რატომ და როგორ განვითარდა თვალების დახამხამების უნარი? — ახალი კვლევა
თვალების დახამხამება მხედველობის ორგანოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ამ გზით ცხოველები ისუფთავებენ და იცავენ თვალებს და ამყარებენ კომუნიკაციას. მაგრამ როგორ და რატომ წარმოიშვა ეს უნარი? Georgia Institute of Technology-ის, Seton Hill University-ისა და Pennsylvania State University-ის მკვლევრებმა შეისწავლეს ხტუნიასებრნი (Periophthalmidae) — ამფიბიური თევზები, რომლებიც დღის უმეტეს ნაწილს ხმელეთზე ატარებენ და, სხვა თევზებისგან განსხვავებით, თვალებს ახამხამებენ — რათა უკეთ გაეგოთ, რატომ არის თვალების დახამხამება ასეთი მნიშვნელოვანი ხმელეთზე მცხოვრები ორგანიზმებისთვის და ზუსტად როდის განვითარდა ეს უნარი.
"ხტუნიასებრნის ანატომიისა და ქცევის შედარებით ადრეული ტეტრაპოდების ნამარხებთან, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ თვალის დახამხამება ორივე ჯგუფში გაჩნდა, როგორც ხმელეთზე ცხოვრებისადმი ადაპტაცია", — ამბობს ტომ სტიუარტი, ნაშრომის ავტორი. "ეს შედეგები დაგვეხმარება, გავიგოთ ჩვენი საკუთარი ბიოლოგია და დავსვათ ახალი კითხვების მთელ რიგ ცოცხალ სახეობებში თვალების ხამხამის მრავალფეროვნების შესახებ."
ხტუნიასებრნი თვალებს ახამხამებენ მათი ბუდეში მთლიანად ჩაწევის გზით. თუმცა ამგვარი ქცევის განვითარება არ მოითხოვდა მრავალი ახალი ნაწილის, მაგალითად, ახალი კუნთებისა თუ სპეციალური ჯირკვლების, ევოლუციას. სამაგიეროდ, ხტუნიასებრნი ახლებურად იყენებენ თვალის კუნთების არსებულ კომპლექტს.
"ეს ძალიან საინტერესოა, რამდენადაც გვიჩვენებს, რომ ახალი, რთული ქცევის ევოლუცია შეიძლება მიღწეულ იქნას სტრუქტურების შედარებით რუდიმენტული ნაკრების გამოყენებით", — აღნიშნავენ მკვლევრები.
შემდეგ, მკვლევრებმა სცადეს, დაედგინათ თუ რატომ ახამხამებენ ხტუნიასებრნი თვალებს. ექსპერიმენტების საფუძველზე, მათ გაარკვიეს, რომ ეს არსებები თვალებს ახამხამებენ სამი მთავარი ფუნქციით: თვალის დასასველებლად, გასაწმენდად და დასაცავად. ადამიანები და ხმელეთზე მცხოვრები სხვა ხერხემლიანებიც სწორედ ამავე მიზნით ახამხამებენ თვალებს.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ თვალების დახამხამების საკითხი უნიკალური საკვლევი თემაა, რადგან იგი არა მხოლოდ გვიჩვენებს ერთი ქმედებით შესრულებულ სამ კომპლექსურ ფუქნციას, არამედ დაგვეხმარება, ხელახლა შევაფასოთ ის ადაპტაციები, რომლებიც აუცილებელი იყო ხერხემლიანთა ევოლუციურ ისტორიაში ძირითადი ტრანზიციებისთვის.
კომენტარები