WHO-მ საქართველო მალარიისაგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა — რას ნიშნავს ეს

ფოტო: Reuters / Denis Balibouse
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) საქართველო ოფიციალურად აღიარა მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად. ამას ჰანს კლუგე, WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი, გამოეხმაურა და სახელმწიფოს სერტიფიცირება მოულოცა.
"გილოცავთ, საქართველო! ეს მიღწევა მდგრადი ინვესტირების, ჯანდაცვის მუშაკების თავდადებისა და იმ მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგია, რომელიც მალარიის ყველა შემთხვევის პრევენციის, ადრეული დიაგნოსტირებისა და ეფექტიანი მკურნალობის კუთხით იქნა გაღებული", — პლატფორმა X-ზე დაწერა ჰანს კლუგემ.
რეგიონული ოფისის დირექტორის განმარტებით, მალარიის აღმოფხვრის სერტიფიკატი WHO-ს მხრიდან ოფიციალური განაცხადია იმისა, რომ ქვეყანა ამ დაავადებისაგან თავისუფალია. მისი თქმით, ეს სტატუსი მაშინ გაიცემა, როცა სახელმწიფო ზუსტ და სარწმუნო მტკიცებულებებს წარმოადგენს იმის საჩვენებლად, რომ მალარიის კოღოებისაგან დაავადების ადგილობრივი გადაცემა ქვეყანაში ბოლო სამი წლის განმავლობაში სრულად აღიკვეთა. გარდა ამისა, ქვეყანამ უნდა წარმოაჩინოს ისიც, რომ მალარიის ხელახლა გაჩენის პრევენცია შეუძლია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) განცხადებით, აღნიშნული სტატუსის მისაღებად საქართველომ განაცხადი 2024 წლის აგვისტოში შეიტანა.
ცნობისთვის, WHO-ს მიხედვით, მალარია მძიმე დაავადებაა, რომელსაც Plasmodium გვარის პარაზიტები იწვევს. ამ ორგანიზმებს უკვე ინფიცირებული მდედრი ანოფელესები (იგივე მალარიის კოღოები) ნაკბენით ავრცელებენ ადამიანებზე. მსუბუქ შემთხვევებში დაავადება მაღალ ტემპერატურას, შემცივნებასა და თავის ტკივილს იწვევს. მძიმე სიმპტომები შეიძლება იყოს: დაღლილობა, კრუნჩხვები და სუნთქვის გაძნელება. გართულებულ შემთხვევებში, შესაძლოა, ამას სიკვდილიც მოჰყვეს.
ეს დაავადება ძირითადად მსოფლიოს ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში გვხვდება. NCDC-ს მიხედვით, საქართველოში იგი ადრე საკმაოდ გავრცელებული იყო. ტროპიკული მალარია ქვეყანაში 1954 წლიდან აღმოიფხვრა და მას შემდეგ მხოლოდ შემოტანილი შემთხვევები დაფიქსირებულა. ადგილობრივი დაავადების სახით სამდღიური მალარია საქართველოში პირველად 1970 წლისათვის მოისპო, თუმცა 1996 წლიდან ის კვლავ გავრცელდა უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოში, აზერბაიჯანთან მოსაზღვრე რაიონებში.
როგორც ჰანს კლუგემ აღნიშნა, საქართველოს მხრიდან დაავადებისაგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მოპოვება "WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია იმისაკენ, რომ ევროპა მალარიისაგან თავისუფალი პირველი რეგიონი გახდეს მსოფლიოში".
კომენტარები