ნახეთ: NASA-ს მიერ დედამიწაზე სიმულირებული მარსის ბაზა, სადაც მოხალისეები 1 წელს გაატარებენ
NASA-მ ქალაქ ჰიუსტონში, ჯონსონის სახელობის კოსმოსური ცენტრი მიმდებარედ, სამგანზომილებიანი პრინტერით დაბეჭდილი ბაზა განათავსა, რომლის მიზანიც მარსის გარემოს სიმულირებაა. იქ 4 მოხალისე 1 წლის განმავლობაში იცხოვრებს და მათ მეცნიერები დააკვირდებიან.
აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოში იმედოვნებენ, რომ ამის მეშვეობით დაადგენენ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ასტრონავტებზე სხვა პლანეტაზე, კერძოდ კი მარსზე განხორციელებულმა ხანგრძლივმა მისიებმა. ყურადღება გამახვილდება ფიზიკურ ჯანმრთელობასა და ქცევაზე.
"არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გამოწვევებით სავსე, მასშტაბური და ძვირადღირებულია ეს, რადგან მსგავსი რამის გაკეთება აქ უფრო მარტივია, ვიდრე კოსმოსური ფრენისას", — აცხადებს ჯონსონის კოსმოსური ცენტრის ნუტრიციული ბიოქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი, სკოტ სმიტი.
ესაა ბაზა, რომელიც წითელი პლანეტის პირობებში ადამიანების ცხოვრების სიმულირების საუკეთესო გზაა. ის 158 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და Dune Alpha-ს სახელითაა ცნობილი. იქ განთავსებულია 4 საძინებელი, 2 საერთო საპირფარეშო, სათბური მცენარეების გასაზრდელად და სამედიცინო დანიშნულების ოთახი.
მაგრამ ეს ყველაფერი არაა — ბაზაში მცხოვრებ მოხალისეებს გასართობიც არ მოაკლდებათ, რადგან მათ განკარგულებაში იქნება როგორც სამაგიდო თამაშები, ასევე სათამაშო კონსოლები PlayStation 3 და Super Nintendo.
დროის უდიდეს ნაწილს ისინი სათბურში მცენარეების მოყვანას დაუთმობენ, რომლებითაც გამოიკვებებიან. ამასთანავე, ივარჯიშებენ და სამეცნიერო ექსპერიმენტებს ჩაატარებენ. ბაზის დატოვების შემთხვევაში ეს ადამიანები სკაფანდრებში გამოეწყვებიან და მარსის სიმულირებულ გარემოში "ექსპედიციებს" განახორციელებენ.
"როდესაც რამდენიმე ინდივიდს 1 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრებას სთხოვ, ნიშნავს, რომ მათ არა მხოლოდ ერთმანეთთან შეგუება მოუწევთ, არამედ საერთო საქმის კარგად გაკეთებაც", — ამბობს სიუზენ ბელი, ცენტრის ქცევითი ჯანმრთელობისა და ქმედითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
კომენტარები