შესაძლებელია, რომ დედამიწა შავმა ხვრელმა შთანთქას? — რას ამბობს მეცნიერება
შავი ხვრელი კოსმოსის ის რეგიონია, სადაც მატერია იმდენად შემჭიდროებულია, რომ მის გრავიტაციას ვერაფერი გაექცევა, სინათლის ჩათვლით.
მის კიდეზე დრო ჩერდება, ხოლო მის ცენტრში შეიძლება იმალებოდეს უსასრულოდ მცირე მოცულობისა და უსასრულო სიმკვრივის მქონე ადგილი, სადაც ფიზიკის ყველა კანონი იშლება.
შავი ხვრელების შემზარავი ძალიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ისინი სამეცნიერო ფანტასტიკის ძირითად ელემენტად იქცა მაშინვე, რაც ტერმინი "შავი ხვრელი" გაჩნდა 1964 წელს.
2022 წლის მაისში ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრში არსებული შავი ხვრელის პირველი ფოტოც გვიჩვენეს.
მიუხედავად მათი სიმრავლისა, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან შავი ხვრელები არც დედამიწას და არც სამყაროს არ შთანთქავს. შანსი იმისა, რომ დედამიწა ოდესმე შავ ხვრელში მოხვდება, წარმოუდგენლად მცირეა.
ამის მიზეზი ისაა, რომ დისტანციაზე მათი გრავიტაციული ძალა არ აღემატება იმავე მასის ვარსკვლავის გრავიტაციულ ძალას. მაგალითად, თუკი მზეს იმავე მასის მქონე შავი ხვრელით ჩავანაცვლებდით, დედამიწა და დანარჩენი პლანეტები ჩვეულ ტემპში განაგრძობდნენ მოძრაობას, რადგან მათზე მოქმედი გრავიტაცია მნიშვნელოვნად არ შეიცვლებოდა. თუმცა, ცხადია, მზის შავი ხვრელით ჩანაცვლების შემთხვევაში, მზის სისტემა ძალიან ბნელი და ცივი გახდებოდა.
შავი ხვრელი დედამიწის შთანთქმას შეძლებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი, რაღაც მანქანების საშუალებით, ჩვენი პლანეტა შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტზე გადაინაცვლებდა, რაც, როგორც მოგეხსენებათ, ნაკლებად სავარაუდოა. ასე რომ, ერთი სადარდებელი უკვე მოგეხსნათ და შეგიძლიათ, დანარჩენებზე ფოკუსირდეთ.
კომენტარები