეს.
ჩვენ ბარებიდან ღამის სთეიჯებს მივაშურეთ. ცეკვის, თამაშის და უამრავი სიცილის შემდეგ ცოტა ხნით დასასვენებლად ჩამოვჯექი და ვაკვირდებოდი, რამდენი განსხვავებული ადამიანი შევიკრიბეთ ერთ სივრცეში და როგორ ვცდილობდით ყველა ერთმანეთის დახმარებას, გზის მისწავლებას, რჩევების მიცემას, მაკიაჟის გაკეთებას. მივხვდი, რომ ლისის საოცრებათა ქვეყანაში სულერთია, რამდენი წლის ხარ და რომელ თაობას ეკუთვნი, მთავარია, მუსიკა და თავისუფლება გიყვარდეს.
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
ამიტომ რამდენმა წვიმამ და ტალახმაც არ უნდა ჩაიაროს, ყოველ წელს ვაპირებ, გარდერობიდან ყველაზე ფერადი ნივთები ამოვარჩიო, გლითერებში ჩავწვე და საცობების გავლით ან ნუცუბიძეზე ფეხით წოწიალით იქ აღმოვჩნდე, სადაც მუსიკა მართლა ათავისუფლებს.
კომენტარები