რისგან შედგება მთვარის ბირთვი —კვლევა
კვლევის შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მთვარის შიდა ბირთვი, ფაქტობრივად, მყარი ბურთია — რკინასავით მკვრივი. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ეს იმ ხანგრძლივ დებატებს დაასრულებს, რომელიც მთვარის შიდა კონსისტენციასთან დაკავშირებით იყო. ამან მთვარის ისტორიაზეც უნდა გვითხრას მეტი.
"ჩვენი შედეგები მნიშვნელოვანია, რადგან ის მოიცავს ინფორმაციას მთვარის ასტეროიდებით დაბომბვის შესახებ. ეს ეხება მზის სისტემის პირველ მილიარდ წელს", — წერს ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს ასტრონომი არტურ ბრიო, საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრიდან.
მზის სისტემის ობიექტების შიდა შემადგენლობის გამოკვლევა ყველაზე ეფექტურად სეისმური მონაცემების საშუალებით ხდება. მიწისძვრების შედეგად წარმოქმნილი აკუსტიკური ტალღების დაჭერა მეცნიერებს ობიექტის ინტერიერის დეტალური რუქის შექმნაში ეხმარება.
ჩვენ მთვარის სეისმური მონაცემები აპოლოს მისიის მიერ შეგროვებული მასალისგან გვაქვს, მაგრამ მისი გარჩევადობა ძალიან დაბალია იმისთვის, რათა ზუსტად განვსაზღვროთ შიდა ბირთვის მდგომარეობა. მეცნიერებმა იციან, რომ არსებობს თხევადი გარე ბირთვი, მაგრამ რას მოიცავს ის, კვლავ დებატების საკითხია.
საკითხში ერთხელ და სამუდამოდ გასარკვევად, ბრიომ და მისმა კოლეგებმა შეაგროვეს მონაცემები კოსმოსური მისიებიდან, რათა შეედგინათ მთვარის სხვადასხვა მახასიათებლების პროფილი. მათ შორისაა დეფორმაციის ხარისხი დედამიწასთან გრავიტაციული ურთიერთქმედებით.
შემდეგ მკვლევრებმა ჩაატარეს მოდელირება სხვადასხვა ძირითადი ტიპებით, რათა ეპოვათ რომელი ემთხვეოდა ყველაზე მეტად მონაცემებს.
შედეგად, გაკეთდა რამდენიმე საინტერესო აღმოჩენა. მოდელები, რომლებიც ყველაზე მეტად წააგავდა იმას, რაც ჩვენ ვიცით მთვარის შესახებ, აღწერს აქტივობას თანამგზავრის მანტიის სიღრმეში. ეს ნიშნავს, რომ მთვარის შიგნით უფრო მკვრივი მასალა ცენტრისკენაა და ნაკლებად მკვრივი მასალა შედარებით მაღლა.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მთვარის ბირთვი ძალიან ჰგავს დედამიწისას — გარე სითხის ფენით და მყარი შიდა ბირთვით. მოდელირების მიხედვით, გარე ბირთვს დაახლოებით 362 კიომეტრის რადისუი აქვს, ხოლო შიდა ბირთვის რადიუსი 258 კილომეტრია. ეს მთვარის მთელი რადიუსის დაახლოებით 15 პროცენტია.
მეტიც, ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ შიდა ბირთვის სიმკვრივე კუბურ მეტრზე დაახლოებით 7822 კილოგრამია. ეს ძალიან ახლოსაა რკინის სიმკვრივესთან.
ჩვენ ვიცით, რომ მისი ჩამოყალიბებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, მთვარეს ჰქონდა ძლიერი მაგნიტური ველი, რომელმაც კლება დაიწყო დაახლოებით 3,2 მილიარდი წლის წინ. ასეთი მაგნიტური ველი წარმოიქმნება ბირთვში მოძრაობით და კონვექციის შედეგად.
იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლისთვის ადამიანი მთვარეზე ბრუნდება, ამ შედეგების სეისმურ გადამოწმებას მალევე უნდა ველოდოთ.
კვლევა Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები