400 მილიონი წლის წინ ვეშაპის წინაპრები ხმელეთზე ამოვიდნენ, შემდეგ კი ისევ წყალში დაბრუნდნენ

ფოტო: Wikimedia Commons
დაახლოებით 400 მილიონი წლის წინ ყველა ოთხფეხა ცოცხალი არსების წინაპარი ოკეანიდან ხმელეთზე ამოვიდა. აქედან 350 მილიონი წლის შემდეგ ვეშაპების წინაპრებმა კვლავ ოკეანეს მიაშურეს.
დღეს ვეშაპები წყლის არსებებს შორის (და არა მხოლოდ) ყველაზე დიდი და განსაცვიფრებელი ცხოველები არიან. მაინც როგორ მოახერხეს მათ ჩამოყალიბება ისეთ უზარმაზარ ძუძუმწოვრებად, როგორებადაც დღეს ვიცნობთ? ამის გასაგებად მათ ევოლუციას უნდა გავეცნოთ.
ალბათ, გაგიკვირდებათ, რომ ვეშაპების ყველაზე ახლო ცოცხალი ნათესავი ბეჰემოთია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთს გარეგნულად არ ჰგვანან და განსხვავებულ გარემოშიც ცხოვრობენ, მეცნიერული კვლევები ამ კავშირს ადასტურებს.
ბეჰემოთები 15 მილიონი წლის წინ ანთრაკოთერიუმისებრი ცხოველებისგან განვითარდნენ — ესაა ჯგუფი, რომლის წარმომადგენლებიც ხმელეთზე გვხვდებოდნენ. ვეშაპები ასეთივე არსებისგან 50 მილიონი წლის წინ წარმოიშვნენ. ორივეს საერთო წინაპარი ასევე ხმელეთზე ბინადრობდა.
ვეშაპების ერთ-ერთი უადრესი წინაპარი პაკიცეტი იყო, რომელიც 1983 წელს აღმოაჩინეს. ეს ოთხფეხა არსება ჭამდა როგორც ხმელეთის ცხოველების, ისე თევზების ხორცს. ის მაშინდელ ტეთისის ოკეანესთან ახლოს ცხოვრობდა არეალში, რომელიც დღეს პაკისტანისა და ინდოეთის ტერიტორიებს მოიცავს. ნამარხი ნიმუშები აჩვენებს, რომ მას თანამედროვე ვეშაპების მსგავსი ყურის ძვალი ჰქონდა, რომლის მეშვეობითაც შესაძლოა, ხმები წყალქვეშაც ესმოდა.
პაკიცეტის შემდეგ განვითარდნენ სახეობები, რომლებმაც წყალში გადაინაცვლეს. ერთ-ერთი მათგანი ამბულოცეტი იყო, რომელიც 50–48 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. იგი ცურვისთვის გრძელ კუდს იყენებდა, თუმცა ოთხი კიდური კვლავ ჰქონდა შემორჩენილი.
მომდევნო ეტაპზე, დაახლოებით 40–33 მილიონი წლის წინ, დორუდონტინები და ბაზილოზავრიდები გაჩნდნენ. ბაზილოზავრიდებს ძალიან პატარა უკანა კიდურები ჰქონდათ, ხოლო ნესტოები დინგისა და სასუნთქი ხვრელის ევოლუციურად გარდამავალი სახით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. დორუდონების სხეულის სიგრძე 5 მეტრს აღწევდა. მათ ასევე 4 პატარა კიდური და ფარფლები ჰქონდათ. ისინი მთელ დროს წყალში ატარებდნენ.
დროთა განმავლობაში დორუდონის შთამომავლები თანამედროვე ვეშაპებად იქცნენ. დაახლოებით 34 მილიონი წლის წინ უკბილო ვეშაპები ჩამოყალიბდნენ, ხოლო სხვებმა კბილები შეინარჩუნეს. ისინი ცელნამგალა ვეშაპებად, კაშალოტებად და დელფინებად განვითარდნენ.
გენეტიკური კვლევები აჩვენებს, რომ ვეშაპებმა არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ გენეტიკური ცვლილებებიც განიცადეს. მაგალითად, მათ დაკარგეს ნერწყვის გამომუშავების უნარი, რომელიც წყალქვეშ კვებისთვის არც არის საჭირო. ასევე, კბილებიან ვეშაპებს სუნისა და გემოს აღქმის გენები თითქმის სრულად გაუქრათ.
ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რომ ვეშაპებმა დღემდე ევოლუციის დიდი გზა განვლეს — ხმელეთზე მცხოვრები პატარა არსებიდან მსოფლიოში უდიდეს ზღვის ცხოველებამდე.
კომენტარები