რომელია მზის სისტემის ყველაზე ხნიერი და ყველაზე ახალგაზრდა პლანეტა?
4.6 მილიარდი წლის წინ მზის ბირთვში წყალბადის ჰელიუმად გადაქცევის პროცესს დაედო საფუძველი, რითაც მისი ვარსკვლავური (პირდაპირი მნიშვნელობით) ცხოვრება დაიწყო. ის მატერიის დისკოთი იყო გარემოცული, სადაც წყალბადი და უფრო რთული მოლეკულები ერთიანდებოდა.
იქ არსებული მტვერი, აირი და ყინული ნელ-ნელა შეჯგუფდა და ზრდა დაიწყო. სწორედ ასე წარმოიქმნა პლანეტები, მათ შორის დედამიწა. ამის მიუხედავად, ალბათ, ზოგ თქვენგანს უფიქრია, რომელი ციური სხეული გაჩნდა პირველი და რომელი — ბოლო. შევეცდებით, გიპასუხოთ.
რომელია მზის სისტემის ყველაზე ხნიერი პლანეტა?
პლანეტა, რომელიც მზის სისტემის არსებობის პირველ 3 მილიონ წელში სხვებზე ადრე წარმოიქმნა, იუპიტერია. ესაა მიზეზი, თუ რატომაა ის ასეთი უზარმაზარი, იმდენად დიდი, რომ მისი მასა დედამიწისას 318-ჯერ აღემატება. აღსანიშნავია, რომ ამ ციური სხეულის ბარიცენტრი, ანუ მისი და მზის საერთო გრავიტაციული ცენტრი, მნათობის ზედაპირის გარეთაა.
მის შემდეგ ფორმირება აირის მეორე გიგანტმა, სატურნმა დაიწყო, რომელსაც ნეპტუნი და ურანი მოჰყვა. როდესაც ეს ორი ობიექტი ყალიბდებოდა, იუპიტერსა და სატურნს უკვე აირის დიდი ნაწილი ჰქონდა მიერთებული. უნდა ითქვას ისიც, რომ იუპიტერის თანამგზავრ კალისტოს ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში გეოლოგიურად უძველესი ზედაპირი აქვს.
რაც შეეხება მზის სისტემის შიდა პლანეტებს, ისინი ამ დროს იკვრებოდა. მყარ სხეულებს წარმოსაქმნელად უფრო დიდი დრო დასჭირდა — დაახლოებით 100 მილიონი წელი, რადგან ამ პროცესში მსგავსი კლდოვანი ობიექტები ერთმანეთს ეჯახებოდა. სავარაუდოდ, მარსმა ამჟამინდელ ზომას მალევე მიაღწია, იმაზე სწრაფად, ვიდრე დედამიწამ და ვენერამ.
რომელია მზის სისტემის ყველაზე ახალგაზრდა პლანეტა?
როგორც წესი, მყარი პლანეტების ხნიერებას კრატერების რაოდენობით ადგენენ, მაგრამ მათზე მიმდინარე გეოლოგიური ცვლილებები საქმეს ართულებს. შესაბამისად, თუ იუპიტერზე დაზუსტებით ვამბობთ, რომ უხნიერესია, ყველაზე ახალგაზრდა ციური სხეულის დასახელება ასეთი მარტივი უკვე არაა.
ამის მიუხედავად, შეგვიძლია თითოეული ობიექტის მახასიათებლებს დავაკვირდეთ და მათი ამჟამინდელი მასით ვიმსჯელოთ. ამ მხრივ ორი კანდიდატი იკვეთება: დედამიწა და ურანი. საქმე ისაა, ორივე მათგანმა წარსულში მძლავრი შეჯახებები განიცადა. მაგალითად, დედამიწა მარსის ზომის პლანეტა თეიას შეეჯახა, რის შედეგადაც მთვარე გაჩნდა. ეს დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ მოხდა. მთვარემ გამყარებას 200 მილიონი წელი მოანდომა, ჩვენს პლანეტას კი დღევანდელი სახის მისაღებად უფრო დიდი დრო დასჭირდა.
მეორე მხრივ, 3-4 მილიარდი წლის წინ, შუა პერიოდში, ურანი დედამიწის ზომის ობიექტს შეეჯახა, რამაც მასზე დიდი გავლენა იქონია, რადგან ბრუნვის ღერძი შეუცვალა და მის უცნაურ მაგნიტურ ველს დაუდო საფუძველი.
მოგეხსენებათ, პლანეტად მისაჩნევად აუცილებელი კრიტერიუმები ვრცელია, სწორედ ამის გამო დაკარგა პლუტონმა ეს წოდება. აქედან გამომდინარე, ზუსტად რაიმეს თქმა ძნელია.
კომენტარები