შეამჩნიეთ, რომ ამინდის პროგნოზი საგრძნობლად გაუმჯობესდა? — 3 მიზეზი
ალბათ, გსმენიათ ამინდის პროგნოზთან დაკავშირებული არაერთი დამცინავი ხუმრობა, ანდაც, შესაძლოა, თავადაც გაგიქილიკებიათ "მუდმივად მცდარი" პროგნოზი, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მისი აკურატულობა საკმაოდ გაიზარდა.
"ქარიშხლების შესახებ თანამედროვე 72-საათიანი პროგნოზები უფრო ზუსტია, ვიდრე 24-საათიანი პროგნოზები იყო, სულ რაღაც, 40 წლის წინ", — წერენ ატმოსფერული მეცნიერებისა და გეომეცნიერების ექსპერტები, კერი ემანუელი, ფუცინგ ჭანგი და რიჩარდ ელეი, ნაშრომში. "დღევანდელი 5-დღიანი პროგნოზი ისეთივე აკურატულია, როგორიც 1980 წლის 1-დღიანი პროგნოზები, ხოლო სასარგებლო პროგნოზები მომავალი 9-10 დღის ამინდს გვიჩვენებს."
კვლევის ავტორების თქმით, ამინდის პროგნოზის პროგრესს 3 მთავარი მიზეზი უდევს საფუძვლად: "უკეთესი და უფრო ფართო დაკვირვებები, უკეთესი და ბევრად უფრო სწრაფი რიცხვითი პროგნოზირების მოდელები და დაკვირვებების მოდელებში ასიმილაციის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მეთოდები".
გაუმჯობესებული დაკვირვებები მომდინარეობს დედამიწის ორბიტაზე ამინდის მოწინავე თანამგზავრების რაოდენობის ზრდით, მათ შორის, გეოსტაციონარული ოპერაციული გარემო თანამგზავრების (GOES) წარმოუდგენელი შემადგენლობით, რომელსაც მართავს ეროვნული ოკეანისა და ატმოსფეროს ადმინისტრაცია (NOAA), ასევე ევროპის კოსმოსური სააგენტოს Meteosat თანამგზავრები. უფრო მეტიც, ბევრად სწრაფმა კომპიუტერებმა ხელი შეუწყო უფრო დეტალური მოდელების განვითარებას.
ასევე იხილეთ: "ამინდის პროგნოზირებაში ახალი ეპოქა იწყება" — უახლესი თანამგზავრი დედამიწის ახალ ფოტოებს გვიგზავნის
პროგნოზების გაუმჯობესებაში დროთა განმავლობაში შეგროვებული მონაცემების ანალიზმაც დიდი წვლილი შეიტანა. ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური და ყოველწლიური მონაცემები მუდმივად იკრიბება და მუშავდება, რათა პროგნოზი უფრო ზუსტი გახდეს. დედამიწა სისტემაა, რომელზე დაკვირვებაც საშუალებას მოგვცემს, სისტემაში მიმდინარე მოვლენები უკეთ განვსაზღვროთ.
მიუხედავად ამისა, ამინდის პროგნოზირებას თავისი ლიმიტები აქვს. როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, "ამინდის დეტალების აკურატულად პროგნოზირება შეუძლებელია". თუმცა, კარგი ამბავი ის არის, რომ, მონაცემების დამუშავებასა და ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, ამინდის პროგნოზიც იხვეწება. მაგრამ, მეცნიერების თქმით, მისი სრულყოფისთვის საჭიროა ფინანსური კაპიტალისა და ადამიანების ძალისხმევის მუდმივი ნაკადი. მონაცემები სწრაფად უნდა შეგროვდეს მიწიდან, ციდან და კოსმოსიდან. მანქანური სწავლება და ნეირონული ქსელები უნდა შემუშავდეს და დაინერგოს დედამიწის მეცნიერებებში, განსაკუთრებით იმისთვის, რომ მეტი რამ გავიგოთ რთული ფიზიკური პროცესების შესახებ. აუცილებელია მთავრობების ჩართულობაც, რათა მკვლევრებმა ამინდის პროგნოზის მოწინავე მოდელების გასაშვებად სუპერკომპიუტერები გამოიყენონ.
ამდენად, როგორც ხედავთ, ამინდის პროგნოზირება ადვილი საქმე სულაც არ არის. იგი ადამიანური და ფინანსური კაპიტალის დიდ რაოდენობას მოითხოვს, თუმცა, ტექნოლოგიის დახვეწასა და მეცნიერების დაუღალავ შრომასთან ერთად, ამინდის პროგნოზზე ხუმრობები უფრო და უფრო არარელევანტური ხდება.
კომენტარები