რა ვქნათ, როცა თერმომეტრი ტყდება — რჩევები
ისტორიიდან და ყოფითი ცხოვრებიდანაც ყველამ კარგად ვიცით, რომ ვერცხლისწყალი მომწამვლელი ნივთიერებაა და ჯანმრთელობის არაერთი პრობლემის გამოწვევა შეუძლია. ზოგიერთ თერმომეტრში სწორედ ამ ნივთიერებას იყენებენ, ამიტომ მისი გატეხა ჩვენთვის საგანგაშო მოვლენაა, რომელსაც ყველაფრის ფასად ვერიდებით.
არც მთლად უსაფუძვლოდ, რა თქმა უნდა, თუმცა დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ ვერცხლისწყლის კანზე შეხებით დიდი არაფერი დაგიშავდებათ, თუ რაიმე ნაკაწრი არ გაქვთ.
ასევე იხილეთ: რა მოხდება, თუ ვერცხლისწყალს შევეხებით?
ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყველა თერმომეტრი ვერცხლისწყლისგან არ მზადდება.
მეორე მხრივ, ვერცხლისწყლიანი თერმომეტრის გატეხისას ეს ნივთიერება მიმოიფანტება და ორთქლდება. შესაბამისად, ასე მაინცაა შესაძლებელი, რომ შესუნთქვის გზით ჩვენს ორგანიზმში მოხვდეს და დაგვაზიანოს. სწორედ ამიტომ, ფრთხილად მოქმედებაა საჭირო.
როგორ არ უნდა მოვიქცეთ:
- არ გამოიყენოთ მტვერსასრუტი — ეს ვერცხლისწყალს ჰაერში მიმოფანტავს;
- არ გამოიყენოთ ცოცხი — სითხე პატარა წვეთებად დაიშლება და გავრცელდება;
- არ ჩაასხათ ვერცხლისწყალი წყალსადინარში — გაჟონვის შემთხვევაში დაბინძურებას გამოიწვევს;
- არ იმოძრაოთ ვერცხლისწყლით დასვრილი ფეხსაცმლით — მისი გავრცელება ამ გზითაც, ასევე ტანსაცმლით, შეიძლება.
ვერცხლისწყალი ხიდან, ლინოლეუმიდან და მსგავსი მასალების იატაკიდან მარტივად აიწმინდება. თუკი იგი ხალიჩაზე, ფარდებზე ან შემწოვ მატერიებზე მოხვდა, წესების დაცვით მათი გადაყრა მოგიწევთ. შეგიძლიათ, ხალიჩის მხოლოდ დასვრილი ნაწილი მოჭრათ და გადააგდოთ.
როგორ უნდა მოვიქცეთ:
- ყველას, განსაკუთრებით ბავშვებს, დაატოვებინეთ ტერიტორია და არ მისცეთ გადაადგილების საშუალება; გაიყვანეთ ცხოველებიც;
- გააღეთ ყველა კარი და ფანჯარა, რომლებიც გარეთ გადის; დახურეთ სახლის სხვა ნაწილებთან დამაკავშირებელი კარ-ფანჯარა.
როგორ ავწმინდოთ ვერცხლისწყალი:
- ჩაიცვით ხელთათმანი;
- ფრთხილად აკრიფეთ ნამსხვრევები და ქაღალდის ხელსახოცზე მოათავსეთ;
- გადაკეცეთ ხელსახოცი და ელვა შესაკრავის მქონე პარკში მოათავსეთ;
- ერთად მოხვეტეთ ვერცხლისწყლის ბურთულები. შეგიძლიათ, ამისათვის რეზინისპირიანი საწმენდი ან სქელი მუყაო გამოიყენოთ;
- ოთახი ჩააბნელეთ და ფარნით მოძებნეთ, ბურთულა ხომ არ დარჩა სადმე.
შეგიძლიათ, პროცესში გოგირდის ფხვნილიც დაიხმაროთ: ვერცხლისწყალთან შეხებისას იგი ფერს შეიცვლის (ყვითლიდან ყავისფერი გახდება) და უკეთ დაინახავთ. ამასთანავე, იგი ამ ნივთიერებას უკავშირდება, ასე მის მოშორებას ამარტივებს და ორთქლის გავრცელებასაც უშლის ხელს. გაითვალისწინეთ, რომ გოგირდის ფხვნილის შესუნთქვა არც ისე უსაფრთხოა.
აწმენდის შემდგომ:
- კარგად გაანიავეთ ოთახი;
- პროცესში გამოყენებული და აკრეფილი ყველა საგანი ნაგვის პარკში მოათავსეთ. პარკი გარეთ გაიტანეთ და დაცულ ადგილას შეინახეთ; ვერცხლისწყლის შესახებ ზედ იარლიყი დაურთეთ;
- წესისმიერ გადაგდებასთან დაკავშირებით სხვა ქვეყნებში სპეციალურ სამსახურებს მიმართავენ. საქართველოში ამისათვის 112-ში შეგიძლიათ დარეკოთ და მოქმედებისთვის დამატებითი მითითებები მოითხოვოთ.
იმ შემთხვევაში, თუკი ჯანმრთელობის მხრივ რაიმე პრობლემას შენიშნავთ, აუცილებლად მიმართეთ სასწრაფო დახმარებას.
კომენტარები