რა მოხდება, თუ ვერცხლისწყალს შევეხებით?
ისტორიიდან და ყოფითი ცხოვრებიდანაც ყველამ კარგად ვიცით, რომ ვერცხლისწყალი მომწამვლელი ნივთიერებაა და ჯანმრთელობის არაერთი პრობლემის გამოწვევა შეუძლია. ალბათ, ამის გამო თერმომეტრის გატეხასაც ძალიან ერიდებით.
მაშ, რა მოხდება, თუ ვერცხლისწყალს შიშველი ხელით შევეხებით?
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არც არაფერი. ვერცხლისწყალი კანიდან არ შეიწოვება, ამიტომ შეხების შემთხვევაში დიდად არ დავზარალდებით.
მიუხედავად ამისა, ხელში მისი განზრახ დაჭერა სასურველი მაინც არ არის: ვერცხლისწყალი ძალიან სახიფათოა, თუკი ნაკაწრების გზით სისხლის მიმოქცევაში მოხვდება. ამასთანავე, ამ თხევად ნივთიერებას აორთქლებაც ახასიათებს, კანს კი მისი ორთქლის შეწოვა შეუძლია. საგულისხმოა ისიც, რომ ამ ორთქლის შესუნთქვის შემთხვევაში ვერცხლისწყალი მაინც ყველაზე მარტივად მოხვდება და დაგროვდება სხეულში.
ვერცხლისწყალი, როგორც ელემენტი, და მისი ნაერთები ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე, ასევე თირკმელებზე ზემოქმედებს. შეიძლება გამოიწვიოს: თირკმლის გათიშვა, კანკალი, უძილობა, მეხსიერების გაუარესება, ნერვკუნთოვანი დარღვევები, თავის ტკივილი, შემეცნებითი და მოტორული დისფუნქცია.
მოწამვლის სიმპტომები შეიძლება იყოს: კუნთების სისუსტე, კოორდინაციის დარღვევა, კიდურების გაბუჟება. სხვათა შორის, აღნიშნული ნივთიერების ზემოქმედება ინტელექტის შემცირებასაც კი შეიძლება უკავშირდებოდეს.
საბოლოო ჯამში, შიშველი ხელით ვერცხლისწყლის დაჭერა სახიფათო არაა, თუმცა არც სასურველია, თუ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების ქონა არ გსურთ.
კომენტარები