კარგად დაფიქრდით, სამსახურებრივი საიდუმლო ოდესმე ChatGPT-სთან ხომ არ წამოგცდენიათ? იქნებ არც იყო საიდუმლო, მაგრამ ინფორმაციის AI-სთვის გაზიარებამ კომპანია მაინც რომ დააზარალოს? AI ხელსაწყოს რომ მეილი დააწერინეთ, იქნებ ამით რამე გააფუჭეთ?

AI-ზე მომუშავე ხელსაწყოები ყოველდღიურ ცხოვრებას ძალიან გვიმარტივებს, თუმცა მათი გააზრებული და ეთიკური გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ დიდი თუ პატარა პრობლემები ავირიდოთ თავიდან. ცხადია, იმის ცოდნაც საჭიროა, როგორ უნდა ვიურთიერთოთ ამ ხელსაწყოებთან, რომ ჩვენთვის სასურველი შედეგები მოგვცეს.

ამ მხრივ თიბისელების საჭიროებებზე თიბისის IT აკადემია და ხელოვნური ინტელექტის გუნდი ზრუნავს. აკადემია ტექნოლოგიური მიმართულებით დაფინანსებულ კურსებს ყველას გვთავაზობს, თუმცა თიბისელებისთვის განვითარების მეტი შესაძლებლობა და ტრენინგ-კურსია შექმნილი. ერთ-ერთი მათგანია TBC AI Essentials კურსი, რომელიც ცოტა ხნის წინ IT აკადემიამ ხელოვნური ინტელექტის გუნდთან ერთად ჩაუშვა. თიბისის 10 ათასზე მეტ თანამშრომელს შეუძლია, კურსი საკუთარი ტემპით, ნებისმიერ დროს გაიაროს და ზემოთ მოყვანილ ყველა კითხვაზე (და არამხოლოდ) მიიღოს პასუხი.

თიბისელები სწავლობენ, როგორ ესაუბრონ AI-ს "თავის ენაზე", ანუ როგორია ეფექტიანი კომუნიკაცია AI-ს ერაში; ეცნობიან, როგორ გამოიყენონ კომპანიაში დანერგილი ხელსაწყოები სწორად, ეთიკურად და პროფესიონალური სტანდარტების დაცვით, რომ მაქსიმალურად ეფექტიანი შედეგები მიიღონ; იგებენ, როგორ მუშაობს გენერაციული AI და როგორ ითარგმნება ეს მათ პრაქტიკულ გამოცდილებაში. რაც მთავარია, სამუშაო პროცესში შეუძლიათ, რუტინული დავალებები ხელოვნურ ინტელექტს მიანდონ და დრო უფრო საინტერესო საქმეებისთვის გამოითავისუფლონ.

ცხადია, ახალი კურსი ერთადერთი ინიციატივა არაა, რომელსაც თიბისი AI Literacy-ს (AI წიგნიერების) გაზრდის მისიით ახორციელებს — აქ საინტერესო ფორმალური თუ არაფორმალური შეხვედრებიც იმართება.

თათა ანჯაფარიძეს გავესაუბრეთ, რომ უფრო დეტალურად მოეყოლა ჩვენთვის AI Essentials-ისა და AI Literacy-ს გაძლიერებისთვის გაწეულ შრომაზე. თათა თიბისის IT აკადემიის ლიდერია და პროექტის დანერგვაში დიდი წვლილი მიუძღვის.

რის საფუძველზე გადავწყვიტეთ პროექტის დაწყება და რა არის კურსის მიზანი?

წელს ვიყავით წასულები ინგლისში AI-ს სამიტზე, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოვაგროვეთ. ძალიან ბევრი საინტერესო სპიკერი ვნახეთ და გავეცანით, როგორ ხდება ორგანიზაციებში AI-ს განვითარება და AI Literacy-ს გაზრდა. რომ ჩამოვედით, ამის მიხედვით ჩვენს ორგანიზაციაზე მორგებული დიდი გეგმა დავსახეთ — სტრატეგია, როგორ გავზარდოთ AI Literacy თიბისიში.

ამის ერთ-ერთი პირველი კომპონენტი, როგორც ბევრ სხვა გლობალურ ორგანიზაციაშია, იყო თიბისი AI Essentials კურსი, რომელიც განკუთვნილია თიბისის ყველა თანამშრომლისთვის. ეს არის პირველი self-paced კურსი. იგი სრულად ქართულია და ვიდეოჩანაწერებს აერთიანებს, რომლებიც პლატფორმაზეა განთავსებული; ამ ჩანაწერებს ასევე თან ახლავს ტესტები და დავალებები; ჯამში მაქსიმუმ 3 საათის ვიდეოებია, მაგრამ კურსის დასრულების დრო იმაზეა დამოკიდებული, დავალებების შესრულებაში ვის რამდენი დრო დასჭირდება.

კურსი მოქნილია და ყველა ადამიანს შეუძლია თავის დროზე მოირგოს — მაგალითად, შესვენებაზე არის თუ სახლში, მობილურითაც შეუძლია გაიარონ და კომპიუტერითაც. პლატფორმაზე წვდომა დაახლოებით თვენახევრის წინ გავხსენით და შეუძლიათ მაშინ გაიარონ, როდესაც უნდათ.

თანამშრომლებმა ამ კურსის გავლის შემდეგ უკვე იციან უკვე AI-ს საფუძვლები; იციან, როგორ უნდა გამოიყენონ იგი უსაფრთხოდ და ეთიკურად, თიბისიში როგორი პრაქტიკა არსებობს და როგორია თვითონ თიბისიზე მორგებული პლატფორმები AI-ს უსაფრთხოდ გამოსაყენებლად.

რა ეტაპებს მოიცავს თქვენი აქტივობები?

თიბისის AI Literacy-ს, ცოდნის ამაღლების, პროექტი რამდენიმე ფაზას მოიცავს. მათ შორის, ერთ-ერთი პირველი იყო თიბისი AI Essentials კურსი. ამის შემდეგ უკვე ჩავატარეთ რამდენიმე ვორკშოპი, სადაც ძალიან პრაქტიკული ხელსაწყოების გამოყენებით ვიმუშავეთ AI-სთან. ჩვენი გუნდის წევრებიც ესწრებიან ვორკშოპებს, რომლებითაც სწავლობენ, როგორ გამოიყენონ AI უფრო პრაქტიკულად და, რა თქმა უნდა, ეთიკურად.

ამასთან ერთად, გვაქვს სპეციალური შეხვედრები პრომპტინგისთვის [AI ხელსაწყოსთვის შესაბამისი ბრძანების დაწერა]. მოგეხსენებათ, AI-სთან მუშაობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი პრომპტი დავწეროთ და მას სწორი დავალება მივცეთ. არაფორმალურ შეხვედრებს ვაკეთებთ თანამშრომლებთან ერთად, რომლებსაც ჰქვია პრომპტ & პიცა; დაახლოებით 50-70 ადამიანი იკრიბება და ერთად წერენ პრომპტებს; ამ შეხვედრებში AI Literacy-ზე პატარა ლექციური ნაწილიც არის ჩართული.

ასევე ვაკეთებთ თითოეულ დეპარტამენტზე მორგებულ შეხვედრებს, სადაც იმაზე კეთდება აქცენტი, თუ როგორ შეიძლება ინტეგრირდეს AI უშუალოდ ყოველდღიურ საქმიანობაში. რეალურად, ეს არ არის მხოლოდ ერთი კურსი — ეს არის სრული სპექტრი, რომელმაც საბოლოო ჯამში ხელი უნდა შეუწყოს თიბისიში AI-ს გამოყენებასა და ეფექტიანობის გაზრდას, შესაბამისად.

ამ დროისთვის TBC AI Literacy-ს აქტივობებში სულ რამდენი ადამიანია ჩართული? როგორია მათი უკუკავშირი?

2000-ამდე თიბისელია ჩართული Literacy-ს ერთ აქტივობაში მაინც და NPS [კმაყოფილების საზომი მაჩვენებელი] ყველა აქტივობაში 95%-ზე მეტია.

ისე ვერ ასრულებ AI-ს კურსს, სანამ უკუკავშირს არ შეავსებ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შედეგები გავზომოთ. საკმაოდ მაღალი NPS აქვს — 97% იყო კურსდამთავრებულების შეფასება.

AI Literacy-ს გაზრდის ფარგლებშიც, მაგალითად, ყოველი ვორკშოპის შემდეგ აუცილებლად კვლევას ვუშვებთ, რომ გავარკვიოთ, რამდენად საჭირო და სასარგებლო რაღაც გაკეთდა.

ზოგადად, როგორ იყენებენ თიბისიში AI-ს?

თიბისიში შიდა რეგულაციები არსებობს, თუ რისი გამოყენება შეგვიძლია და რისი არა, ამას ვასწავლით თანამშრომლებს. გვაქვს უფლება, კონკრეტული ხელსაწყოები გამოვიყენოთ, რომ პროცესი ეთიკური და სწორი იყოს. თანამშრომლებს შეუძლიათ, ისინი ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენონ, მაგალითად: მეილების შეჯამება ან პრეზენტაციების გაკეთება, მონაცემების ანალიტიკა და ასე შემდეგ. გვაქვს ძალიან მაგარი პლატფორმა, რომელიც AI-ს დახმარებით მუშაობს და მონაცემების ანალიტიკასაც აკეთებს.

როდესაც ვორკშოპებს ვატარებთ, პრაქტიკული ხელსაწყოები რაც გვაქვს, ყველა ამ ხელსაწყოს ვაჩვენებთ თანამშრომლებს, რამაც შეიძლება ადამიანების ყოველდღიურობა გაამარტივოს — რუტინული სამუშაოების ნაცვლად შეუძლიათ, უფრო საინტერესო საქმეები აკეთონ და რუტინული საქმე ხელოვნურ ინტელექტს მიანდონ.

სამომავლო გეგმებზე რომ გვითხრათ, როგორ აპირებთ პროექტის განვითარებას?

AI Literacy-ს ფარგლებში Data & AI გუნდთან ერთად მუდამ ვცდილობთ, აქტუალურ საკითხებზე გავაკეთოთ აქცენტი და, ასევე, აქტიურად ვიკვლიოთ წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკები. პროექტში უკვე დავიწყეთ Microsoft-თან თანამშრომლობა; დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობაც ცოდნისა და პრაქტიკების გაზიარების კუთხით. ასევე, ვმუშაობთ AI Hub-ზე და შემდეგი წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმატისა თუ მასშტაბის აქტივობებს ვგეგმავთ.

ყველა აქტივობის შემთხვევაში ასეა, რომ ორიენტირება და მორგება უფრო მეტად ხდება იმაზე, რაც ახლაა საჭირო. ორი თვის წინ ჩავწერეთ ეს ვიდეოები; შეიძლება ცოტა ხანში კიდევ ახალი ტექნოლოგიები იყოს და ამას ვპირდებით ჩვენს თანამშრომლებს: ახალ ტექნოლოგიებზეც აუცილებლად მუდმივად გავაკეთებთ განახლებებს და სპეციალური პლატფორმაც გვექნება, სადაც სიახლეები დაიდება.


დრო დასჭირდება კვლევის მეშვეობით იმ სარგებლის გაზომვას, რომელსაც თიბისელებს AI Literacy-ს ასამაღლებლად გაწეული ძალისხმევა მოუტანს. პროექტი ჯერ სულ ახლახან დაიწყეს, ამიტომ შედეგების შეფასებას სამომავლოდ შეძლებენ.

ამის მიუხედავად, ცხადად ერთი რამ მაინც ვიცით: AI თუ მასთან სწორი ინტერაქცია თანამედროვეობაში ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ცოდნაა, რომლის ქონასაც სიახლეებთან ადაპტაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ცხადია, მხოლოდ ჩვენს პასუხისმგებლობაზე ვერ იქნება დამოკიდებული, რამდენად უსაფრთხოდ, ეთიკურად ან ეფექტიანად გამოვიყენებთ AI-ს სამუშაო ადგილზე — ამაზე თავად დამსაქმებელმაც უნდა იზრუნოს. თიბისი საკუთარი თანამშრომლებისთვის ამას არაერთი ღირებული გზით აკეთებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.