დედამიწაზე ერთ დროს 1.7 მილიარდი ტირანოზავრი ბინადრობდა — ახალი კვლევა
ახალი კვლევის მიხედვით, ერთ დროს დედამიწაზე 1.7 მილიარდი ტირანოზავრი ბინადრობდა.
ეს რიცხვი შემთხვევითი არ გეგონოთ, მის გამოსათვლელად გასათვალისწინებელია მრავალი ფაქტორი, მათ შორის, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, სქესობრივი სიმწიფე, ტირანოზავრების კვერცხების რაოდენობა და სხვა.
მიუხედავად იმისა, რომ 1,7 მილიარდი, უდავოდ, დიდი მაჩვენებელია, ეს, დაახლოებით, 800 მილიონი დინოზავრით ნაკლებია, ვიდრე 2021 წლის კვლევის შედეგად მიღწეული შეფასების მიხედვით. ეს ანალიზი ეფუძნება უახლეს ინფორმაციას, რომელიც გვაქვს დინოზავრების ზრდისა და გამრავლების შესახებ და, როგორც ჩანს, ის უფრო ზუსტია.
მარტივად რომ ვთქვათ, ახალი გამოთვლები გვთავაზობს ტირანოზავრების გადარჩენის დაბალ კოეფიციენტს, სულ უფრო ნაკლებ თაობასა და კვერცხების დადების შემცირებულ რაოდენობას. ჩვენ გვაქვს საკმაოდ სოლიდური მონაცემები ამ ფაქტორების შესახებ ნამარხების დეტალური კვლევებისა და თანამედროვე სახეობებთან შედარების საფუძველზე, რომლებმაც, მეცნიერთა აზრით, შეინარჩუნეს დინოზავრის გარკვეული თვისებები.
მეცნიერებმა გამოცადეს თავიანთი მოდელი ქვეწარმავლების, ფრინველებისა და ძუძუმწოვრების შორის არსებული 23 სხვადასხვა სახეობის შესახებ არსებული მონაცემების მიხედვით და აღმოაჩინეს, რომ ახალმა მოდელმა უკეთ იწინასწარმეტყველა პოპულაციის რაოდენობა.
მკვლევრების თქმით, მათი მოდელი — რომელიც ფოკუსირებულია სიცოცხლის მაქსიმალურ ხანგრძლივობაზე, სქესობრივი მომწიფების ასაკსა და შთამომავლობის მაქსიმალურ წლიურ რაოდენობაზე — ასევე შეიძლება გამოიყენონ სხვა გადაშენებული სახეობების პოპულაციის რაოდენობის შეფასებისთვის.
კომენტარები