მარსზე გაშვებულმა ვერტმფრენმა პლანეტის გასაოცარი ხედი და NASA-ს მავალი გადაიღო
ახლახან NASA-ს მიერ წითელ პლანეტაზე გაშვებულმა ვერტმფრენმა Ingenuity-იმ ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე რიგით 51-ე ფრენა წარმატებით შეასრულა. მან მარსის გასაოცარი ლანდშაფტი დააფიქსირა, მაგრამ ეს ყველაფერი არაა — მის ობიექტივში მავალი Perseverance-იც მოხვდა, რომელიც აპარატმა 12 მეტრი სიმაღლიდან გადაიღო.
NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიამ ახალი გამოსახულება Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე 25 აპრილს გამოაქვეყნა. პოსტში ნათქვამია, რომ Ingenuity-ის ფრენა 136.89 წამს გაგრძელდა და მან ამ დროის განმავლობაში 188 მეტრი დაფარა.
ეს ორი აპარატი მარსზე ერთმანეთის შთამბეჭდავ კადრებს აფიქსირებს. მაგალითად, გასულ კვირას Perseverance-მა Ingenuity გადაიღო, რომლის როტორებზეც მტვრის თხელი ფენა გამოჩნდა. რაც შეეხება თავად ვერტმფრენს, მისი 50-ე ფრენა უკანასკნელ მისიამდე 9 დღით ადრე შედგა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად წითელი პლანეტის ცაზე მისი ასეთი ვოიაჟი სულაც არ იგეგმებოდა, რადგან მარსის ატმოსფეროში ის 5-ჯერ უნდა აჭრილიყო, რათა იქ ფრენის შესაძლებლობა შეემოწმებინა.
პირველად ის 2021 წლის აპრილში აფრინდა და მას შემდეგ მსგავსი მისია არაერთხელ განახორციელა, თანაც ყოველ ჯერზე ზედაპირზე წარმატებით ეშვება და მანძილისა თუ სიჩქარის საკუთარსავე რეკორდებს აუმჯობესებს. უნდა ითქვას ისიც, რომ მარსსა და დედამიწას შორის არსებული დისტანციის გამო Ingenuity-ის აქედან პირდაპირ ვერ ვმართავთ, ამიტომ ის წინასწარ განსაზღვრული ტრაექტორიით ავტომატურად გადაადგილდება და Perseverance-ს საინტერესო ადგილების აღმოჩენაში ეხმარება.
Perseverance მარსზე სიცოცხლის კვალის მოძიებას ცდილობს და პლანეტის წარსულს იკვლევს. ამისთვის ის იქაურ ქვებსა თუ გრუნტს აანალიზებს და ნიმუშებსაც აგროვებს, რომლებსაც დედამიწაზე ჩამოვიტანთ.
ეს NASA-სა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი მისიის ფარგლებში მოხდება. ამისთვის წითელ პლანეტაზე, სავარაუდოდ, დამატებით ვერტმფრენებს გაუშვებენ, რათა მავალის მიერ დატოვებული ნიმუშები მოვიპოვოთ, რის შემდეგაც დედამიწაზე მათი ტრანსპორტირებისთვის სპეციალურ ზონდს გამოიყენებენ. გეგმის მიხედვით, ეს გეოლოგიური მასალა ჩვენამდე 2033 წელს მოაღწევს.
კომენტარები