თუ საქმეების გაკეთებას ხშირად აჭიანურებთ და დავალების შესრულებას სოციალური ქსელების "სქროლვა" გირჩევნიათ, ეს სტატია შეიძლება გამოგადგეთ. კალიფორნიის სანტა-ბარბარას უნივერსიტეტის მკვლევრებმა ამ პრობლემის დაძლევის გზა იპოვეს — მეტიც, მათ საამისოდ მობილური აპლიკაციაც შექმნეს: Dawdle AI.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 2-წუთიანი თვითრეფლექსიის სავარჯიშო გამოცადეს, რომელიც ემოციურ წინააღმდეგობას ამცირებს და პირველი ნაბიჯის გადადგმაში გვეხმარება.

როგორც კვლევის თანაავტორი განმარტავს, პროკრასტინაციის (საქმეების გადადების) დასაძლევად მეთოდების უმრავლესობა საკუთარი ჩვევების ან თვისებების ცვლილებას მოიაზრებს — ყველაფერს, რაც გრძელვადიანი პროცესია, თუმცა სინამდვილეში პროკრასტინაცია მომენტალურად ხდება. მკვლევრებმაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, აქცენტი იმ პატარა მომენტებზე გაეკეთებინათ, რომლებიც საქმის დაგეგმვასა და შესრულებას შორის იჩენს თავს.

გუნდმა იმავე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტებთან თანამშრომლობით უფასო აპლიკაცია შექმნა, რომლის გამოყენებაც ყოველდღიურად შეგვიძლია. უშუალოდ აქტივობის შესასრულებლად 2 წუთზე ნაკლებია საჭირო.

მეთოდი მკვლევრებმა 1035 ადამიანზე გამოცადეს. ნახევარი ექსპერიმენტულ ჯგუფში მოხვდა შემთხვევითობის პრინციპით, ნახევარი კი — ორიდან ერთ-ერთ საკონტროლო ჯგუფში. იმ ცდისპირებს, რომლებიც ექსპერიმენტულ ჯგუფში იყვნენ და სავარჯიშო შეასრულეს, განწყობა გაუუმჯობესდათ და ემოციური წინააღმდეგობებიც უკეთ დაძლიეს. გარდა ამისა, გადადებული საქმე მათ უფრო ხშირად შეასრულეს, ვიდრე საკონტროლო ჯგუფების ცდისპირებმა.

ეს მიდგომა პროკრასტინაციის კონკრეტული მოდელიდან გამომდინარეობს, რომელსაც დროითი გადაწყვეტის მოდელი ეწოდება. ამ მოდელის თანახმად, პროკრასტინაციას მოლოდინი იწვევს, რომ საქმე ბევრად რთული იქნება, ვიდრე მისი შესრულებით მიღებული სიამოვნება.

მეცნიერებმა ამ "განტოლების" შებრუნება სცადეს — სირთულის განცდა შეამცირეს, შესრულებით გამოწვეული სიამოვნება კი გაზარდეს. ამისათვის მიზნები უფრო პატარა ნაწილებად დაყვეს და ცდისპირს თავის მიერ არჩეული ჯილდო გადასცეს, საქმის სირთულის შესამცირებლად კი მასთან დაკავშირებული ემოციების დასახელებას მიმართეს.

მკვლევრებმა გადაწყვიტეს, თავიანთი მიგნება მხოლოდ ფურცელზე არ დაეტოვებინათ და იგი აპლიკაციის საშუალებით "გაეცოცხლებინათ". იდეა ისაა, რომ დღეს ადამიანების უმრავლესობა პროკრასტინაციის დროს ტელეფონს იყენებს, ამიტომ მოსახერხებელია, რომ ამის დაძლევის საშუალებაც ტელეფონშივე ჰქონდეთ.

Dawdle AI-ის გადმოწერის შემდეგ პროკრასტინაციის დაძლევაში ანიმაციური გზამკვლევი, პებლზი დაგვეხმარება. მას უნდა ვუთხრათ, რომელი საქმის შესრულებას ვარიდებთ თავს. ამის შემდეგ პებლზი ჩვენს დავალებას უფრო პატარა ნაწილებად დაყოფს და თითოეულის შესრულების მერე ჩვენთვის სასურველ ჯილდოსაც შეგვირჩევს. Dawdle AI-ში წამმზომები და სპეციალური სისტემაა ჩაშენებული, რომელიც აპლიკაციით სარგებლობის დღეებს აღრიცხავს. გარდა ამისა, აქ სპეციალური ანიმაციებიც გვხვდება, რომლებიც წამახალისებელ უკუკავშირს გასცემს.

აღსანიშნავია, რომ კვლევას გარკვეული შეზღუდვებიც აქვს: მეცნიერებმა მეტწილად ცდისპირების განზრახვები გაითვალისწინეს და არა ის, მართლა შეასრულეს თუ არა მათ კონკრეტული დავალება. შესაბამისად, მიზანსა და რეალურ ქცევას შორის არსებული "ნაპრალი" კვლავ ბუნდოვანია.

გარდა ამისა, კვლევაში რამდენიმე მიდგომა გააერთიანეს, ამიტომ გაურკვეველია, რომელი ელემენტი იყო ყველაზე ეფექტიანი: მიზნების პატარა ნაწილებად დაყოფა, ჯილდოს მიღება თუ სარგებლიანობაზე ფოკუსირება.

კვლევა გამოცემაში BMC Psychology გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.