ჩინეთის "ხელოვნურმა მზემ" ახალი რეკორდი დაამყარა, რაც უსაზღვრო სუფთა ენერგიის მიღების გზაზე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

მოწინავე ექსპერიმენტული ზეგამტარული ტოკამაკი (EAST) თერმობირთვული სინთეზის რეაქტორია, რომელშიც 20 იანვარს მდგრადი და სტაბილური პლაზმა 1 066 წამის განმავლობაში შეინარჩუნეს. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აჭარბებს მის წინა რეკორდს, რომელიც 403 წამი იყო.

ამგვარ ტოკამაკებს "ხელოვნურ მზეს" უწოდებენ, რადგან მათში ენერგია მზის მსგავსად წარმოიქმნება: მაღალი ტემპერატურისა და წნევის გამოყენებით ორი მსუბუქი ატომის შერწყმითა და ერთი მძიმე ატომის მიღებით. ჩვენი ვარსკვლავის წნევა რეაქტორებისას აღემატება, ამიტომ მეცნიერები ამის კომპენსირებას რამდენიმე ათასჯერ უფრო მაღალი ტემპერატურით ცდილობენ.

ბირთვული სინთეზი ენერგიის ფაქტობრივად შეუზღუდავი წყაროს მიღების პოტენციალს გვთავაზობს, რომელიც სათბურის აირებს არ გამოყოფს და ბირთვულ ნარჩენსაც თითქმის არ ტოვებს. მეცნიერები ამ ტექნოლოგიაზე უკვე 70 წელზე მეტია, მუშაობენ. ამის მიუხედავად, პროგრესი საკმარისად სწრაფად მაინც არ მიმდინარეობს იმისთვის, რომ კლიმატის კრიზისის პრობლემის დროულად გადაჭრა უზრუნველყოს. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ბირთვული სინთეზით ენერგიას უახლოეს ათწლეულებში მივიღებთ, თუმცა იმასაც არ გამორიცხავენ, რომ ლოდინი შედარებით დიდხანს მოგვიწიოს.

ჩინეთის რეაქტორი პლაზმის ხანგრძლივი წვის შესანარჩუნებლადაა შექმნილი. ასეთ ტოკამაკებში ჯერ ვერ მიიღწევა ისეთი მდგომარეობა, რომლის შედეგადაც ბირთვული სინთეზი საკუთარ ენერგიაზე დაიწყებს მუშაობას. EAST-ის ახალი რეკორდიც სათანადო სუფთა ენერგიის მიღებამდე ჯერ კიდევ შორსაა, მაგრამ ეს ბირთვული სინთეზით ელექტროენერგიის გამომუშავებასთან გვაახლოებს.

მსოფლიოში EAST-ის მსგავსი რამდენიმე რეაქტორია, რომლებიც ამჟამად მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე გამოიმუშავებს. მიზანია, რომ პირიქით მოხდეს. 2022 წელს აშშ-ის National Ignition Facility-ის რეაქტორმა განსხვავებული მეთოდის გამოყენებით სასურველ მდგომარეობას მცირე ხნით მიაღწია, მაგრამ მთლიანობაში მან მაინც უფრო მეტი ენერგია დახარჯა, ვიდრე წარმოქმნა.

ტოკამაკის ტიპის რეაქტორები, მათ შორის EAST, ყველაზე გავრცელებული სინთეზური მოწყობილობებია. EAST პლაზმას აცხელებს და მძლავრი მაგნიტური ველების საშუალებით დონატის ფორმის კამერაში ინახავს. ბოლო რეკორდისთვის მეცნიერებმა რეაქტორში რამდენიმე განახლება შეიტანეს, მათ შორის გათბობის სისტემის სიმძლავრის გაორმაგება. EAST-ის მიერ მოპოვებული მონაცემები სხვა რეაქტორების განვითარებასაც დაეხმარება როგორც ჩინეთში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

ჩინეთი საერთაშორისო თერმობირთვული ექსპერიმენტული რეაქტორის (ITER) პროგრამაშიც მონაწილეობს, რომელიც ათეულობით ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, იაპონიას, სამხრეთ კორეასა და რუსეთს. ITER სამხრეთ საფრანგეთში შენდება, მსოფლიოში ყველაზე ძლიერ მაგნიტს შეიცავს და მისი ამუშავება 2039 წელს იგეგმება. ეს იქნება ექსპერიმენტული ინსტრუმენტი, რომელიც მდგრადი სინთეზის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.