მარსზე ტალღების მიერ დატოვებული კვალი აღმოაჩინეს

ფოტო: Kevin Gill
მკვლევრებმა მარსზე აღმოაჩინეს ტალღების მიერ დატოვებული ორი უძველესი ნაკვალევი, რომლებიც ქანებშია შემონახული და ოდესღაც პლანეტაზე არსებულ ტბებზე მიანიშნებს. ასეთი სტრუქტურები მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ქარის გავლენით წყალი ტალღურად მოძრაობს და ქვიშაზე ზემოქმედებს.
უკანასკნელი მიგნებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წარსულში მარსზე არსებობდა ღია წყალი, რომელიც ატმოსფეროსთან პირდაპირ ურთიერთქმედებდა. ასევე, ეს ბუნებრივი რეზერვუარები ყინულით არ იყო დაფარული, როგორც ამას ზოგიერთი კლიმატური მოდელის მიხედვით პროგნოზირებდნენ.
ასეთი გეოლოგიური მონაცემები ტბების არსებობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მტკიცებულებაა. მეცნიერთა შეფასებით, ეს ტალღოვანი სტრუქტურები დაახლოებით 3.7 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა, რაც მიუთითებს, რომ იმ დროს მარსის კლიმატი თბილი იყო. ატმოსფერო მაშინ საკმარისად სქელი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ პლანეტაზე თხევადი წყალი ღია სივრცეში შენარჩუნებულიყო.
ახალი ნაშრომის თანაავტორმა მაიკლ ლემბმა, რომელიც დედამიწაზე წყლის, დანალექებისა და ატმოსფეროს ურთიერთქმედებას იკვლევს, ზემოხსენებული კვალის შესასწავლად კომპიუტერული მოდელები შექმნა. აღმოჩნდა, რომ ნაკვალევები მცირე ზომისაა — მხოლოდ 6 მილიმეტრი სიმაღლისა და 4-5 სანტიმეტრი დაშორების. ასეთი პატარა წარმონაქმნები მცირე ტალღების გავლენით ყალიბდება. აქედან ასკვნიან, რომ ტბა ზედმეტად ღრმა არ უნდა ყოფილიყო, არამედ — 2 მეტრზე ნაკლები სიღრმის.
ნაკვალევების ფორმირების პერიოდი ემთხვევა მარსის განვითარების იმ ეტაპს, როდესაც პლანეტა შედარებით მშრალი ხდებოდა. ისინი გეილის კრატერში მდებარეობს და NASA-ს მავალმა Curiosity-იმ 2022 წელს დააფიქსირა. ერთ-ერთი იმ რეგიონშია, სადაც ძველად ქარის დახმარებით წარმოქმნილი დიუნები იყო. მეორე შედარებით გვიანაა ფორმირებული და Amapari Marker Band-ის სახელით ცნობილ კლდოვან არეალთან ახლოსაა.
ეს ორივე აღმოჩენა იმაზე მიუთითებს, რომ მარსზე წყლის არსებობისთვის ხელსაყრელი ატმოსფერული პირობები სხვადასხვა დროს იყო.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები