საბჭოთა მედიის “მცველები”
თბილისიდან 50-მდე კილომეტრში, ბაზალეთთან ახლოს მდებარეობს იდუმალებით მოცული დასახლება, რომელსაც არც სახელი აქვს და არც რუკაზეა მითითებული. ადგილობრივები მას “რადიოსადგურ ნომერ 5”-ად მოიხსენიებენ.
1950-იან წლებში აქ მთელი საბჭოთა კავშირიდან 100-მდე ადამიანი ჩუმად ჩამოასახლეს ერთადერთი მიზეზით - კავკასიაში ჩაეხშოთ ის რადიოტალღები, რომლებიც ანტისაბჭოურად აღიქმებოდა. ესენი იყო “ბი-ბი-სი”, ამერიკის ხმა, რადიო თავისუფლება, ისრაელის ხმა, “დოიჩე ველე”, ვატიკანის რადიო და ასევე ის სოციალისტური გამოცემები, რომლებიც საბჭოთა კავშირის მიმართ კრიტიკულები იყვნენ - ალბანეთისა და ჩინეთის რადიოები.
რადიოსადგური ნომერი 5 ერთ-ერთი იყო საბჭოთა კავშირში არსებულ ბევრ მსგავს დაწესებულებას შორის. დღეს, საბჭოთა კავშირის დაშლიდან თითქმის 26 წლის შემდეგ, ეს დაწესებულება და მის მახლობლად მდებარე დასახლება აღარ არის საიდუმლო - ახლა უკვე მხოლოდ მივიწყებულია. ყოფილი თანამშრომლები კვლავ ამ ადგილას ცხოვრობენ, მაგრამ მათი მთავარი საქმიანობა, საბჭოთა მოქალაქეების მტრული პროპაგანდისგან დაცვა, უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა.
რადიოსადგურის მიმდებარე დასახლებაში თანამშრომლები, ძირითადად კომუნიკაციის სპეციალისტები და რადიო-ინჟინრები, დიდწილად იზოლაციაში ცხოვრობდნენ. მთელი დასახლება ერთადერთ საფოსტო ყუთს (ნომერი 22) იყოფდა და ეს იყო დანარჩენ სამყაროსთან კომუნიკაციის მათი მთავარი, თუ არა ერთადერთი, საშუალება. გარეშე პირები თავად რადიოსადგურში შეღწევაზე ვერც იოცნებებდნენ, რადგან მას 24-საათიანი დაცვა ჰყავდა და ყოველ შესვლაზე საგულდაგულოდ ამოწმებდა საშვებს.
იმის მიუხედავად, რომ თანამშრომლებს თავიანთი დასახლების დატოვება შეეძლოთ, ის განგებ ისე იყო მოწყობილი, რომ ამის საჭიროება დიდად არ ჰქონოდათ. იქვე იყო ბაღი, სკოლა, კინო-თეატრი, სპორტული დარბაზი და სხვა. ამასთან, თანამშრომლებს წელიწადში რამდენჯერმე ეკუთვნოდათ ექსკურსიები და შვებულება - ყველაფერი ეს უფასოდ, მაგრამ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
დასახლება არამხოლოდ ფიზიკურად, არამედ პოლიტიკურადაც იზოლირებული იყო. რადიოსადგური განკარგულებებს პირდაპირ მოსკოვიდან იღებდა. ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომლის თქმით, ამ რადიოსადგურის არსებობა თბილისშიც კი არ იცოდნენ.
რადიოსადგურის თანამშრომლებს წინასწარ ჰქონდათ გაწერილი გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ახშობდნენ მტრულ რადიოსიგნალებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ოლეგ პანფილოვის თქმით, რადიოსადგური ნომერი 5 და სხვა მსგავსი დაწესებულებები მთელს საბჭოთა კავშირში ახერხებდნენ, ჩაეხშოთ დასავლური რადიომაუწყებლების დაახლოებით 40-60%.
1953 წელს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფინანსებულმა რადიო თავისუფლებამ მეტი პოპულარობა მოიპოვა საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და ქართულენოვანი სამსახურიც გახსნა, საბჭოთა კავშირი შეეცადა, დაეხვეწა თავისი ტაქტიკა. რადიოსადგური ნომერი 5 მაშინ უკვე არამხოლოდ ცენზურისთვის გამოიყენებოდა, არამედ საბჭოთა რადიოტალღების გავრცელებისთვისაც.
თანამშრომლებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოესმინათ იმ “ანტი-საბჭოთა პროგრამებისთვის", რომლებსაც ახშობდნენ. მაგრამ, როგორც დღეს ირკვევა, ცოტამ თუ შეძლო, გაეძლო ცდუნებისთვის.
იმის მიუხედავად, რომ საბჭოთა კავშირი წარმატებით ახერხებდა თავისი მოქალაქეების მტრული პროპაგანდისგან “დაცვას”, პროფესორი პანფილოვი იხსენებს, რომ დასავლური რადიო პროგრამების მოსმენა მაინც იყო შესაძლებელი. მას კარგად ახსოვს, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას, როგორ მიდიოდა მთებში თავის მშობლიურ ტაჯიკეთში, რომ “მტრის ხმებისთვის” მოესმინა. თავის დროზე საბჭოთა დისიდენტები უცხოური პროგრამების მოსმენისას ჩანაწერებს აკეთებდნენ და საიდუმლოდ ავრცელებდნენ. ამ და მსგავსი აქტივობებისთვის სასჯელი ხშირად ციხე იყო.
ეგრეთ წოდებული გლასნოსტის დროს დაბრკოლებები შემცირდა. უცხოური რადიომაუწყებლების დახშობა 1988 წელს დასრულდა.
საბჭოთა კავშირის დანგრევიდან სამ წელიწადში, საქართველოს რადიოსადგური ნომერი 5 მუშაობას აგრძელებდა, მხოლოდ როგორც რადიოტალღების გამარვცელებელი დაწესებულება. შემდეგ რადიოსადგურის შენობა თავისუფალი უნივერსიტეტის ტრენინგ-ცენტრად გადაკეთდა. რადიოსადგურის ყოფილი თანამშრომლები, რომ რადიოსადგურის მუშაობის შეჩერება მათ გაუფრთხილებლად მოხდა და ამისთვის კომპენსაციაც არ მიუღიათ.
დღეს აქ დაახლოებთ 50 ოჯახი ცხოვრობს. ყოფილი თანამშრომლები ჩივიან, რომ საქართველოს ყველა მთავრობამ უყურადღებოდ დატოვა. იმისთვის, რომ სახელმწიფო დახმარება მიიღონ, სურთ, რომ თავიანთი დასახლება სოფლად იყოს აღიარებული - ან შევიდეს ბაზალეთის შემადგენელ ტერიტორიაში.
დასახლებაში არსებული სკოლა უკვე აღარ ფუნქციონირებს. ადგილობრივი ბავშვები ძირითადად დუშეთის სკოლაში დადიან.
დღეს რადიოსადგურ ნომერ 5-ში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს. თავისუფალი დროის გასატარებლად და წარსულის გასახსენებლად ყოფილი თანამშრომლები ხშირად ეზოში იკრიბებიან.
ჭყონია აფრანიკი, 80 წლის, რადიოსადგურის მახლობლად არსებული ელ-ცეხის უფროსი:
“ჯერ თბილისში დავამთავრე რადიოკომუნიკაციების ინსტიტუტი, საიდანაც აქ გამომიშვეს სამუშაოდ. შემდგომ განათლება მოსკოვშიც მივიღე და დავბრუნდი რადიოსადგურში. მაშინ ხშირად მივყავდით სასწავლად ან პრაქტიკებზე მოსკოვსა და ლენინგრადში. აქვე დავქორწინდი ერთ-ერთ სპეციალისტზე.
რადიოსადგურის მშენებლობის დასრულების შემდეგ პირველი სპეციალისტები რუსეთიდან, ბალტიისპირეთიდან და უკრაინიდან მოიწვიეს, რათა ტექნიკურად გაემართათ სადგური და ქართველი ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის ესწავლებინათ ადგილზე მუშაობა. უმრავლესობა სამ წელში უკან წავიდა, თუმცა ზოგი აქ დაქორწინდა და დარჩა. რადიოსადგურში დასაქმებული იყო 100-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან იყვნენ და საბოლოოდ აქ დაიდეს ბინა. ერთ დროს 42-რადიოანძიანი სადგური დღეს აღარ არსებობს.”
ცირა ჩხიკვაძე, 75 წლის, რადიო ტექნიკოსი
“რადიოსადგურში მუშაობა იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენ გვქონდა მკაცრად კონტროლირებადი სამსახური. სანამ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, ბრძანებებს პირდაპირ მოსკოვიდან ვიღებდით. დასახლებიდან რადიო ზონაში შესასვლელად საჭირო იყო გამშვები პუნქტის გავლა სადაც აუცილებლად გამოწმებდა დაცვა. იმის მიუხედავად, რომ წლების განმავლობაში აქ ვცხოვრობდით და ვმუშაობდით, არასდროს ვყოფილვარ სამსახურში საშვის გარეშე. უცხოებისთვის იქ შეღწევა შეუძლებელი იყო."
"მეტსაც გეტყვით, დუშეთის რაიკომის მდივანი რომ გვეწვია დასახლებაში, მანაც კი არ იცოდა რისთვის ვმუშაობდით ჩვენ აქ. თუ ვინმეს წერილის გამოგზავნა უნდოდა, გვქონდა ასეთი მისამართი, "საფოსტო ყუთი 22“ - ეს იყო ერთადერთი საშუალება, რომ წერილი მიგეღო."
თანამშრომლების ფოტოებს, თუ ნახავთ, არც ერთი არაა არის აქ გადაღებული, რადგან ეს აკრძალული იყო. მაგრამ ხშირად დავდიოდით ექსკურსიებზე, დასასვენებლად, პრაქტიკებზე...
სამწუხაროა, რომ ჩვენ, ვინც ათეულობით წლები ვიმუშავეთ ამ აკრძალულ სოფელში, პენსია არ გაქვს სტაჟის მიხედვით. პროფკავშირებშიც ვიხდიდი საწევროს...ვინ წარმოიდგენდა ასეთი დრო თუ მოვიდოდა."
აზა სამნიაშვილი, 84 წლის, მთავარი ბუღალტერი
"დღემდე მახსოვს ჩემი პირველი სამსახურის პირველი დღე. 1955 წლის 9 სექტემბერს მოვედი აქ. მას შემდეგ რამდენიმე პოზიციაზე ვიმუშავე, როგორც კომუნიკაციების სპეციალისტად, ასევე ბუღალტრად. მშვენიერი ცხოვრება გვქონდა. დასახლებიდან გასვლა არასდროს გვიწევდა. ყველაფერი აქ იყო: დაწყებითი სკოლა, ბაგა-ბაღი, კინო, მუშათა სასადილო, ამბულატორია, მაღაზია. მათგან ახლა მხოლოდ კედლები დარჩა.
იმის მიუხედავად, რომ ჩვენთვისაც აკრძალული იყო მტრების მოსმენა, მაინც ვახერხებდით ხოლმე ამას. ამის გამო მიგვიღია მკაცრი გაფრთხილება, ხელფასის დაკლება და სხვა სასჯელები. რთულია ერთდროულად გესმოდეს ხმა და მას ახშობდე სხვისთვის."
დათო დოლიშვილი, 53 წლის, ცვლის უფროსი
“ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც დავიწყე მუშაობა რადიოსადგურში, სადაც მუშაობდა დედაჩემი. ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ ეს არ იყო რიგითი სოფელი, რომელიც სხვების მსგავსია.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უცხოურ რადიოებზე ცენზურა მოიხსნა, თუმცა რადიოტალღების გავრცელებისთვის სადგური კვლავ აგრძელებდა მუშაობას. მახსოვს, როდესაც თბილისის სამოქალაქო ომი დაიწყო, ზვიად გამსახურდია ბუნკერში იყო. აჯანყებულებმა დაიკავეს რადიოცენტრის შენობა, თუმცა არ იცოდნენ ჩვენი არსებობის შესახებ. პრეზიდენტმა ბუნკერიდან გამოგვიგზავნა ჩანაწერი და ჩვენი რადიოსადგურის მეშვეობით მიულოცა დამდეგი ახალი წელი მოსახლეობას.”
ზვიად ლაფაური, 38 წლის, რადიოსადგურის ყოფილი თანამშრომლის შვილი
"დამწუხრებული ვარ იმით, როგორც მოხდა რადიოსადგურის განადგურება 2005 წელს. ყველა თანამშრომელი ისე გაათავისუფლეს, რომ პირადი ნივთებიც კი ვერ წამოიღეს სამსახურიდან. ყველა ანძის დემონტაჟი გააკეთეს და ჯართში ჩააბარეს აპარატურა. რადიოსადგური, კი კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტის [თავისუფალი უნივერსიტეტის] ტრენინგ-ცენტრად გადააკეთეს. [მაშინდელი] ეკონომიკის მინისტრი დაპირდა რადიოსადგურის მოსახლეობას, რომ აღადგენდა გზას, რომელიც ტრენინგ-ცენტრის მოწყობისთვის სატვირთო მანქანების ხშირმა მიმოსვლამ გაანადგურა, თუმცა დაპირება არ შეუსრულებია. გაზიც კი, მხოლოდ 2009 წელს მივიღეთ.
რადიოსადგურის მოსახლეობა დღემდე ვითხოვთ, რომ მოგვენიჭოს სოფლის სტატუსი, ან მიგვაერთონ რომელიმე მახლობელ სოფელთან. ყოველი მთავრობა წინასაარჩევნოდ გვპირდებოდა ამას, თუმცა დღესაც, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის დროს, რადიოსადგური ნომერი 5 არც ერთ რუკაზე არ ფიქსირდება.
არავის ესმის ჩვენი ხმა, ნეტა ოდესმე თუ გვიარსებია?"
კომენტარები