რა უნდა ვიცოდეთ OceanGate-ზე, კომპანიაზე, რომელმაც სარისკო ტურიზმი შემოსავლის წყაროდ აქცია
2019 წელს OceanGate-მა განაცხადა, რომ მის წყალქვეშა ნავს, ტიტანს, არ გაუვლია შემოწმება იმის დასადასტურებლად, რომ იგი აკმაყოფილებდა ინდუსტრიის სტანდარტებს.
OceanGate Titan, წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები ჩაძირული ტიტანიკის ნამსხვრევების დასათვალიერებლად მიჰყავდა, ატლანტის ოკეანეში 18 ივნისს გაუჩინარდა.
აშშ-ის სანაპირო დაცვამ კი ხუთშაბათს დაადასტურა, რომ ტიტანიკის კორპუსის წინა ნაწილიდან, დაახლოებით, 500 მეტრის მანძილზე ნაპოვნი ნამსხვრევები ეკუთვნის ტიტანის დაკარგულ წყალქვეშა ნავს.
ნამსხვრევები იმის მტკიცებულებაა, რომ წყალქვეშა ნავმა, შესაძლოა, კატასტროფული იმპლოზია (შიგნით მიმართული აფეთქება) განიცადა და მგზავრები მყისიერად დაიღუპნენ.
ამ ტრაგიკული მოვლენის ფონზე, მსოფლიოს გარშემო ბევრ ადამიანს გაუჩნდა კითხვები კომპანია OceanGate-ზე, რომელმაც ეს სარისკო ტურიზმი შემოსავლის წყაროდ აქცია.
რა არის OceanGate?
კომპანია OceanGate დაარსდა 2009 წელს და ფოკუსირებული იყო "ღრმა ოკეანეზე წვდომის გაზრდაზე წყალქვეშა ნავებისა და გამშვები პლატფორმების შემდეგი თაობის ინოვაციების გზით". კერძო კომპანია დაფუძნებულია ევერეტში (ვაშინგტონი) და ჰყავდა 47 თანამშრომელი აპრილის მონაცემებით. Pitchbook-ის მიხედვით, კომპანიამ ჯამში 36,81 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიპოვა.
ტიტანიკის ექსპედიციის ტურთან ერთად, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს კვლევის ყოველკვირეულ შესაძლებლობებს ოკეანის შესასწავლად და ზღვის ცხოველებზე დასაკვირვებლად.
მისი აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი, სტოკტონ რაში, რომელიც დაკარგული გემის ერთ-ერთი მგზავრი იყო, არაერთხელ უსვამდა ხაზს უსაფრთხოების ზომების მიღებით რისკის დაბალანსების აუცილებლობას.
თუმცა, გასული წლის ნოემბერში, CBS-სთან ინტერვიუში რაშმა თქვა: "იცი, რაღაც მომენტში უსაფრთხოება მხოლოდ დროის კარგვაა. თუკი უსაფრთხოდ ყოფნა გინდა, საერთოდ ნუ ადგები საწოლიდან, ნუ ჩაჯდები მანქანაში და ნურაფერს გააკეთებ. რაღაც მომენტში რისკის გაწევა მოგიწევს და ეს რისკი-ჯილდოს საკითხია."
როგორც ექსპერტებმა ადრე აღნიშნეს, კომპანიამ ასევე თავი აარიდა უსაფრთხოების წესებს საერთაშორისო წყლებში გამოფენების მოწყობის გზით. 2019 წელს OceanGate-მა განაცხადა, რომ მის წყალქვეშა ნავს, ტიტანს, არ გაუვლია შემოწმება იმის დასადასტურებლად, რომ იგი აკმაყოფილებდა ინდუსტრიის სტანდარტებს. ამის მიზეზად მისი "ინოვაციურობა" დაასახელეს, რადგან ზოგიერთი დიზაინის დამტკიცებას, შესაძლოა, წლები დასჭირვებოდა.
2018 წელს OceanGate-ზე სასამართლოში სარჩელი შეიტანა ყოფილმა თანამშრომელმა, დევიდ ლოჩრიჯმა, რომლის თქმითაც, ტიტანს ხარისხსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. სარჩელში ნათქვამია, რომ "მგზავრებმა არ იცოდნენ და არ იქნებოდნენ ინფორმირებულები ამ ექსპერიმენტული დიზაინის ან იმის შესახებ, რომ წყალქვეშა ნავში საშიში აალებადი მასალები იყო გამოყენებული". 2018 წლის ნოემბერში კომპანია და ყოფილი თანამშრომელი სასამართლოს გარეშე მორიგდნენ.
ტიტანიკის შემსწავლელი ექსპედიციები
OceanGate 2021 წლიდან ატარებს ტიტანიკის შემსწავლელ ექსპედიციებს. კომპანიის ვებსაიტის მიხედვით, ამ ტურს შეუძლია 5 ადამიანი, ერთი პილოტი და ეკიპაჟის ოთხი წევრი, წყალქვეშა გემით 4 000 მეტრის სიღრმემდე ოკეანეში გადაიყვანოს. ასევე ცნობილია, რომ ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე 250 000 აშშ დოლარია.
ტიტანიკის ტური, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, სულ 10 დღეს გრძელდება და იწყება ნიუფაუნდლენდის ქალაქ სენტ-ჯონის მახლობლად, საიდანაც მგზავრები იწყებენ 8-დღიან საზღვაო მოგზაურობას.
CBS News-ის რეპორტიორმა, დევიდ პოგმა, რომელიც ერთ დროს თავადაც იმყოფებოდა ტიტანზე, განაცხადა, რომ ტიტანი არის მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი ხომალდი, რომელსაც შეუძლია ამხელა სიღრმეებს მიაღწიოს. ბოლო სამი ზაფხულის განმავლობაში, OceanGate-მა ჩაძირული ტიტანიკის დასათვალიერებლად, დაახლოებით, 25 ტურნე მოაწყო.
რა არის OceanGate Titan?
OceanGate Titan არის ავტონომიური აპარატი წყალქვეშა სამყაროს შესასწავლად. იგი ტიტანიკის შემსწავლელ ექსპედიციებზე გამოიყენებოდა. ტიტანი წყალქვეშა ნავისგან ოდნავ განსხვავდება: მას წყალში უშვებენ ცალკეული გემიდან, არ აქვს ელექტრო პორტი და უფრო პატარა ზომისაა.
იგი იმართება ვიდეო თამაშების კონტრროლერით, ისევე როგორც აშშ-ს საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავის ზოგიერთი დიზაინი, რომელიც იყენებს Xbox 360 კონტრროლერებს. ჰარვარდის საზღვაო მეცნიერის, პიტერ გირგუისის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს, ერთი შეხედვით, შესაძლოა, უცნაურად მოგვეჩვენოს, თამაშის კონტრროლერს შეუძლია, წყალქვეშა ნავები უფრო საიმედო გახადოს.
მოგზაურობის დაწყებამდე ეკიპაჟის წევრებმა ხელი უნდა მოაწერონ დოკუმენტს, რომელიც ნათლად ასახავს სიკვდილის რისკებს. ტიტანის ყოფილმა მგზავრმა, მაიკ რეისმა BBC-ს განუცხადა: "როდესაც წყალქვეშა ნავში ვჯდებოდი, ვფიქრობდი: "კარგი, ეს შეიძლება დასასრული იყოს".
"ასე რომ, გაურკვეველ სიტუაციაში არავინაა. ყველამ იცის, რაზეც მიდის", — დასძინა მან.
და მაინც, რამდენად ლოგიკურია მსგავსი ბიზნესის დაწყება მანამ, ვიდრე მოწყობილობა შემოწმებას გაივლიდეს? თავად განსაჯეთ...
კომენტარები