გაიცანით TikTok-ის კრეატიული დირექტორი, რომელიც 9 ივნისს, თბილისში, ფესტივალ Touch.point-ზე გამოვა
ტექნოლოგიები ვითარდება და ეს პროცესი ციფრულ სამყაროზეც ისახება. პროგრესი სულ უფრო კრეფს სიჩქარეს. ამის ფონზე, ბიზნესის ნებისმიერი სფერო საჭიროებს ტექნოლოგიებისთვის ფეხის აწყობას, ისევე როგორც ციფრული რეალობის ათვისებას. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი ბიზნესისათვის, ისევე როგორც მომხმრებლისთვის, მიწოდება-მოხმარებას უფრო გამართულსა და კომფორტულს ხდის.
საჭიროა არსებულ გამოწვევებს საქართველომაც უპასუხოს. ამ მხრივ საინტერესოა და დადებით როლს ასრულებს Touch Platform, რომელიც 2016 წლიდან ატარებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენციებს. ახალი ღონისძიება, საქართველოში პირველი მარტექ ფესტივალი — Touch.point 9 ივნისს გაიმართება. ფესტივალის მთავარი მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე მარკეტინგული ტექნოლოგიების შესახებ ცნობადობის ამაღლება და არსებული ტექნოლოგიური გადაწყვეტების დანერგვა.
ღონისძიება დატვირთულია საერთაშორისო გამოცდილების მქონე სპიკერებით, მათ შორის არიან NIke-ის, Meta-სა თუ Google-ის თანამშრომლები. ფესტივალის ერთ-ერთ მომხსენებელი და სტუმარია ოქსანა ვალენტელისი — TikTok-ის კრეტიული დირექტორი.
NEXT.On.ge-სთან ინტერვიუში მან გაგვიზიარა შეხედულებები ბრენდინგის შესახებ და მოგვცა რჩევები, თუ როგორ შევქმნათ მიმზიდველი კონტენტი, რომელიც ციფრულ სამყაროში გამორჩეული იქნება.
ოქსანა საბჭოთა მმართველობის დროს აღმოსავლეთ ბლოკში დაიბადა. მოგვიანებით მან ლონდონში გააგრძელა სწავლა. მისი კარიერა ალექსანდრე მაქქვინთან მუშაობით დაიწყო. მალე მან საქმიანობის სფერო შეიცვალა, დიზაინში გადავიდა. ოქსანას, როგორც კრეატიულ დირექტორს, გლობალური ბრენდების ფართო სპექტრთან მუშაობის თხუთმეტწლიანი გამოცდილება აქვს. მან იცის, როგორ აქციოს ბრენდების პროდუქცია გამორჩეულ პროდუქტად ციფრულ სამყაროში.
"საბჭოთა კავშირი 1991 წელს დაიშალა. შესაბამისად, 10 წელი პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ვცხოვრობდი, სანამ დიდ ბრიტანეთში გადავიდოდი. ბავშვობა და ადრეული ახალგაზრდობა ლიეტუვაში გავატარე. ვფიქრობ, ყველაზე დიდი განსხვავება, რაც პოსტსაბჭოთა სისტემასა და დასავლურ რეალობას შორის დავინახე, არის განათლებაში. ასევე იმაში, თუ როგორ წარმოადგენენ ადამიანები საკუთარ თავს. მე მასწავლეს, არასდროს გამომეხატა და ნაკლებად გამომეჩინა თავი. თუმცა, დასავლეთში ეს ასე არ არის. თუ თქვენ არ იმოქმედებთ, სხვა არავინ იტყვის თქვენს სათქმელს. ეს თავიდან ჩემთვის პრობლემა იყო, თუმცა მალე ვადაპტირდი", — ამბობს ოქსანა.
ოქსანას თქმით, მას ძალიან გაუმართლა, რომ ადრეულ ასაკში Central St Martin-ში გრაფიკული დიზაინის შესასწავლად მიიღეს. სკოლამ ახალი კარები გააღო და ინდუსტრიის ექსპერტები გააცნო. შემდეგ იყო მაქქუინი. ოქსანამ მას თავისი პორტფოლიო გააცნო და მათი ხედვები თანხვედრაში აღმოჩნდა.
ოქსანა კრეატიულ დირექტორობაზე, როგორც პროფესიაზე მესაუბრა. მისი თქმით, ადამიანები ძირითადად ჩქარობენ და მალევე სურთ კრეატიული დირექტორობა.
"ეს მანათობელ შუქურას ჰგავს, სადაც ყველას სურს მოხვედრა. თუმცა, ნაკლებად ფიქრობენ იმაზე თუ რა იქნება შემდეგ. ეს ის სფეროა, სადაც არ უნდა იჩქაროთ. როგორც კრეატიულ დირექტორს, თქვენ ნაკლებად გექნებათ ექსპერიმენტების საშუალება, არადა, ეს მნიშვნელოვანია".
სანამ ოქსანა TikTok-ს შეუერთდებოდა, მას დიდი გამოცდილება დაუგროვდა. იყო მომენტი, როდესაც მეგობარს კომპანიაში კრეატიული დეპარტამენის შექმნაში ეხმარებოდა. შემდეგ დაიწყო პანდემია და TikTok მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სოციალური ქსელი გახდა. სწორედ ამ მომენტში ის TikTok-ის გუნდს შეუერთდა.
დღეს ჩვენ მუდმივად ცვალებად სამყაროში ვცხოვრობთ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სიახლეებთან ადაპტაცია.
"ხელოვნურ ინტელექტს უდიდესი პოტენციალი აქვს. ძალიან საინტერესოა, რამდენად შორს წავალთ ამ მხრივ და როგორი იქნება შემდეგი რეალობა. ამაზე ფიქრიც კი ამაღელვებელია! ახალი ტექნოლოგია ხსნის უამრავ ახალ შესაძლებლობას. განსაკუთრებით თუ საუბარია ციფრულ სამყაროზე", — აღნიშნა ოქსანამ.
შეკითხვაზე, თუ რა ხდის ბრენდს ციფრულ სამყაროში გამორჩეულს, ოქსანამ მიპასუხა, რომ პირველ რიგში, მოქნილობა და სისწრაფე.
"არ უნდა შეგეშინდეთ ექსპერიმენტების და ახალი შესაძლებლობების გამოცდის. თქვენ უნდა იმოქმედოთ და იფიქროთ ერთდროულად. რაც უფრო მოქნილია ბრენდი, მით უფრო ადაპტირებადია საიხლეებზე. დღეს ეს ეხება ყველას და ყველაფერს".
Touch.Point-ზე TikTok-ის კრეატიული დირექტორის გამოსვლის თემა სოციალურ პლატფორმებზე წარმატების მიღწევას შეეხება:
"ვისაუბრებ ბრენდებზე და იმაზე, თუ როგორია წარმატება სოციალურ პლატფორმებზე. გაჩვენებთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოებს"
საუბრის დასასრულს ოქსანამ გვითხრა, რომ გატაცებულია ხელოვნური ინტელექტით და მისი შესაძლებლობებით. შესაბამისად, მომავალში ის მას მეტ დროს დაუთმობს და იმედი აქვს, რომ თავის საქმიანობასთან კიდევ უფრო დააკავშირებს.
ფესტივალის სპიკერებს სრულად აქ გაეცნობით, ბილეთების შეძენა ამ ბმულზეა შესაძლებელი, Touch.point-ის შეხვედრის წერტილი კი 9 ივნისს, თბილისში მოინიშნება.
კომენტარები