ახალი ჩეთბოტების შექმნასა და გაუმჯობესებასთან ერთად, ხელოვნური ინტელექტის საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. ბევრი იმაზეც ღელავს, რამდენად შეგვიძლია AI-ს კონტროლი და ერთ დღესაც მისი მსხვერპლი ხომ არ გავხდებით.

ასევე იხილეთ: საფრთხე კაცობრიობისთვის — რას ამბობს "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე

როგორც ყველა ახალ ტექნოლოგიას, AI-საც აქვს თავისი პლუსები და მინუსები. მაგრამ კოსმოსური კვლევებისთვის იგი აუცილებელია. რეალურად, მოწინავე კოსმოსური პროგრამა ხელოვნური ინტელექტის გარეშე ძნელი წარმოსადგენია.

განვითარებულ ცივილიზაციებს AI დასჭირდებათ

AI განვითარებისთვის სჭირდება არა მხოლოდ კაცობრიობას, არამედ იმ ჰიპოთეზურ არსებებსაც, რომლებიც ერთ დღესაც, შესაძლოა, დედამიწას ეწვიონ. ფილმებში არაერთხელ გვინახავს დედამიწაზე ჩამოსული ბიოლოგიური ქმნილებები, თუმცა ასეთი შემთხვევა ნაკლებად სავარაუდოა. კოსმოსური სივრცის გადაკვეთას დიდი დრო სჭირდება და, ამდენად, ალოგიკურია, დიდ მანძილზე ლპობადი სხეულების გაგზავნა.

თუკი დავაკვირდებით ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, 100 წელზე ნაკლებია, კოსმოსური სივრცის გადაკვეთისთვის საჭირო დროის რაოდენობა მეტისმეტად ხანგრძლივი მოგვეჩვენება. თვალსაჩინოებისთვის, სინათლის სიჩქარის 10%-ს განვითარებაც რომ შევძლოთ, ალფა კენტავრამდე (მზის სისტემასთან არსებულ უახლოეს სისტემამდე) მისასვლელად, დაახლოებით, 40 წელი დაგვჭირდება.

მაშ, როგორ შეიძლება გადაიჭრას ვარსკვლავთშორისი მოგზაურობის პრობლემა? სავარაუდო გამოსავალი, AI და ხელოვნური სხეულებია, რომლებიც დროის მსვლელობას გაუძლებს. აქედან გამომდინარე, თუკი ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში დედამიწას ვინმე ეწვევა, დიდი ალბათობით, ორგანული ქმნილება არ იქნება.

ასევე იხილეთ: რა სჭირდებათ უცხოპლანეტელებს (ან მომავლის ადამიანებს) ვარსკვლავთშორისი მოგზაურობისთვის?

თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს კიდევ ერთი ვარიანტიც, რომელიც ბუნებრივსა და ხელოვნურს შორის ლავირებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ 21-ე საუკუნის ტექნოლოგია უკვე მივიდა ამ ეტაპზე. ენდი კლარკის თქმით, ჩვენ ბუნებრივად დაბადებული კიბორგები ვართ. ყოველდღიურად იქმნება ტექნოლოგიურად უფრო და უფრო განვითარებული სხეულის ნაწილები — ტიტანის ფირფიტებიდან დაწყებული კარდიოსტიმულატორებით დამთავრებული — და, ეჭვგარეშეა, ეს ტენდენცია გაგრძელდება.

მაგრამ ჩვენი ორგანული სხეულები ჯერ კიდევ შეზღუდული და მოწყვლადია. შეიძლება გავზარდოთ ჩვენი ბუნებრივი სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე ათეული პროცენტით, მაგრამ საბოლოოდ სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილები მაინც დაიშლება. ამის გათვალისწინებით, ზოგიერთი ფუტურისტი საუბრობს ადამიანის ტვინის კომპიუტერებში ატვირთვისა და AI-ის გამოყენებით ადამიანების ციფრული რეკონსტრუქციის შესახებ. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი აიღებს დნმ-ს და სხვა ინფორმაციას დაღუპული ადამიანისგან და აღადგენს მას სიმულაციურ სამყაროში.

მისი სწრაფად მზარდი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტში იქნება მოაზრებული. და თუკი არამიწიერი ცივილიზაციები უკვე საკმარისად განვითარდნენ, მაშინ უნდა ველოდოთ, რომ სამყაროში უფრო მეტი პლანეტა იქნება დასახლებული AI-თ, ვიდრე 1950-იანი წლების სამეცნიერო ფანტასტიკის პატარა, მწვანე კაცუნებით.

და მაინც, რას ნიშნავს ეს ყველაფერი კაცობრიობისთვის, რომელიც არამიწიერ ცივილიზაციას ეძებს? ეს, პირველ რიგში, ნიშნავს იმას, რომ ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს ჩვენი მიდგომა უცხოპლანეტელების ძიებისას; იმის ნაცვლად, რომ სხვა პლანეტებზე ვეძიოთ ბიოლოგიური სიცოცხლის ნიშნები, უმჯობესია, ვეძებოთ პლანეტები, რომლებიც უფრო ხელსაყრელი იქნებოდა AI-სთვის. შესაბამისად, ზუსტად დედამიწის მსგავსი პლანეტების ძიების ნაცვლად, უნდა ვფოკუსირდეთ პლანეტებზე, რომლებიც იღებს დიდი რაოდენობით ენერგიას თავიანთი ვარსკვლავისგან და მდიდარია სილიკონითა და სხვა მეტალებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეიძლება სჯობდეს, შევეშვათ "სხვა დედამიწაზე" ოცნებას და "სხვა მერკურის" ძიება დავიწყოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.