ხელოვნური ინტელექტის დახმარებით უდაბნოში დამალული ნასკას 3 გეოგლიფი იპოვეს
უდაბნოში ამ გიგანტური ფიგურების შექმნას ხან უცხოპლანეტელებს უკავშირებენ, ხან კი ადგილობრივ კულტურას, რომლის წარმომადგენლებიც სამხრეთ ამერიკაში 2 000 წლის წინ ცხოვრობდნენ.
პერუში, ნასკას უდაბნო ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ადგილად ითვლება დედამიწაზე. აქ არსებული გეოგლიფები — გიგანტური ხაზები, რომლებიც ცხოველებისა თუ სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურის გამოსახულებას ქმნის და მხოლოდ უდაბნოზე გადაფრენისას ჩანს, 1 400-დან 2 400 წლამდე დროს ითვლის. მათი რიცხვი, 2022 წლის მონაცემებით, 358-ია. მათ შექმნას ხან უცხოპლანეტელებს მიაწერენ, უფრო სარწმუნო თეორიის მიხედვით კი ისინი სამხრეთ ამერიკის უძველესმა ხალხმა — ნასკას კულტურის წარმომადგენლებმა შექმნეს.
ეს გიგანტური ფიგურები ნასკას ფერდობზე 50 კვადრატულ კილომეტრზე მეტზეა განფენილი და მათი უმეტესობა 500 მეტრის სიმაღლიდან ჩანს. გეოგლიფების დიამეტრი უმეტესად ათობით მეტრია, ყველაზე გრძელი ხაზი კი 20 კილომეტრის სიგრძისაა.
ნასკას ხაზების დანიშნულება საიდუმლოებითაა მოცული. მიჩნეულია, რომ ისინი სამხრეთამერიკული ორი განსხვავებული კულტურის — ნასკასა და პარაკას შემოქმდედებაა. პირველი ჩვენს წელთ აღწიცხვამდე 200 წლიდან, ჩვენი წელაღრიცხვით 600 წლამდე არსებობდა, მეორე კი უფრო ძველია. ითვლება, რომ ხაზების დიდი ნაწილი ნასკას ხალხის მიერაა შექმნილი. რაც შეეხება უშუალოდ "ხატვის ტექნიკას", LiveScience-ის თანახმად, გიგანტური ნახატები შესრულებულია შავი ქვების გამოყენებით, რომლებითაც გაჭრილია უდაბნოს ზედაპირი, სიღრმეში არსებული თეთრი ქვიშის გამოსაჩენად.
ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელის დახმარებით, მკვლევრებს შესაძლოა ნასკას დამალული ხაზების იდენტიფიცირებისთვის ახალი გზა მიეცეთ. ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე გამოავლინა ნასკას 3 დაფარული გეოგლიფი, რომლის პოვნაც სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა.
დრომ არც ეს გიგანტური "ნახატები" დაინდო და ათასობით წლის ასაკის გამო, ეროზიამ დაჩრდილა მრავალი უნიკალური გეოგლიფი, რის გამოც მხოლოდ საჰაერო დათვალიერებით მათი აღმოჩენა-შესწავლა რთული პროცესია და ზოგჯერ, შეუძლებელიც კია. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრა დაისახა მიზნად მასატო საკაიმ, ანთროპოლოგიისა და არქეოლოგიის პროფესორმა იამაგატას უნივერსიტეტში (YU). IBM Japan-თან პარტნიორობით, საკაიმ და მისმა კოლეგებმა YU ინსტიტუტიდან მიმართეს AI-ს იმისათვის, რომ მაღალი რეზოლუციის აეროფოტოგრაფიით მიღებული გამოსახულებების უკეთესი ანალიზი შეძლებოდათ. მათ მიზნად დაისახეს იმ ძირითადი მახასიათებლების იდენტიფიცირება, რომლებიც შეიძლება შენიღბული ყოფილიყო.
"გეოგლიფების ცნობილი პატერნები უნიკალური და კომპლექსურია. ამასთან, მოსალოდნელია, რომ ჩვენთვის უცნობ გეოგლიფებს არ ექნება იგივე დიზაინი, რაც სხვებს. რთულია, უკვე ცნობილ გეოგლიფებზე დაყრდნობით გაწვრთნილი ღრმა დასწავლის ობიექტების დეტექციის მოდელებით ახალი გეოფლიგები იპოვო, რადგან ის ვერ შეძლებს დააფიქსიროს ის ფორმები, რომლებიც არ ყოფილა საწვრთნელად გამოყენებულ მონაცემებში. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავყავით ცნობილი გეოგლიფები შედარებით მარტივ ელემენტებად და გამოვიყენეთ ისინი საწვრთნელ მონაცემებად, რომ შეგვექმნა დეტექციის მოდელი. ვივარაუდეთ, რომ უცნობ გეოგლიფებში მსგავსი ელემენტები იქნებოდა და მეთოდი შეძლებდა გენერალიზაციის პერფორმანსის გაუმჯობესებას (ანუ ახალი გეოგლიფის დეტექციას აქამდე უნახავი მონაცემების მიხედვით). ეს კი, მთლიანი გეოგლიფის ნაცვლად, ამ ელემენტებზე ფოკუსირების ხარჯზე უნდა მომხდარიყო", — ამბობს მასატო საკაი გავრცელებულ პრესრელიზში.
როგორც ჩანს, მეთოდი მუშაობს და უკვე დაეხმარა მკვლევრებს აღმოეჩინათ მანამდე უცნობი სამი ფიგურა და ერთი 2019 წლიდან ცნობილი ხაზი — ადამიანის მსგავსი ფიგურა, ნახატი, რომელიც ორ ფეხს ჰგავს, თევზი და ფრინველი. აღმოჩენის შესახებ სტატია Journal of Archaeological Science-ის უახლეს ნომერში გამოქვეყნდა.
ნასკას ხაზებზე "ნადირობა" გრძელდება და ეს სულ უფრო რთული ამოცანა ხდება — ეროზიის, კლიმატის ცვლილებისა და ადამიანთა აქტივობის ფონზე, ისინი უდაბნოს ზედაპირიდან ნელ-ნელა ქრებიან. იმისათვის, რომ მათი დოკუმენტირება და დაცვა შევძლოთ, პირველ ეტაპზე, მათი პოვნაა საჭირო. საკაისა და მისი გუნდის მიხედვით, ტექნიკა 21-ჯერ სწრაფია გეოგლიფების იდენტიფიცირებისთვის, ვიდრე არქეოლოგების მიერ გამოყენებული მეთოდები. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, ახალი გეოგლიფების პოვნის პროცესი დრამატულად დააჩქაროს მანამ, სანამ ისინი ბოლომდე გაქრებიან.
კომენტარები