კაცობრიობა სიცოცხლეს მიმართულებას უცვლის: ევოლუციის მთავარი მამოძრავებელი ძალა ახლა ადამიანია
მკვლევრების მიერ შეგროვებული მტკიცებულებების მიხედვით, დედამიწაზე ახლა ევოლუციას ადამიანები წარმართავენ.
შერჩევითი გამრავლება, გარემოს მოდიფიკაცია და სხვ. — ჩვენ იმდენ რამეს ვცვლით გარშემო, რომ არა მხოლოდ კლიმატს, არამედ თავად სიცოცხლეს ვაძლევთ მიმართულებას.
მასიურ პროექტში, რომელშიც 287 მეცნიერი მონაწილეობდა 26 ქვეყნის 160 ქალაქში, მკვლევრებმა გამოიკვლიეს, თუ როგორ იმოქმედა ურბანიზაციამ ევოლუციაზე გლობალური მასშტაბით.
მათმა კვლევამ, რომელიც გასულ წელს გამოქვეყნდა, მოდელად გამოიყენა სამყურა მხოხავი (Trifolium repens) — ევროპისა და დასავლეთ აზიისთვის ადგილობრივი მცენარე, რომელიც გვხვდება მთელი მსოფლიოს ქალაქებში.
მკვლევრებმა შეაგროვეს 110 000-ზე მეტი ნიმუში და დაადგინეს, რომ კონკრეტულ ქალაქში არსებული სამყურა უფრო მეტად ჰგავს მსოფლიოს მეორე წერტილში არსებული ქალაქისას, ვიდრე ახლომდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწებსა თუ ტყეებში აღმოცენებულ სამყურას.
ეს არის პარალელური ადაპტაციური ევოლუციის მაგალითი — როდესაც ცალკეული პოპულაციები ყალიბდება ერთი და იმავე შერჩევითი წნეხით კონკრეტული თვისებების განსავითარებლად სხვადასხვა ადგილას. ეს გვიჩვენებს, რომ ადამიანების მიერ გარემოს შეცვლა უფრო დიდ გავლენას ახდენს ამ თვისებების ჩამოყალიბებაზე, ვიდრე ბუნებრივი მოვლენები, როგორებიცაა: ადგილობრივი პოპულაციის გენეტიკა და კლიმატი.
მიუხედავად იმისა, რომ ურბანიზაცია აშკარად იზიარებს ბევრ მახასიათებელს მთელი მსოფლიოს გარშემო, ზუსტად არ ვიცოდით, თუკი მას ევოლუცია კონკრეტული მიმართულებით მიჰყავდა.
"ურბანიზაციამ პარალელური ევოლუცია რომ წარმართოს, ურბანული ტერიტორიები უნდა შეესაბამებოდეს გარემო მახასიათებლებს, რომლებიც გავლენას ახდენს ორგანიზმის სიჯანსაღეზე", — განმარტეს მკვლევრებმა თავიანთ ნაშრომში.
საერთაშორისო გუნდმა დაადგინა, რომ ერთ-ერთი მახასიათებელი, რომელიც იცვლება, იყო მცენარის მიერ წყალბადის ციანიდის წარმოება. სამყურა მხოხავი იყენებს ამ ქიმიურ ნივთიერებას, როგორც დამცავ მექანიზმს მისი ბალახისმჭამელი მტაცებლებისა და გვალვის წინააღმდეგ.
ყველაზე შორეული არაურბანული მცენარეები 44%-ით უფრო მეტად აწარმოებდა წყალბადის ციანიდს, ვიდრე ქალაქების ცენტრში არსებული იგივე სახეობები. როგორც ჩანს, ძოვება ხელს უწყობს უფრო მეტი წყალბადის ციანიდის წარმოებას სოფლად, ვიდრე ქალაქებში.
ჩვენ უკვე დავშალეთ ცხოველთა ბუნებრივი ზომის სპექტრი ოკეანეში, გარკვეულწილად, თევზაობის გზით დიდი თევზების მიზანში ამოღებით, რაც ტოვებს უფრო მეტ პატარა თევზს, რომლებიც გამრავლდებიან. ბევრი თევზი ახლა 20%-ით პატარაა და მათი სიცოცხლის ციკლი, საშუალოდ, 25%-ით მოკლეა.
იცვლებიან ფრინველებიც: როგორც ზოოლოგმა, სარა ოტომ, აღნიშნა 2018 წელს, კლდის მერცხლების ფრთების სიგრძე დამოკლდა გზებთან ახლოს, რადგან გრძელფრთიან მერცხლებს უჭირდათ მანევრირება და ხშირად ხდებოდნენ ავტომობილების მსხვერპლი.
გამომდინარე იქიდან, რომ ურბანიზაცია აშკარა კვალს ტოვებს ჩვენს გარემომცველ სამყაროზე, მეცნიერებმა შეაგროვეს დიდი რაოდენობით მონაცემები, რათა უკეთ გამოიკვლიონ ურბანიზაციის გავლენა სამყურა მხოხავის ევოლუციაზე. ამ გზით, ისინი იმედოვნებენ, რომ ზუსტად დაადგენენ, როგორ უწყობს ადამიანის საქმიანობა ხელს მსგავს ცვლილებებს და როგორ შეიძლება ევოლუციის უსაფრთხო გზით წარმართვა.
კომენტარები