DeepMind-ის CEO-ს თქმით, AI შეიძლება ცნობიერი გახდეს
ტექნოლოგიების ბაზარზე ChatGPT-ის გამოჩენის შემდეგ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმა არ წყდება. ბევრი იმასაც ამტკიცებს, რომ AI-მ შეიძლება თვითცნობიერებაც კი შეიძინოს. როგორც ჩანს, ამ მოსაზრებას Google-ის შვილობილი კომპანიის, DeepMind-ის, აღმასრულებელი დირექტორი დემის ჰასაბისიც იზიარებს. CBS' 60 Minutes-თან მიცემულ ინტერვიუში მან აღიარა, რომ AI, შესაძლოა, სწორედ ამ მიმართულებით მიდიოდეს.
"ფილოსოფოსები ცნობიერების განსაზღვრებაზე ჯერჯერობით ვერ შეჯერებულან, მაგრამ თუკი [ცნობიერებაში] მოვიაზრებთ თვითშემეცნებასა და მსგავს რაღაცებს... ვფიქრობ, არსებობს შესაძლებლობა, რომ ხელოვნური ინტელექტი ერთ დღესაც ამას შეძლებს", — აღნიშნა მან.
ჰასაბისის განცხადება განსაკუთრებით გასათვალისწინებელია იმის ფონზე, რომ გასულ წელს გუგლმა გაათავისუფლა ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი ბლეიკ ლემოინი მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ კომპანიის LaMDA დიდი ენობრივი მოდელი მგრძნობიარე გახდა.
ასევე იხილეთ: რომელი 3 თვისება უნდა ჰქონდეს ხელოვნურ ინტელექტს, რომ ის მგრძნობიარედ მივიჩნიოთ?
ლემოინი ერთადერთი ადამიანი არაა, რომელიც ვარაუდობს, რომ დიდი ენობრივი მოდელები ან უკვე იძენენ ადამიანის მსგავს შემეცნებით თვისებებს, ან მალე მიაღწევენ ამ დონეს.
LaMDA-ს აურზაურამდე თვეებით ადრე, OpenAI-ის მთავარმა მკვლევარმა, ილია სუცკევერმა, Twitter-ზე დაპოსტა, რომ "შეიძლება ითქვას, დღევანდელი დიდი ნეირონული ქსელები ოდნავ ცნობიერია". მისმა განცხადებამ ასევე წარმოშვა დებატები იმის თაობაზე, რამდენად შეუძლია AI-ის ცნობიერების მოპოვება და მივა თუ არა იგი ამ ეტაპამდე.
სულ რაღაც გასულ კვირაში კი, Oxford-ის ხელოვნური ინტელექტის ცნობილმა მკვლევარმა, ნიკ ბოსტრომმა, ასევე აღნიშნა, რომ გამომდინარე იქიდან, თუ როგორ განვსაზღვრავთ ცნობიერებას, "არც თუ დრამატული იქნება იმის თქმა, რომ ზოგიერთი ამ [AI] ასისტენტებიდან შეიძლება გარკვეული ხარისხის მგრძნობელობის მოპოვების კანდიდატი იყოს".
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ხელოვნური ინტელექტის ამ შესაძლებლობას სერიოზულად არ აღიქვამს, მანქანური სწავლების სფეროში მომუშავე მკვლევრები უფრო და უფრო ხშირად უჭერენ მხარს კონცეფციას, რომ მგრძნობიარე AI უკვე არსებობს ან, სულ მცირე, ჰორიზონტზეა.
კომენტარები