ენდომეტრიოზს შეიძლება ნაწლავის ბაქტერია იწვევდეს — ახალი კვლევა
"ადრე არავის უფიქრია, რომ ენდომეტრიოზი ბაქტერიული ინფექციიდან მომდინარეობდა, ამიტომ ეს ძალიან ახალი იდეაა."
ახალ კვლევაში მეცნიერებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ბაქტერია, რომელიც, ჩვეულებრივ, პირის ღრუსა და ნაწლავებში გვხვდება, შეიძლება ენდომეტრიოზს იწვევდეს.
ადრეული კვლევები კი მიუთითებს იმაზე, რომ ანტიბიოტიკებს შეუძლია, ებრძოლოს მტკივნეულ და ქრონიკულ დაავადებას, რომელიც იწვევს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ქსოვილების ზრდას მის გარეთ.
ოთხშაბათს (14 ივნისს) ჟურნალ Science Translational Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, იაპონელმა მეცნიერებმა ეს კავშირი აღმოაჩინეს 155 ქალისგან (მათგან 79-ს ენდომეტრიოზი ჰქონდა) აღებული ვაგინალური ნაცხის ნიმუშების შესწავლისას.
ენდომეტრიოზით დაავადებული ქალების, თითქმის, ორ მესამედს ასევე დაუდასტურდა Fusobacterium — ბაქტერიების გვარი, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ღრძილებისა და პირის ღრუს და ნაწლავის სხვა დაავადებებს.
"ადრე არავის უფიქრია, რომ ენდომეტრიოზი ბაქტერიული ინფექციიდან მომდინარეობდა, ამიტომ ეს ძალიან ახალი იდეაა", — განუცხადა The Washington Post-ს კვლევის თანაავტორმა, იუტაკა კონდომ, კიბოს ბიოლოგმა იაპონიის ნაგოიას უნივერსიტეტის მედიცინის უმაღლესი სკოლიდან.
იმის დასამტკიცებლად, რომ Fusobacterium "მთავარ დამნაშავეს" წარმოადგენდა, მკვლევრებმა თაგვები ბაქტერიით დააინფიცირეს და გამოიკვლიეს მათი საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი. თაგვებს განუვითარდათ ენდომეტრიოზთან დაკავშირებული შეხორცებები. მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა თაგვებს ანტიბიოტიკები მისცეს, შეხორცებების ზომა და რაოდენობა შემცირდა.
"ამ ბაქტერიის აღმოფხვრა ანტიბიოტიკებით შეიძლება იყოს ენდომეტრიოზის მკურნალობის მეთოდი იმ ქალებისთვის, რომლებსაც უდასტურდებათ Fusobacteria ინფექცია, ხოლო ასეთი ქალების იდენტიფიცირება შესაძლებელია ვაგინალური ნაცხის ან საშვილოსნოს ნაცხის საშუალებით", — თქვა კონდომ განცხადებაში.
ამჟამად ენდომეტრიოზის მკურნალობის ერთადერთი საშუალება ჰორმონალური მედიკამენტები (ჩასახვის საწინააღმდეგო აბები) ან ქირურგიული ჩარევით საშვილოსნოს გარეთ გაზრდილი ენდომეტრიული ქსოვილის მოცილებაა. ამდენად, ახალი კვლევა ნამდვილად ბადებს იმედს, თუმცა, როგორც მეცნიერებმა განაცხადეს, მკურნალობის შემუშავებამდე ჯერ კიდევ ბევრი კვლევითი სამუშაოა ჩასატარებელი.
აღსანიშნავია, რომ ენდომეტრიოზის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ კვლევის საგანია. ამ კუთხით რამდენიმე თეორია არსებობს და სპეციალისტები ჯერ არ არიან შეთანხმებული იმაზე, თუ რომელი თეორია შეესაბამება რეალობას.
კომენტარები