პრემია საბა 2002 წლიდან ქართული ლიტერატურული წრისთვის (და არა მარტო) ყველაზე პრესტიჟულ მოვლენად იქცა. თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ დაარსებულმა კონკურსმა ავტორებში ხარისხიანი ლიტერატურის შექმნის სტიმული გააჩინა, მკითხველებს კი ახალ-ახალი ნაწარმოებების აღმოჩენისკენ უბიძგა. რაც მთავარია, საბა არ ყოფილა მხოლოდ ღონისძიება, იგი წიგნის კითხვის საუკეთესო გამოცდილების წყაროდ იქცა — ბრენდის ქვეშ შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი, მკითხველთა პლატფორმა საბკულტურა და Saba Reader — აპლიკაცია, რომლის დახმარებით ასობით ათასი ადამიანი ლიტერატურული სამყაროს ნაწილი ხდება.

სწორედ მკითხველებისთვის — მათთვის, ვისთვისაც წიგნები იწერება, საბას სიახლე აქვს. 2023 წლის პრემიას ახალი ნომინაცია მკითხველის საბა დაემატა.

"ვინაიდან მკითხველს საპატიო ადგილი უჭირავს ლიტერატურაში, გადავწყვიტეთ, წელს სიახლე შეგვეთავაზებინა მომხმარებლებისთვის და შესაძლებლობა მიგვეცა, ამ პროცესის თანამონაწილეები გამხდარიყვნენ", — ამბობს ირინა ჯავახაძე, საბას დირექტორი.

8 მაისიდან 9 აგვისტომდე მკითხველებს საინტერესო მარათონი ელით — ხუთი ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტ დროს დაუთმობს საბას აპლიკაციით წიგნების კითხვას ან მოსმენას, ჟიურის წევრი გახდება და "წლის საუკეთესო დებიუტის" ნომინაციაში გამარჯვებულს გამოავლენს. აღსანიშნავია, რომ ამ ნომინაციას ტრადიციული ჟიურიც შეაფასებს და თავის არჩევანს გააკეთებს. საინტერესოა ისიც, რომ მკითხველთა ჟიურის წევრების ვინაობა, სხვებისგან განსხვავებით, ანონიმური არ იქნება, ამასთან, ისინი გამარჯვებულს მოკლე სიიდან შეარჩევენ. შერჩევის პროცესი კი ისეთივე იქნება, როგორიც ტრადიციული ჟიურის შემთხვევაშია — გაიმართება შეხვედრები, მსჯელობები და კენჭისყრა. პრემიას თავიანთ რჩეულს ისინი 2023 წლის შემოდგომაზე, საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალზე გადასცემენ.

"ვფიქრობ, ეს დიდი მოტივაციაა მკითხველებისთვის, და ვვარაუდობ, რომ მრავალი ადამიანი უფრო დიდ დროს დაუთმობს კითხვას, რაც ძალიან გვიხარია. თანამედროვე სამყაროში, დატვირთული დღის რეჟიმის ფონზე, რთულია, სასურველი დრო დაუთმო კითხვას, საბას აპლიკაცია კი მომხმარებლებს სთავაზობს, ნებისმიერ ადგილას, სადაც დროს გამონახავენ, იკითხონ და მოუსმინონ ელექტრონულ წიგნებს", — განმარტავს ირინა ჯავახაძე.

SABA Reader მუდმივად განახლებადი აპლიკაციაა. ამის მაგალითია ტოპ 10 აქტიური მკითხველის კატეგორია, რომელშიც ხვდებიან აპლიკაციის ყველაზე აქტიური მომხმარებლები კვირის, თვისა და წლის მიხედვით. აქვეა ახალი ფუნქციონალიც — მკითხველის საბა, რომელშიც თითოეული მკითხველის სტატისტიკა 8 მაისიდან 9 აგვისტომდე აისახება და სწორედ ამის მეშვეობით გამოვლინდება ჟიურის ხუთი წევრი.

მკითხველები, კითხვასა და მოსმენაში გატარებული ყველაზე მეტი დროის გარდა, რამდენიმე მარტივ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ, რათა წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული მოვლენის თანამონაწილენი გახდნენ:

  • უნდა შეეძლოთ ქართულ ენაზე კითხვა და ამჟამად უნდა ცხოვრობდნენ საქართველოში.
  • არ უნდა იყვნენ მწერლები ან ლიტერატორები.
  • არ უნდა მუშაობდნენ საგამომცემლო სექტორში.
  • არ უნდა იყვნენ "წლის საუკეთესო დებიუტის" ნომინაციაში ნომინირებულის ოჯახის წევრები.

"მკითხველისთვის ესაა კიდევ ერთი შესაძლებლობა, თავისთვის სასიამოვნო საქმით დაკავდეს — არა მარტო წაიკითხოს და შეიმეცნოს, არამედ შეაფასოს და სხვებსაც გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება", — ამბობს ნათია იორდანიშვილი, გასული წლის ყველაზე აქტიური მკითხველი SABA Reader-ში.

ნათია SABA Reader-ს გამოსვლის დღიდან იყენებს, მეტიც, მანამ, სანამ აპლიკაცია შეიქმნებოდა, ლიტერატურულ თავგადასავლებში მისი გზამკვლევი ელექტრონული წიგნების ვებგვერდი, საბა იყო.

“ჩემთვის დიდი კომფორტია, რომ შინ თუ გარეთ, შემიძლია გავხსნა აპლიკაცია და წავიკითხო. დღესაც ვმოგზაურობ და სასიამოვნოა, რომ საბას დახმარებით ყოველთვის თან დამაქვს საყვარელი წიგნი. მეორე უპირატესობა კი ისაა, რომ ყოველთვის ადვილად ხელმისაწვდომია ახალი წიგნები, რომლებიც შეიძლება ძვირადღირებული იყოს, ამიტომ პირველად აქ ვეცნობი და მერე ვიღებ გადაწყვეტილებას, ვიყიდო თუ არა ბეჭდური ვერსია”, — ამბობს ნათია.

ნათიას თქმით, შესაძლებლობა, რომ პრემია საბას ჟიურის წევრი გახდე, დიდი სტიმული იქნება არა მარტო მისთვის, არამედ სხვა მომხმარებლებისთვისაც, რათა ბევრი იკითხონ და ახალი ავტორები აღმოაჩინონ.

“გარდა იმისა, რომ SABA Reader-ში კლასიკოსების, უკვე საყვარელი მწერლების ნაწარმოებებს კითხულობ, აქვე ეცნობი დებიუტანტ ავტორებსაც. ძალიან ბევრი აღმოჩენა გამიკეთებია ამ კუთხით წინა წლებში. სასიამოვნოა, რომ ახალი წიგნები იწერება, ლიტერატურა ცოცხლობს, ვითარდება და ფეხს უწყობს თანამედროვეობას”, — აღნიშნავს ნათია იორდანიშვილი.

სულ რაღაც სამი თვე რჩება მკითხველთა ჟიურის გამოცხადებამდე, ასე რომ იჩქარეთ, გადმოწერეთ აპლიკაცია SABA Reader და შეუერთდით ბიბლიოფილების დიდ ლიტერატურულ მოგზაურობას.


ლიტერატურული კონკურის საბას ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ პრემია საბას დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ, 2012 წელს ,შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი საბა, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას — კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან კი ლივინგსტონთან ერთად შეიქმნა მკითხველთა პლატფორმა საბკულტურა და მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია Saba Reader-ი.