როგორ იკვებებოდნენ ჩვენი წინაპრები 3 მილიონი წლის წინ — კვლევა

ფოტო: fineartamerica
ახალი კვლევის თანახმად, პალეოლითის დასაწყისში თანამედროვე ადამიანების წინაპრები ძირითადად მცენარეულ საკვებს იღებდნენ. საუბარია ავსტრალოპითეკებზე, რომლებიც 3 მილიონი წლის წინ უკვე არსებობდნენ.
ავსტრალოპითეკი ლუსის ჩონჩხის აღმოჩენის შემდეგ გახდა პოპულარული. ითვლება, რომ ლუსი ჩვენი გვარის (ჰომოს) პირდაპირი წინაპარია.
ასევე: ლუსი — ავსტრალოპითეკი, რომელიც 3 მილიონი წლის წინ ორ ფეხზე დადიოდა
ის თუ როგორ იკვებებოდა ავსტრალოპითეკი რთული სათქმელია. ამის გაგება შესაძლებელია გაქვავებული კბილებითა და სახეობის მიერ გამოყენებული ხელსაწყოებიდან. ასე შეიძლება გავიგოთ ხორცს ჭამდა თუ მცენარეს კონკრეტული ინდივიდი, მაგრამ საკვების უშუალო შემადგენლობის დადგენა რთულია.
და, აი, ახლა კომპლექსური კვლევის თანახმად (კბილის მინანქრის შესწავლით) ავსტრალოპითეკების ერთ ჯგუფში აზოტისა და ნახშირბადის იზოტოპების თანაფარდობა უთითებს იმაზე, რომ ისინი ძირითადად მცენარეებითა და მწერებით იკვებებოდნენ.
ჩვენი საკვებისა და გარემოს აზოტის უმეტესობა სწორედ აზოტ-14-ია, თუმცა მცირე რაოდენობით აზოტ-15-იც გვხვდება. ცხოველები, განსაკუთრებით ძუძუმწოვრები, ასეთ იზოტოპებს განსხვავებულად ამუშავებენ — გამოყოფენ რა კიდევ უფრო მცირე პროპორციას აზოტ-15-ისას და უფრო მეტს ინახავენ თავიანთ სხეულში. ხორცისმჭამელი ცხოველი მცენარის მჭამელთან შედარებით დიდი რაოდენობით აზოტ-15-ს იღებს და კიდევ უფრო მეტს ინახავს თავის სხეულში.
კოლაგენიდან აზოტ-15-ის დონის გაზომვას 300 000 წლის წინანდელ დიეტაზე შეუძლია ზუსტი პასუხის თქმა — კბილის მინანქარი უფრო დიდხანს ძლებს. შესაბამისად, მაქს პლანკის ქიმიის ინსტიტუტის მკვლევრებმა მინანქრიდან 3 მილიონი წლის წინანდელი რაციონის გამოვლენა შეძლეს.
დადგინდა, რომ ავსტრალოპითეკებში აზოტ-15-ის შემადგენლობა იმდენივე იყო, რამდენიც ბალახის მჭამელ ცხოველებში. მეტიც, აზოტ-15-ის დონე იმდენად დაბალი იყო, რომ მკვლევრების ვარაუდით, ეს ჰომინინები ძირითადად პარკოსნებითა და ტერმიტებით იკვებებოდნენ.
კვლევის შედეგები განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან კლიმატის ცვლილებების ფონზე, ხორცის წარმოება სულ უფრო რთულდება. ამიტომ, საინტერესოა ახალი ინიციატივები, რის მიხედვითაც წითელი ხორცის ჩანაცვლება შეიძლება მწერების ხორცით მოხდეს. თუ ეს გამოსდიოდათ ადამიანის უძველეს წინაპრებს, რატომ არ შეიძლება იგივე გავაკეთოთ ჩვენც?
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები