ნახეთ: ორიონის ნისლეულში მდებარე ახალგაზრდა ვარსკვლავი უჩვეულო ნაკადს გამოყოფს
მეცნიერებმა ჩილეში მდებარე ძალიან დიდი ტელესკოპის სპექტროსკოპის MUSE მეშვეობით ორიონის ნისლეულში განლაგებული ახალგაზრდა ვარსკვლავის მიერ გამოყოფილი უჩვეულო ნაკადი დააფიქსირეს.
ჩვენგან დაახლოებით 1 350 სინათლის წლით დაშორებული ობიექტი, სახელად 244-440, მატერიას S-ის ფორმით აფრქვევს, რითაც ის ბაღის სარწყავიდან გამოშვებულ წყლის ნაკადს მოგვაგონებს. ამგვარი მრუდი მიანიშნებს, რომ ერთმანეთის გარშემო მოძრავ 2 მნათობთან გვაქვს საქმე, მათი ურთიერთქმედება კი, სავარაუდოდ, გამოთავისუფლებული მატერიის ტრაექტორიაზე ახდენს გავლენას.
მეორე პოტენციური ახსნა ორიონის უზარმაზარ ღრუბელში არსებული სხვა ვარსკვლავების რადიაციაა, რომელიც შესაძლოა, 244-440-ისთვის დამახასიათებელი ნაკადის ზემოხსენებულ ფორმას განაპირობებდეს. ამ ობიექტის გარშემო ფოტოზე წითელი მწვანე და ლურჯი აირი მოჩანს, რომელიც რკინას, აზოტსა და ჟანგბადს შეესაბამება.
მათი გადანაწილება MUSE-ის მეშვეობით გამოვლინდა, რომელიც აირის შემადგენლობის შესწავლისა და მკაფიო სურათების გადაღების საშუალებას იძლევა. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდება.
კომენტარები